Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართველი ჟურნალისტები, ისევე როგორც საზოგადოების დიდი ნაწილი, ინტერესით ელიან, რა


ქართველი ჟურნალისტები, ისევე როგორც საზოგადოების დიდი ნაწილი, ინტერესით ელიან, რა გადაწყვეტილებას მიიღებს პარლამენტი ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში

რუსი ცისფერჩაფხუტიანების ყოფნის შესახებ. ბუნებრივია, რომ პრესის ყურადღების ცენტრში დღეს სწორედ ეს თემა მოექცა. გთავაზობთ ქართულ გაზეთებში გამოქვეყნებული ზოგიერთი პუბლიკაციის მიმოხილვას.

”საქართველო რუსეთის დანაღმულ ველზე”, ”რუსეთი ვეღარაფერს დაგვაკლებს”, ”სამშვიდობო პროცესი რუსი სამშვიდობოების გარეშე”, ”სამშვიდობოებს კინწისკვრით ვეღარ ყრიან”, - გაზეთების პირველი გვერდებიდან ამოკრეფილი ეს სათაურებიც აჩვენებს იმ ინტერესს, რომელიც პრესას რუსი ცისფერჩაფხუტიანების კონფლიქტის ზონებში ყოფნის მიმართ აქვს. ამავე თემას ეძღვნება პოლიტოლოგ პაატა ზაქარეიშვილთან ინტერვიუ, რომელსაც ”ხვალინდელი დღე” ბეჭდავს. ექსპერტი ასეთ პროგნოზს აკეთებს: ”ალბათ, პარლამენტი, პირველ რიგში, თავისი დადგენილებით მოუწოდებს რუსეთს გაიყვანოს სამშვიდობო ძალები და ეს უკვე დიპლომატიური ნაბიჯი იქნება. პარლამენტი სამშვიდობოების გაყვანის ვადას ვერ დააწესებს, მათ ვადა უნდა მისცეს სააკაშვილმა. თუ ვადის ამოწურვის შემდეგაც არ გაიყვანა რუსეთმა თავისი ნაწილები, საქართველომ ისინი საოკუპაციო ჯარებად უნდა გამოაცხადოს და მოუწოდოს მსოფლიოს, დაიცვას საქართველო რუსეთის საოკუპაციო ჯარებისგან”, - ამბობს ზაქარეიშვილი.

”ალია” აქვეყნებს ექსკლუზიურ ინტერვიუს სამშვიდობო ძალების სარდალ მარატ კულახმეტოვთან, რომელიც შეკითხვას, დაემორჩილება თუ არა ქართული მხარის მიერ მიღებულ დადგენილებას, უპასუხებს: ”საქართველოს პარლამენტი არ არის ჩემი ხელმძღვანელობა. მე ვემორჩილები შერეულ სამშვიდობო კომისიას, მის გადაწყვეტილებებს. თუკი მათ ექნებათ ასეთი დადგენილება და ისინი მიბრძანებენ, რა თქმა უნდა...”. კულახმეტოვთან ინტერვიუს გარდა, ”ალია” წერს იმ საფრთხეებზეც, რომლებიც რუსი ცისფერჩაფხუტიანების გასვლამ შეიძლება გამოიწვიოს: ”ხიფათებს შორის სხვა ბევრის ჩამოთვლაც შეიძლება. მაგალითად, უკვე ცნობილი ხდება, რომ რუსეთში ქართველებს ვეღარ იტანენ, ისინი ლამის ნომერ პირველ მტრებად არიან გამოცხადებული. გარდა ამისა, მოსკოვს შეუძლია კონფლიქტები ააფეთქოს ან მიძინებულ რეგიონებში გააღვივოს ცეცხლი. მოსკოვი ჯერ ისევ ძლიერია. დასავლეთი, განსაკუთრებით ირანში შექმნილი ვითარების ფონზე, პუტინს უფრო მეტ ანგარიშს გაუწევს, ვიდრე სააკაშვილს, მიუხედავად იმისა, რომ ერთი დიქტატორია დასავლეთის თვალში და მეორე - გმირი დემოკრატი”, - წერს ”ალია”.

სხვა გაზეთების მსგავსად, ”რეზონანსიც” ცდილობს მოვლენების შეძლებისდაგვარად წინასწარმეტყველებას და ამისათვის, ბუნებრივია, ექსპერტებს მიმართავს, მათ შორის, აფხაზეთის უშიშროების ყოფილ შეფს - ავთანდილ იოსელიანს, რომელიც აცხადებს: ”ჩვენ რუსებისგან ყველაფერს უნდა ველოდოთ. რუსეთის სპეცსამსახურებს ყველაფრის საშუალება და მოფიქრების უნარი აქვთ. შეიძლება ისეთი სიურპრიზი მოგვიმზადონ, რასაც თავშიც ვერ გავივლებთ. ამიტომ ძალიან ფხიზლად უნდა ვიყოთ. თუ ემოციებს არ ავყვებით, არ წავაგებთ. ყველაზე საშიში კი ის აგენტურაა, რომელიც რუსებს საქართველოს ხელისუფლებასა და მოსახლეობაში ჰყავს, ამიტომაც ქართულმა სპეცსამსახურებმა ყურადღება არ უნდა მოადუნონ”, - აცხადებს იოსელიანი.

დასასრულ, თქვენს ყურადღებას შევაჩერებ ”საქართველოს რესპუბლიკაში” გამოქვეყნებულ ერთ წერილზე, რომელსაც ავტორები ხელს ასე აწერენ: ”საქართველოს უზენაესი საბჭოს წევრები: ირინე ტალიაშვილი, შალვა წიკლაური, ჯემალ შონია და ავთანდილ რცხილაძე”. ისინი წერენ: ”საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების შეურიგებელ და თანამიმდევრულ პოლიტიკას რუსეთის ხელისუფლების აგრესიის მიმართ დადებითად ვაფასებთ და მივესალმებით საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთის სამხედრო ბაზების და ე.წ. სამშვიდობო ძალების გაყვანას. მაგრამ აქვე გვინდა მკითხველს შევახსენოთ ერთი მნიშვნელოვანი კანონი, რომელიც 1991 წლის 15 სექტემბერს მიიღო უზენაესმა საბჭომ. ამ კანონის თანახმად, რუსეთის ნებისმიერი სახეობის სამხედრო ნაწილს, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზეა განლაგებული, საოკუპაციო ჯარის სტატუსი მიენიჭა. სამწუხაროდ, შემდეგში უკანონო ხელისუფლებამ, შევარდნაძის ინიციატივით, რუსეთის ჯარს ოკუპანტის სტატუსი მოუხსნა და, გაეროს დახმარებით, მან სამშვიდობო ძალების დატვირთვა შეიძინა, რაც ყოვლად გაუმართლებელიც არის და, ამავე დროს, ცინიზმიც”, - აღნიშნულია წერილში, რომელიც ”საქართველოს რესპუბლიკაში” გამოქვეყნდა.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG