Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კვირის მოვლენების მიმოხილვა


გამოძიების დასრულებამდე ძნელია იმის თქმა, რა მოტივით დაცხრილეს შაბათს ტელეკომპანია ”ნტვ"-ს ოფისი თბილისში.

პირველი აზრი, რაც ამ ინფორმაციის მოსმენისას ბევრს გაუელვებდა თავში, არის ის, რომ ”ნტვ"-ს ოფისის დაცხრილვა რაღაცაგვარად რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობის დაძაბვას უკავშირდება. აქვე საინტერესოა ერთი ამბის გახსენებაც, რომელიც ათიოდე დღის წინ მოხდა, როცა მავანი ”ნტვ"-ს ოფისში შეღწევას შეეცადა. რადიო ”თავისუფლებასთან” სატელეფონო საუბრისას ”ნტვ"-ს კორესპონდენტმა საქართველოში ნუგზარ კერესელიძემ ასე გაიხსენა წინა ინციდენტი:

[კერესელიძის ხმა]
”ეს მოხდა 22-დან 23 საღამოს, თუ არ მეშლება. ეს ზუსტად ის დღეა, როდესაც ჩაატარეს მიტინგი რუსეთის საელჩოს წინ, სადაც პროტესტს გამოთქვამდნენ რუსეთის მასმედიაში საქართველოს მიმართ მიმდინარე კამპანიის წინააღმდეგ. კერძოდ, იქ ნახსენები იყო ”ნტვ" - გლებ პავლოვსკი და მისი, როგორც აქ ამბობდნენ, მისი არაკორექტული ხმარება პრეზიდენტის, ტყვიისა და მათი ურთიერთკავშირისა. იმ დღეს იყო მცდელობა ”ნტვ"-ს ოფისში შეღწევისა, მაგრამ არა მარტო ”ნტვ"-ს ოფისში იმიტომ, რომ მეზობელი ოფისებიც არის დარბეული. ყოველ შემთხვევაში, კარებია დარბეული, მაგრამ ხმა იყო ძალიან დიდი და ყარაულმა გაიგო. შეატყობინა და დააფრთხო ეს ხალხი. ორი კაცი ყოფილა, როგორც თვითონ ამბობენ. გამოიძახეს საპატრულო პოლიცია და ამის იქით საქმე არ წასულა. არ მოკვლევის ჯგუფი მოსულა და არც გამომძიებლები ყოფილან”.

ეს ყველაფერი, როგორც ნუგზარ კერესელიძე ამბობს, მოხდა 22-23 თებერვლის ღამეს. დღეს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ ”ნტვ"-ს ოფისი დაცხრილეს. საბედნიეროდ, ოფისში არავინ იყო, არ დაზიანებულა ტექნიკაც. ”ნტვ"-ს კორესპონდენტი ვარაუდობს, რომ ინციდენტი 1-დან 2-ში ღამით, ან 2-დან 3-ში ღამით მოხდა.

[კერესელიძის ხმა]
”გუშინ როცა დავამთავრეთ გადაგორება, მუშაობა, მივაწოდეთ მოსკოვს მასალა, ჩამოვედი და დამხვდა ესეთი სიტუაცია: დამტვრეული ფანჯრები, მიმოფანტული მინა. მე ვთქვი, ალბათ, ბავშვები ცელქობენ მეთქი იმიტომ, რომ აქ გვერდზე ოთახებში მინები ბევრს აქვს ჩამტვრეული, ჩვენს წინ არის პარკი - გრიბოედოვის სახელობის პარკი და პოლიგონივით არის, იქიდან ისვრიან ბავშვები ქვებს და ამტვრევენ შუშებს, მაგრამ როდესაც დალაგება დავწიყე ოფისის, ვნახე, რომ მეტალის ბურთულაკები იყო, მრგვალი იყო, საკმაოდ მოზრდილი ზომის და უკვე დამაეჭვა ნასროლი ხომ არ არის-მეთქი. გამოვუძახე პოლიციას და პოლიცია ამჯერად ძალიან ოპერატიულად გამოცხადდა, მოიყვანა მოკვლევის ჯგუფი, მერე გამომძიებლებიც მოვიდნენ, კრიმინალისტები, ექსპერტები. დაათვლიერეს შემთხვევის ადგილი, ამოიღეს ხუთი მსხვილი საფანტი. რუსულად აწერია, მერე ვნახეთ, ”კარტეჩ””.

სამართალდამცავებმა ივარაუდეს, რომ ”ნტვ"-ს ოფისი გრიბოედოვის სახელობის პარკიდან უნდა დაეცხრილათ. კერესელიძის თქმით, მართლაც, პარკში აღმოჩენილია სანადირო თოფის ცარიელი, ჟაკანის ტიპის ტყვიის მასრები. ამჯერად სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. თუკი ვივარაუდებთ, რომ რუსული ტელეკომპანიის ოფისის დაცხრილვა მის მუშაობას უკავშირდება, უადგილო არ უნდა იყოს იმ მასალების გახსენება, რომლებიც ბოლო დროს საქართველოს შესახებ გავიდა ”ნტვ"-ს ეთერში. ეს აზრი, ბუნებრივია კერესელიძესაც მოუვიდა თავში. ბოლო დღეებში გადაცემული მასალებიდან თუ ვიმსჯელებთ, ძნელია რაიმე დასკვნის გამოტანა. ძირითადი სამუშაო ფრინველის გრიპის საქართველოში გავრცელების თემას უკავშირდებოდა. იყო ერთი მასალა სტალინის შვილთაშვილის - იაკობ ჯუღაშვილის შესახებაც, რომელსაც სჯერა, რომ მისი დიდი ბაბუა მოკლეს და ამ საქმის გამოძიებას რუსეთის ხელისუფლებას სთხოვს. ”ნტვ"-ს ოფისის დარბევის მოტივის დადგენა გამოძიებას მივანდოთ. რაც შეეხება სტალინსა და ამ კვირის სხვა მოვლენებს: 5 მარტს გორში სტალინის გარდაცვალების დღე აღნიშნეს. რა ხდებოდა მიმდინარე კვირაში მანამდე:

კვირის თემად 1 მარტიდან სალარო აპარატების გამოუყენებლობისთვის საჯარიმო სანქციების გამკაცრების მუხლების ამოქმედება უნდა მივიჩნიოთ. მოვაჭრეებისა და ოპოზიციის აღელვება ხელისუფლებამ კანონის ამოქმედების შეჩერების მიზეზად არ მიიჩნია, თუმცა, რაღაც საკითხების გათვალისწინება მაინც მოუხდა. 5 მარტიდან ფინანსთა სამინისტრომ სალარო აპარატების გამოყენებაზე საინფორმაციო ბუკლეტების დარიგება დაიწყო. მასში წერია სალარო აპარატების ხმარების, აგრეთვე იმის შესახებაც თუ ვის სჭირდება სალარო აპარატი, როგორ უნდა დარეგისტრირდეს ის და ა.შ. ხელისუფლების პოზიციას ასე აყალიბებს საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი:

[მაჭავარიანის ხმა]
”ერთადერთი გზა, რომ მოწესრიგდეს აღრიცხვა და ქვეყანაში შემოვიდეს ნორმალური პროდუქცია, ხარისხიანი პროდუქცია, ვარგისიანი პროდუქცია და რაც მთავარია, საქართველოში ყველაფერი საგადასახადო სივრცეში იყოს კონტროლირებადი, არის საგადასახადო-სალარო აპარატი. სხვა გზა არ მოუგონია არავის”.

ოპოზიცია ამ აზრს არ ეთანხმება და მიაჩნია, რომ სხვა გზა იქნებოდა კანონის შესაბამისი მუხლების ამოქმედების გადავადება და წვრილ მოვაჭრეთა ინტერესების გათვალისწინება, მათი სალარო აპარატების გამოყენების ვალდებულებისგან გათავისუფლება. საპროტესტო აქციები კვირის დასაწყისში დაიწყო და მომავალ კვირაში, როგორც ოპოზიცია ირწმუნება, უფრო ფართომასშტაბიან სახეს მიიღებს. ამ აქციების ორგანიზებისთვის საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები პარასკევს ლეიბორისტული პარტიის ოფისში შეიკრიბნენ:

[კაციტაძის ხმა]
”ვფიქრობ, რომ ეს მუხტი, რომელიც დღეს არსებობს კერძოდ მცირე მეწარმეებთან და სალარო აპარატებთან დაკავშირებით და გაგება არსებობს ამ კუთხით პარტიებს შორის, ასევე იქნება გაგება სხვა საკითხებთან დაკავშირებით, მითუმეტეს, რომ ამას დიდი ძალისხმევა არ ჭირდება, ამის საშუალებას ბრწყინვალედ გვაძლევს დღეს ხელისუფლება და ის აქცია, რომელიც ჩატარდა პარლამენტის წინ კონკრეტულ თემაზე, გაგრძელდება არა მხოლოდ იმ ჩარჩოსა და იმ მასშტაბში, რომელსაც ის მიეძღვნა, არამედ იმ მრავალ პრობლემასთან მიმართებაში, რომელიც დღეს არსებობს”.

ეს გახლდათ ფრაქცია ”მემარჯვენე ოპოზიციის” წევრი მამუკა კაციტაძე, რომელთან ერთადაც ოპოზიციური პარტიების საკოორდინაციო საბჭოში გაერთიანებული არიან ”ლეიბორისტული პარტიის”, ფრაქცია ”დემოკრატიული ფრონტისა” და ”რესპუბლიკური პარტიის” წარმომადგენლები. მომავალში დაგეგმილი საპროტესტო აქციების საორგანიზაციო კომიტეტის სხდომა ლეიბორისტული პარტიის ოფისში ორშაბათს გაიმართება. თბილისის მერს საორგანიზავიო კომიტეტმა უკვე გაუგზავნა შეტყობინება მომავალი აქციის შესახებ და მისი მონაწილეების რიცხვი მინიმუმ 5 ათასით განსაზღვრა.

ოპოზიციის აქტიურობა მიმდინარე კვირაში ”გაერთიანებული ქართული ბანკის” თანამშრომლის სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმის მიმდინარეობითაც იყო გაპირობებული. ორშაბათს ორი ოპოზიციური ფრაქცია შინაგან საქმეთა მინისტრისა და გენერალური პროკურორის სტუმრობას ელოდა, თუმცა, ამაოდ. შინაგან საქმეთა მინისტრი პარლამენტში მივიდა, მხოლოდ - მივიდა არა ფრაქციის, არამედ პარლამენტის სხდომაზე. მისი გამოსვლით უკმაყოფილო ოპოზიციამ სხდომის დატოვება გადაწყვიტა. უმრავლესობამ ოპოზიციის მოქმედება ”პიარ ფრონტის გაფართოების” მცდელობად შეაფასა. იმის გამო, რომ უმრავლესობის მხრიდან მხარდაჭერის ვერანაირი შანსი ვერ დაინახა, საპარლამენტო ოპოზიციამ მონიტორინგის საგამოძიებო ჯგუფის ჩამოყალიბება გადაწყვიტა. ამ ჯგუფის ინტერესის საგანს არა მხოლოდ გირგვლიანის მკვლელობის საქმე, არამედ ისეთი საკითხიც გახლავთ, როგორიც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მაია ნადირაძის ოჯახის ბიზნეს-ინტერესებია.

გასულ კვირაში პარლამენტის ზოგიერთი წევრის - ამჯერად ძირითადად უმრაველესობის წარმომადგენლების აღელვება გამოიწვია საზოგადოებრივ მაუწყებლობაში არსებულმა ვითარებამ. უფრო ზუსტად კი, აღელვების საბაბი საზოგადოებრივი მაუწყებლობის თანამშრომლის, მეორე არხის გენერალური პროდიუსერის დოდო შონავას გათავისუფლება და მისი და საზოგადოებრივი მაუწყებლობის პროგრამების სამსახურის ყოფილი უფროსის მიერ პარლამენტისთვის გაგზავნილი წერილი გახდა. რამდენიმე დღის მანძილზე პარლამენტის წევრები და საზოგადოებრივი მაუწყებლობის გენერალური დირექტორის - თამარ კინწურაშვილი მედიის საშუალებით ეპაექრებოდნენ ერთმანეთს. ბოლო ოფიციალური სიტყვა, თუ შეიძლება ასე ითქვას თამარ კინწურაშვილმა თქვა:

[კინწურაშვილის ხმა]
”თუ მათ არ სურთ დამოუკიდებელი საზოგადოებრივი მაუწყებლობის შექმნა, თუ მათ სურთ ისეთი ტელევიზია, რომლის საკადრო საკითხებში თავად ერევიან და რომლის შინაარსს და თემატიკას თვითონ განსაზღვრავენ, შეცვალონ კანონი მაუწყებლობის შესახებ”.

მაუწყებლობის შესახებ კანონში არა, მაგრამ პარლამენტი სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შესატანად ემზადება. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილი აცხადებს, რომ შეიცვლება სისხლის სამართლის საპროცესო სამართალწარმოების ძირეული პრინციპები და ხედვა:

[ლევან ბეჟაშვილის ხმა] „ეს ახალი ხედვა უკავშირდება როგორ წინასწარი გამოძიების ვადებს, წინასწარი გამოძიებისას მხარეთა საპროცესო უფლება-მოვალეობებს, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის შემოღებას, სასამართლოში საქმის განხილვის გამარტივებას, შეჯიბრობითობის პრინციპის დამკვიდრებას სისხლის სამართლის საპროცესო სამართალწარმოების მთელ სტადიაზე და ასე შემდეგ“.

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ელენე თევდორაძეც იწონებს.

გასულ კვირაში გარკვეული ძვრა შეინიშნებოდა საქართველოში არსებულ კონფლიქტებზე მიმდინარე მოლაპარაკებებშიც. თუმცა, ამ მოლაპარაკებათა შედეგები ნაკლებად ხმაურდებოდა. მიმდინარეობს მოლაპარაკებები ქართულ-ოსური კონფლიქტის მოგვარების შერეული საკონტროლო კომისიის მორიგი სხდომის ჩატარების შესახებ. სახელმწიფო მინისტრ გიორგი ხაინდრავას თქმით, რომელიც ამ სხდომის თბილისში ჩატარების წინადადებით გამოდიოდა, არ არის გამორიცხული შერეული საკონტროლო კომისიის სხდომა ბრიუსელში ჩატარდეს. სხდომაზე განსახილველი საკითხების შესახებ ჯერჯერობით ცნობა არ ვრცელდება. ხაინდრავა ამ საკითხებზე პრემიერ-მინისტრ ზურაბ ნოღაიდელს უნდა მოელაპარაკოს. თავად ნოღაიდელი კი გასულ კვირაში ნიუ-იოკრში იმყოფებოდა. მისი ვიზიტის ძირითადი მიზანი საერთაშორისო ბიზნეს-ფორუმის ”ინვესტ ინ ჯორჯიას” წარმართვა იყო. ნიუ-იორკში ყოფნისას ნოღაიდელი აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების ლიდერ ირაკლი ალასანიასთან ერთად გაეროს გენერალურ მდივან კოფი ანანს შეხვდა. ამ შეხვედრის დეტალებზე ბევრი არაფერია ცნობილი გარდა იმისა, რომ გაეროს გენერალურმა მდივანმა გამოთქვა იმედი, რომ საქართველოს ხელისუფლება ყურადღებით მოეკიდება კონფლიქტური რეგიონებიდან რუსეთის სამშვიდობო ძალების გაყვანის შესახებ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებას. ნოღაიდელთან შეხვედრაზე ანანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა გაეროს მნიშვნელობა ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარების საქმეში. მისივე თქმით, გაეროს უშიშროების საბჭო აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში გაეროს სამხედრო დამკვირებელთა მისიის გაგრძელების საკითხს უახლოეს დღეებში განიხილავს.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG