Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯანდაცვის დაზღვევა სოციალურად დაუცველი თბილისელებისათვის


დღეიდან დედაქალაქში მუშაობას იწყებს თბილისის მერიის ჯანმრთელობის დაზღვევის პროგრამა, რომელიც სოციალურად დაუცველ 50 000-მდე ადამიანზე გავრცელდება.

ჯანმრთელობის დაზღვევის სპეციალური ბარათით ისარგებლებენ მარტოხელა პენსიონერები, დედ–მამით ობოლი ბავშვები, მრავალშვილიანი დედები, პირველი ჯგუფის უსინათლო ინვალიდები, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლები და ასე შემდეგ. დახმარების მიმღები სოციალურად დაუცველი კონტინგენტი სულ თექვსმეტ კატეგორიადაა დაყოფილი. უფასო სამედიცინო დახმარება მათთვის, მართლაც რომ, განუზომელი ფუფუნებაა.

ქალაქ თბილისის ბიუჯეტში უმწეო მოსახლეობის ჯანდაცვის მომსახურებისათვის წელს სამი მილიონი ლარი ჩაიდო. თანხის გადანაწილების პროგრამულ პრინციპს წელსვე სადაზღვევო პრინციპი ჩაენაცვლა. დაზღვევის პროგრამას ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ჯი–პი–აი“ ჰოლდინგი განახორციელებს. მუნიციპალური დაზღვევა მოიცავს როგორც სტაციონარულ, ასევე ამბულატორიულ, სტომატოლოგიურ, მედიკამენტოზურ და საინფორმაციო–საკონსულტაციო მომსახურებას.

[მამუკა ქაცარავას ხმა]“ ნებისმიერ დროს მათ შეუძლიათ მიმართონ ოჯახის ექიმს, ჩაიტარონ, ვთქვათ, პირველადი გამოკვლევები - ეს იქნება კარდიოგრამა, ექოსკოპია და ასე შემდეგ. თუ, ვთქვათ, ჩაითვლება საჭიროდ, რომ სჭირდებათ მედიკამენტოზური მკურნალობა, ისინი მიიღებენ დაახლოებით 300 ლარამდე მედიკამენტოზურ დახმარებას ერთი წლის განმავლობაში და თუ, ვთქვათ, დასჭირდათ სტაციონარული მომსახურება, სტაციონარში მათ სადაზღვევო კომპანია გადაუხდით, 3 000 ლარის მომსახურებას დაუფარავს.“

როგორც დედაქალაქის მერიის ჯანდაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი მამუკა ქაცარავა განმარტავს, სადაზღვევო მომსახურება ვრცელდება არა მხოლოდ დაზღვევამდელ დაავადებებზე, არამედ დაზღვევის ერთი წლის განმავლობაში დამდგარ დაავადებებზეც.
მით უფრო, რომ მუნიციპალური დახმარების მიმღებთა კონტინგენტში უმრავლესობა 60 წლის ასაკს ზემოთაა. მათ შორის ერთ–ერთია მეორე მსოფლიო ომის მონაწილე შოთა ჯოჯუა.

[შოთა ჯოჯუას ხმა]“ მივიღე და კარგია, კაცო, ასე თუ დაგვეხმარებიან რამეთი და რაიმე საშუალება იქნება. ტკივილები მაქვს. რა მაწუხებს და წუხელი მე თუ გავათენებდი ღამეს, არ მეგონა. რა წამალი არ ვყლაპე, რა წამალი და არაფერი არ ეშველა. სამამულო ომში ვიყავი და ჩამოვედი და დღეს, გესმის, აგერ ვარ 45 ლარის ამარა და რა. თუკი დაგვეხმარება მთავრობა და დაჩაგრულ ხალხს მოგვხედავს, რა ჯობია მაგას, კაცო.“(სტილი დაცულია)

სამედიცინო დაზღვევის პოლისის მისაღებად მოქალაქეებმა სპეციალურად განსაზღვრულ დაწესებულებებს 1 მარტიდან 1 ივლისამდე უნდა მიაკითხონ. ვინაიდან პროგრამა საკმაოდ დიდია,მოქალაქეთა მომსახურებისათვის სადაზღვევო კომპანია ჯი–პი–აი ჰოლდინგმა ქალაქში, რაიონების მიხედვით, 12 სერვის-ცენტრი გახსნა.

[თინა სტამბულიშვილის ხმა]“ თორმეტ მომსახურების ცენტრში ზის ჯი-პი-აის ზოგადი პრაქტიკის ექიმი, საკმაოდ გამოცდილი და კვალიფიციური, რომელსაც სპეციალური ტრენინგი ჩაუტარდა და არის ხელშეკრულებები სტაციონარებთან უკვე ჰოსპიტალურ მომსახურებაზე. თუ სასწრაფო შემთხვევაა, მაშინ ხელშეკრულებას, რა თქმა უნდა, არავინ შეხედავს და უახლოესი ადგილის მიხედვით გადაიყვანენ. მაგრამ გეგმიურს რაც შეეხება, რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან გვაქვს ხელშეკრულება.“

სადაზღვევო კომპანია ჯი-პი-აი ჰოლდინგის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მენეჯერის თინა სტამბულიშვილის განმარტებით, მერიის მიერ დაზღვეული მოქალაქეების პირველადი რეგისტრაცია საუბნო პოლიკლინიკებში ხდება. სერვის-ცენტრებში მიმართვა სწორედ უბნის ექიმმა უნდა გააფორმოს.

ჯანდაცვის მუნიციპალური პროგრამის მესვეურები, კერძოდ, თბილისის მერიის მაღალჩინოსნები იმედოვნებენ, რომ დაზღვევის პროგრამა ამთავითვე გამორიცხავს კორუფციას. კიდევ უფრო კონკრეტული მოთხოვნები აქვთ თავად დაზღვეულებს. გიორგი გოზალიშვილს მოუსმინეთ:

[გიორგი გოზალიშვილის ხმა]“ მე მჯერავს, კარგი ღონისძიებაა ამ პოლისების გაცემა. მხოლოდ საავადმყოფოებმა უნდა იგრძნონ ის ამბავი, რომ პოლისით რო მივა ადამიანი, მან გვერდი არ აუქციოს მის ჯანმრთელობას და მიხედოს ნორმალურად. იმიტომ რომ პოლისი ეს არის ჩვენი საავადმყოფო ქაღალდი და უნდა დაგვაფასონ ექიმებმაც.“(სტილი დაცულია)

მიუხედავად იმისა, რომ თბილისის მერიის ჯანმრთელობის დაზღვევის პროგრამა ჯერჯერობით მაინც ექსპერიმენტია, წინასწარი გათვლებით, იგი მომავალ წელსაც იმუშავებს.
XS
SM
MD
LG