Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მინისტრ ოქრუაშვილის სტრატეგიული ხედვა და ოპოზიციის კონტრშეკითხვები


საქართველოში საქმიან ვიზიტად მყოფი ნატოს ექსპერტები სამხედრო სფეროში მიმდინარე რეფორმებზე ორ სრულიად საპირისპირო ინფორმაციას ისმენენ.

7 მარტს ოპოზიციურმა საპარლამენტო ფრაქცია “დემოკრატიულმა ფრონტმა” თავდაცვის მინისტრს ბრალი დასდო სამხედრო დაზვერვის სტრუქტურის განადგურებაში და ირაკლი ოქრუაშვილი პარლამენტში დაიბარა განმარტებისათვის. სამხედრო უწყების ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებულ სტრატეგიულ ხედვაში კი ნათქვამია, რომ 2006 წლის ერთ-ერთ პრიორიტეტს “ეფექტური დაზვერვის ჩამოყალიბება და მისი განვითარება” წარმოადგენს.

ნატოს შეფასების მისია 7 მარტს აგრძელებდა შეხვედრებს საქართველოს საგარეო და თავდაცვის უწყებებში. როგორც წინა რეპორტაჟებში არაერთხელ ვთქვით, ალიანსის წარმომადგენლებს ყველაზე მეტად აინტერესებთ იმის გარკვევა, თუ როგორ ხორციელდება საქართველოს სამხედრო სისტემის რეფორმა. საგანგებოდ ამ ვიზიტისათვის თავდაცვის უწყების საიტზე გაჩნდა ძალიან საინტერესო ინფორმაციის შემცველი დოკუმენტი - თავდაცვის მინისტრის ხედვა 2006 წლისათვის, რომელიც, ავტორთა თქმით, სახელმძღვანელო დოკუმენტია თავდაცვის სამინისტროს, გენერალური შტაბისა და ქვეყნის შეიარაღებული ძალების საქმიანობისათვის. მაგრამ ოპონენტები მიიჩნევენ, რომ სამხედრო უწყების ხელმძღვანელობა მიმართავს ე.წ. “პიარს” უცხოელი ექსპერტებისა და საზოგადოების თვალის ასახვევად, და საილუსტრაციოდ მოჰყავთ სამხედრო დაზვერვის ისტორია, რაც “ხედვაში” აღნიშნულია, როგორც პრიორიტეტი, სინამდვილეში კი, როგორც პარლამენტის წევრი კახა კუკავა აცხადებს, გაუქმებულია მინისტრის ბრძანების საფუძველზე:
[კახა კუკავას ხმა] “ჩვენ გვრჩება ისეთი შთაბეჭდილება, რომ ირაკლი ოქრუაშვილი მარტო რაღაც ერთწლიანი პროექტებით, “პიარ-აქციებით” არის დაკავებული. ხოლო ყველაფერი, რაც გრძელვადიანია და შორეულ პერსპექტივაზეა გათვლილი, - იქნება ეს სამხედრო დაზვერვა, სამხედრო განათლება თუ სხვა თემები, - აქ ძალიან უცერემონიოდ იღებს გადაწყვეტილებებს: გაუქმდეს, დაინგრეს, აღარ გვჭირდება. ეს არ არის სერიოზული დამოკიდებულება. და ჩვენ გვინდა, საქმის კურსში ჩავაყენოთ ჩვენი ნატოელი კოლეგები.”

არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართალი და თავისუფლების” წარმომადგენელი შალვა თადუმაძე მიიჩნევს, რომ საქართველოში მყოფი ნატოს ექსპერტები ინფორმირებულნი არიან, რომ ქვეყანაში სამხედრო რეფორმები რთულად მიმდინარეობს. თუმცა რეალობა გაცილებით უფრო მწვავეა და ნატოელ ექსპერტებს იმედგაცრუება ელით, - განაცხადა ექსპერტმა რადიო “თავისუფლებასთან” ინტერვიუში.

[შალვა თადუმაძის ხმა] “მაგრამ მაშინ, როდესაც ნატოელ ექსპერტებს დააინტერესებთ, თუ როგორ ხორციელდება მართვა თავდაცვის სამინისტროში; მაშინ, როდესაც დააინტერესებთ, თუ რა ტექნიკით ახორციელებენ კავშირგაბმულობას, რა სისტემა ასრულებს ლოგისტიკას და ამის პრაქტიკული გამოხატულება იქნება მათი შესწავლის საგანი, მაშინ დარწმუნდებიან[ნატოელი ექსპერტები -კ.ლ], რომ რაც დოკუმენტებში წერია, ის ყველაფერი არ სრულდება საქართველოში.”(სტილი დაცულია)


სამხედრო დაზვერვის გაუქმებისა და სამხედრო აკადემიის დახურვის გამო, საპარლამენტო ოპოზიციური ფრაქცია “დემოკრატიული ფრონტი” 7 მარტს გამოვიდა ინიციატივით, სამთავრობო საათზე პარლამენტში მოიწვიოს საქართველოს თავდაცვის მინისტრი. “ჩვენ გვინდა ძლიერი ჯარი, - განაცხადა ფრაქციის თავმჯდომარემ დავით ზურაბიშვილმა,- და გვინდა არმია გავმიჯნოთ იმ ხელმძღვანელი პირებისაგან, რომლებიც ასეთ არასახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებებს იღებენ.”
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG