Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა კეთდება საქართველოში და კავკასიის რეგიონში ტრეფიკინგის პრევენციისთვის?


ტრეფიკინგი - მონობის თანამედროვე ფორმა, ნარკოტიკებითა და იარაღით ვაჭრობის პარალელურად, 21-ე საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე სასტიკსა და არაადამიანურ დანაშაულებრივ ბიზნესს წარმოადგენს.

ეს პრობლემა ტრანსნაციონალური ხასიათისაა და აქტუალურია, როგორც განვითარებადი,ისე მაღალგანვითარებული ქვეყნებისთვისაც. მათ შორისაა კავკასიის რეგიონის სახელმწიფოები, სადაც ტრეფიკინგისთვის ნოყიერი ნიადაგია შექმნილი ეკონომიკური განვითარების დაბალი დონისა თუ სახელმწიფო სტრუქტურების სისუსტის გამო.

ბოლო დრომდე საქართველო, ტრეფიკინგის თვალსაზრისით, მესამე კატეგორიის ქვეყნებს განეკუთვნებოდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანებით ვაჭრობის ბიზნესი ყოველგვარი შეფერხებების გარეშე ვითარდებოდა და ხელისუფლება არაფერს აკეთებდა მის შესაჩერებლად. მდგომარეობა თანდათან შეიცვალა, რადგან 2003 წელს სისხლის სამართლის კოდექსში სპეციალური შესწორება შევიდა. შედეგად, თუ 2004 წელს ტრეფიკინგის ბრალდებით მხოლოდ 8 ადამიანი იქნა მიცემული პასუხისგებაში, 2005 წელს ეს ციფრი გაიზარდა და 26 საქმის გამოძება მოხერხდა. სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულიქნა 23 ადამიანი, ხოლო 2006 წელს უკვე 2 საქმის დაწყება მოხერხდა. მაგრამ, როგორც ექსპერტები აღნშნავენ, ჯერ კიდევ ბევრი რამაა გასაკეთებელი.

[მარკ ჰულსის ხმა] ”მაგალითად, ტრეფიკინგის მსხვერპლის დასახმარებლად მიღებული უნდა იქნეს ახალი კანონი და მნიშვნელოვანია ორმხრივი თანამშრომლობა განსაკუთრებულად პოლიციას შორის. კი არსებობს, მაგრამ არ მუშაობს ეს თანამშრომლობა.”

ეს არის მარკ ჰულსი - მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი. მის ორგანიზაციას გადაწყვეტილი აქვს ტრეფიკინგის პრევენციის გასაუმჯობესებლად ორიოდე თვეში ერთმანეთს შეახვედროს თურქი და ქართველი პოლიციელები.

კავკასიის რეგიონის ქვეყნებს შორის ტრეფიკინგთან ბრძოლის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილება თბილისში 22-23 თებერვალს ევროსაპჭოს ინიციატივით მოწყობილ კონფერენციაზე. მასში აზერბაიჯანის, სომხეთის, საქართველოსა და ევროსაბჭოს წარმომადგენლების გარდა მონაწილეობს თურქეთის დელეგაციაც.

თურქეთი ტრეფიკინგის მსხვერპლთა მიმღები ერთერთი ყველაზე დიდი ქვეყანაა არა მარტო კავკასიის რეგიონში. ამას ისიც უწყობს ხელს, რომ, მაგალითად, საქართველოდან თურქეთში მოხვედრა უპრობლემოდ სრულებით ლეგალურადაა შესაძლებელი, ხოლო თურქეთიდან კი მესამე ქვეყანაში, მაგალითად საბერძნეთში გადასვლა, ფაქტიურად შეუძლებელი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საქართველოდან, სომხეთიდან თუ აზერნბაიჯანიდან საბერძნეთში დასაქმების გარანტიებით წაყვანილი მოქალაქეები თურქეთში რჩებიან საბუთებისა და უკან დასაბრუნებელი ფულის გარეშე. ისინი იძულებულნი არიან, ტრეფიკერის მოთხოვნის შესაბამისად იმუშაონ ძალიან მცირე ანაზღაურების სანაცვლოდ, რაც მათ, ფაქტიურად, მონებად აქცევს.

საქართველოს გენერალური პროკურატურის წარმომადგენელი თამარ თომაშვილი საქართველოს და თურქეთის სამართალდამცველების თანამშრომლობის შესახებ საუბრობს.

[თამარ თომაშვილის ხმა] ”ყველაზე გახმაურებული ფაქტების უმეტესობა არის თურქეთში. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია სამართლებრივი ურთიერთდახმარების გაზრდა თურქეთის სამართალდამცველ ორგანოებთან. რადგანაც სტატისტიკური მაჩვენებლებით რა მოთხოვნებიც გაიგზავნა თურქეთში, მათი ნახევარიც არაა დაკმაყოფილებული.”

თურქეთის წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ მათ ქვეყანაში აქტიური საინფორმაციო კამპანია მიმდინარეობს ტრეფიკინგის მსხვერპლთა გამოსავლენად, რომელთა უმეტესობა უკრაინიდან და მოლდავეთიდანაა. გახსნილია უფასო სატელეფონო ცხელი ხაზი, რომლის მეშვეობითაც ტრეფიკინგის მსხვერპლს შეუძლია სამართალდამცველ ორგანოებს საკუთარი გასაჭირის შესახებ აცნობოს. თურქეთში ასევე გააქტიურებულია საქმიანობა თურქეთ-საბერძნეთის საზღვრის გასამაგრებლად და ინტენსიურად ტარდება მესაზღვრეების ტრეინინგები.

რაც შეეხება საქართველოს, საქართველოს დელეგაციის განცხადებით, მზადდება კანონპროექტი, რომელიც ჰარმონიზირებული იქნება ევროპის საბჭოს ანტრიტრეფიკინგულ კონვენციასთან.
XS
SM
MD
LG