Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღევანდელი პრესა არა მხოლოდ ეხმაურება შინაგან საქმეთა მინისტრის გუშინდელ განცხადებას


დღევანდელი პრესა არა მხოლოდ ეხმაურება შინაგან საქმეთა მინისტრის გუშინდელ განცხადებას სანდრო გირგვლიანის საქმის გახსნასთან დაკავშირებით, არამედ,

შეიძლება ითქვას, გამოძიების საკუთარ ვერსიებსაც კი სთავაზობს მკითხველს. გაგაცნობთ ამ თემაზე გამოქვეყნებულ რამდენიმე პუბლიკაციას.

”შინაგან საქმეთა სამინისტრო აღიარებს”, ”სანდრო გირგვლიანის მკვლელობის გამო ხელისუფლებამ უკან დაიხია”, ”შენი სიცოცხლე საფრთხეშია”, ”ვინ არიან სანდრო გირგვლიანის მკვლელობის დამკვეთები და შემსრულებლები?” - დღევანდელი პრესა სვამს კითხვებს და ბევრ მათგანზე პასუხს მიმომხილველები თავადვე იძლევიან რესპონდენტებთან საუბრისას. ”ჩვენ გვაინტერესებს ვინ არის გირგვლიანის მკვლელობის დამკვეთი. როგორ გადაწყვიტეს ამ პირებმა წაეყვანათ ბუხაიძე და გირგვლიანი და სასიკვდილოდ ეცემათ.. როგორც ჩანს, გამოძიება ცდილობს ეს ხალხი შარდენ-ბარის ეპიზოდს საერთოდ მოაშოროს, მაგრამ არსებობს ერთ-ერთი მოწმის, თათია მაისურაძის, ჩვენება, რომ ეს ოთხი მაღალჩინოსანი სუფრასთან იჯდა და გირგვლიანმა უცენზურო სიტყვა მათი მისამართით თქვა, რასაც მისი მკვლელობა მოჰყვა”, - განუცხადა ფრაქცია ”დემოკრატიული ფრონტის” წევრმა ზვიად ძიძიგურმა ”რეზონანსს”. ”მისივე ინფორმაციით, - წერს ”რეზონანსი”, – რამდენიმე დღის წინ ვასილ სანოძე და დათა ახალაია სახელმწიფო კანცელარიაში პრეზიდენტ სააკაშვილთან შეხვედრისას ერთმანეთისკენ უთითებდნენ, თუ ვის უფრო მეტი დანაშაული მიუძღვის გირგვლიანის მკვლელობაში.”

გაზეთი ”ალია” იკვლევს გირგვლიანის მკვლელობის საქმის გამოძიების დეტალებს და ცდილობს გააარკვიოს რა ურთიერთობა აკავშირებთ გუშინ დაკავებულ პირებს შსს მაღალჩინოსნებთან. ”ალია” აგრეთვე წერს: ”მივუბრუნდეთ ინციდენტის თემას - ლევან ბუხაიძე ყველა აქამდე არსებულ განცხადებაში ამტკიცებდა, რომ ინციდენტს ადგილი არ ჰქონია. რატომ ჰყვება სხვა ვერსიას გია ალანია? რჩება საფუძველი ერთადერთი დასკვნის გამოტანისთვის - არავინ დაიწყოს დამკვეთების ძებნა. რაც შეეხება დამკვეთს, მინისტრი მერაბიშვილი აცხადებს, რომ მოხერხდა მობილური ტელეფონების ანძების სქემის აღდგენა. ეჭვმიტანილების მობილურები და მათი გადაადგილება სწორედ ამ სქემას ემთხვევა. თუმცა მინისტრი არაფერს ამბობს იმის შესახებ, თუ ვისთან ამყარებდნენ ამ მობილურ კავშირს ხსენებული ადამიანები.” - შეგახსენებთ, ეს გახლდათ ნაწყვეტი ”ალიას” დღევანდელი პუბლიკაციიდან.

კიდევ ერთი დეტალის შესახებ, რომელზეც ”24 საათის” მიმომხილველი ამახვილებს ყურადღებას: ”დათა ახალაიას უახლოესი მეგობრის, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსის გია ალანიასა და მისი სამი თანამშრომლის დაკავება შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან გირგვლიანის ოჯახის წევრების მიერ გავრცელებული ვერსიის, ფაქტობრივად, პირდაპირი დადასტურებაა და ერთ-ერთი ეჭვმიტანილის, გია ალანიას, აღიარებითი ჩვენება, რომლის მიზანი ზემდგომთათვის პასუხისმგებლობის აცილებაა, მრავალმხრივ გადამოწმებას საჭიროებს”, - წერს ”24 საათი”.

დასასრულ, ”ახალი თაობის” კომენტარი გუშინ გირგვლიანის მკვლელობაში ეჭვმიტანილთა დაკავებაზე: ”როგორც ჩანს, გირგვლიანის მკვლელობამ და ამ დანაშაულთან დაკავშირებით გახმოვანებული მაღალჩინოსნების გვარებმა რადიკალურად დააპირისპირა საზოგადოება მოძალადე მთავრობასთან. ეს საგანგაშო დაძაბულობა კი სწორად გათვალა პრეზიდენტმა და დაავალა შს მინისტრს, სასწრაფოდ მოეძებნა დამნაშავეები. შესაძლოა, რამდენიმე ადამიანი, მართლაც, ჩრდილში დარჩა, მაგრამ ფაქტია, რომ ხელისუფლებამ საზოგადოების წინაშე უკან დაიხია. რამდენადაც პარადოქსული არ უნდა იყოს, სკანდალიც და მისი შედეგებიც ერთი ახალგაზრდა გოგონას უშიშარმა ჩვენებამ გამოიწვია”, - წერს ”ახალი თაობის” მიმომხილველი.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG