Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტიშ პეტროლიუმის ანგარიში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის შესახებ


ბრიტიშ პეტროლიუმმა, რომელიც წამყვან როლს თამაშობს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის პროექტში,

ოთხშაბათს ბრიუსელში გამოაქვეყნა ამ პროექტის შესახებ ანგარიში. მისი ავტორები აფრთხილებენ აზერბაიჯანსა და საქართველოს, რომელთაც შეიძლება ძლიერი ზეწოლა განიცადონ ნავთობსადენთან დაკავშირებით. ამასთან, ანგარიში შეიცავს მოწოდებას, უფრო მეტი ინვესტიციები გაკეთდეს ამ ქვეყნებში.

ანგარიში დანიელმა ბიზნესმენმა, იან ლეშლიმ წარმოადგინა ოთხშაბათს ბრიუსელში. მან უპირველეს ყოვლისა პროექტის უზარმაზარ მასშტაბზე ისაუბრა. საერთაშორისო კონსორციუმმა, რომელსაც ბრიტიშ პეტროლიუმი უდგას სათავეში, 22 მილიარდი დოლარის ინვესტიცია გააკეთა ამ პროექტში.

პროექტი უდაოდ მოგებას მოუტანს აზერბაიჯანს და საქართველოს, მაგრამ, ექსპერტების აზრით, იგი მათთვის საფრთხესაც შეიცავს.

2003 წელს მსოფლიო ბანკის ანგარიში პირდაპირ შეიცავდა რეკომენდაციას, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს, ცუდი საინვესტიციო კლიმატის გამო, არ მიეცეთ მეტი თანხა ნავთობის მოპოვების დასაფინანსებლად. მართალია, ეს ანგარიში თაროზე შემოიდო, მაგრამ ბრიტიშ პეტროლიუმის უკანასკნელ ანგარიშში ნათქვამია, რომ 2003 წლის რეკომენდაციები გადამეტებულად პესიმისტურია.

თუმცა პოტენციურ საფრთხეებსა და პრობლემებზე - ე.წ. "ნავთობის წყევლაზე" - თავად ბრიტიშ პეტროლიუმის ანგარიშშია საუბარი.

მოუსმინეთ ანგარიშისთვის ერთ-ერთ პასუხისმგებელს, ალჟირელ დიპლომატ მოჰამედ სანუნს:

[სანუნის ხმა] "'ნავთობის წყევლას', როგორც მას უწოდებენ, სხვადასხვა ფორმა შეიძლება ჰქონდეს. მისი, როგორც ეკონომიკური ფენომენის, სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს ინფლაციას, სტაგნაციას და ზოგჯერ არანავთობის სექტორის კოლაფსს და იმპორტზე დამოკიდებულებას. უფრო განვითარებული ფორმით 'ნავთობის წყევლას' გამანადგურებელი სოციალური და პოლიტიკური შედეგები შეიძლება მოჰყვეს. მათ შორის კორუფცია; ცუდი მმართველობა; დაძაბულობა ქვეყნის შიდა სხვადასხვა თემს შორის; ზოგჯერ ცენტრალურ და ადგილობრივ მთავრობებს შორის, რაც ხშირად სამოქალაქო ომში, შიდა კონფლიქტში გადაიზრდება ხოლმე."

ანგარიშის თანახმად, უკანასკნელ ხანებში ზემოთჩამოთვლილი საფრთხეები რეგიონში უფრო რეალურად შეიგრძნობა. მის ავტორთა აზრით, მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრებათ ადგილობრივ მთავრობებს, რომელთაც ხელი უნდა შეუწყონ ეკონომიკურ და პოლიტიკურ რეფორმებს, უზრუნველყონ დემოკრატია, განავითარონ სამოქალაქო საზოგადოება, ადამიანის უფლებები და ფინანსების გამჭვირვალე განკარგვა.

ამასთან, ბრიტიშ პეტროლიუმის აზრით, ინვესტორებმა ამ პროცესების ხელშემწყობი როლი უნდა იკისრონ. ანგარიშის ავტორთა თანახმად, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტის წარუმატებლობის შემთხვევაში პასუხისმგებლობა პროექტრში მონაწილე კომპანიებსაც შეიძლება დაეკისროს. იგი გამოდის მოწოდებით, ბრიტიშ პეტროლიუმმა და სხვებმა მოახდინონ რეგიონში მიღებული მოგების ნაწილის კვლავ რეგიონში რეინვესტიცია.

ანგარიშის თანახმად, ერთმანეთთან შეუთავსებელია საქართველოს გავლით მილიონამდე ბარელი ნავთობის და დიდი მოცულობის გაზის დენა და ამავე დროს ამ რეგიონებში ენერგოდეფიციტის არსებობა.

ბრიტიშ პეტროლიუმი გამოდის წინადადებით, დაეხმაროს საქართველოს გაზის შიდა მომარაგების გაუმჯობესებაში.
XS
SM
MD
LG