Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პარლამენტში მრეწველებმა ახალი ფრაქცია შექმნეს


ამიერიდან საქართველოს პარლამენტში კიდევ ერთი დამოუკიდებელი ფრაქცია იმუშავებს. ”მემარჯვენე ოპოზიციისგან” გამოცალკევებით ფრაქციის შექმნა მრეწველებმა გადაწყვიტეს.

მოგეხსენებთ, ისინი წარმოადგენენ პარტიას ”მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს”. ”მრეწველთა ფრაქცია” ძველი სახელით აღდგა. მისი წარმომადგენლები აცხადებენ, რომ რჩებიან ოპოზიციაში, თუმცა ზოგიერთს ამის მაინცდამაინც არ სჯერა, განსაკუთრებით ფრაქცია ”მემარჯვენე ოპოზიციაში” მრეწველების მიერ მარტოდ დატოვებულ ახალ მემარჯვენეებს.

მრეწველები ფრაქცია ”მემარჯვენე ოპოზიციიდან” გასვლისა და დამოუკიდებელი ფრაქციის შექმნის ინიციატივით ერთი კვირის წინ გამოვიდნენ. ინიციატივის გახმაურებისთანავე მრეწველების აწ უკვე ყოფილი თანაფრაქციელები სკეპტიკურად შეხვდნენ განცხადებებს იმის თობაზე, რომ მრეწველები, თავისი ახლი ფრაქციით, ოპოზიციაში აპირებდნენ დარჩენას. ახალი მემარჯვენეების მოსაზრებები ასეთი იყო და არის:

[მამუკა კაციტაძის ხმა] ”ოპოზიციაში ყოფნა არ არის სასიამოვნო და კომფორტული თემა, მან დაღლა იცის. როგორც ჩანს, მრეწველები გადაიღალნენ ოპოზიციაში ყოფნით და გადაწყვიტეს უფრო სასათბურო მდგომარეობა შეიქმნან ხელისუფლებასთან ურთიერთთანამშრომლობით. ”

ეს მოსაზრება მამუკა კაციტაძემ ჩვენთან საუბრისას 2 თებერვალს გამოთქვა, 10 თებერვალს მრეწველებს ფრაქციის პრეზენტაცია ჰქონდათ, სადაც შეკითხვას, ეწერებიან თუ არა ხელისუფლების სატელიტი ძალების სიაში, ზურაბ ტყემალაძემ უპასუხა:

[ზურაბ ტყემალაძის ხმა] ”ძალიან ბევრი საუბარი მიდის იმაზე, გავაგრძელებთ თუ არა ჩვენ ოპოზიციურ მოღვაწეობას. მე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ვართ და ვრჩებით ოპოზიციურ ფრაქციად, დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს. ”

მრეწველების ყოფილ თანაფრაქციელებს ეჭვი ასეთ განცხადებებთან დაკავშირებით გაუმყარა იმან, რომ ფრაქცია “მრეწველები” ფრაქცია ”მაჟორიტარებიდან” და ფრაქცია ”დამოუკიდებელი მაჟორიტარებიდან” გამოსული დეპუტატების ხარჯზე შეიქმნა. ერთის თავმჯდომარე ბესო ჯუღელია, მეორის - ვანო ჩხარტიშვილი. მრეწველები შვიდნი იყვნენ. ფრაქციის გასაფორმებლად კი 10 დეპუტატია საჭირო. კონსულტაციები პაატა ქურდოვანიძესა, ნუგზარ პარუნაშვილსა და გიორგი სალაყაიასთან მიმდინარეობდა. მრეწველებთან ახალ ფრაქციაში სწორედ ისინი გაერთიანდნენ. გამოდის, რომ ბესო ჯუღელისა და ვანო ჩხარტიშვილის ყოფილი თანაფრაქციელები ხელისუფლების აშკარა ოპოზიციაში გადავიდნენ. როგორც ზურაბ ტყემალაძე აცხადებს, ახალი ფრაქცია პარლამენტში სწორედ ოპოზიციის ფლანგზე იმუშავებს. რატომ მოხდა ასე, რა არ მოსწონდათ დეპუტატებს, რომლებიც დღემდე ხელისუფლების მხარდამჭერები იყვნენ? ამაზე ”ფრაქცია მრეწველების ” პრეზენტაციაზე პაატა ქურდოვანიძემ ისაუბრა:

[პაატა ქურდოვანიძის ხმა] ”მე გადავწყვიტე მაშინ ვყოფილიყავი მხარდამჭერი ხელისუფლების და უკვე 2 წელი გავიდა. გარკვეული უკმაყოფილების დოზა დამიგროვდა და გადავწყვიტე მრეწველებთან ოპოზიციურ ფრაქციაში გაერთიანება, რადგან სახელმწიფოს ძლიერება უნდა ემყარებოდეს საკუთარ ეკონომიკას და არა ინვესტიციას. ”

მრეწველები ზუსტად ასე ფიქრობენ. ფრაქცია ”მრეწველების" თავმჯდომარედ ზურაბ ტყემალაძეა არჩეული. ის აცხადებს, რომ ახალი ფრაქცია აქტიურად იმუშავებს ეკონომიკური მიმართულებებით და საკანონმდებლო ორგანოში მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობაზე იზრუნებს, ოპოზიციის ფლანგზე. იქნება თუ არა ოპოზიციის ეს ნაწილი ჭეშმარიტი ოპოზიცია, ამას უკვე დრო გვიჩვენებს.
XS
SM
MD
LG