Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პედაგოგების წერილი პრეზიდენტს


საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირების ინიციატივით, დღეს, 8 მარტს, საქართველოს 10 ქალაქში ერთდროულად მოეწყო მშვიდობიანი საპროტესტო

აქცია –„გზავნილი პრეზიდენტს“. აქციაში მონაწილე პედაგოგებმა საკუთარი მოთხოვნები ქაღალდის გრაგნილებზე ჩანაწერების სახით აღბეჭდეს. გრაგნილს თავისუფალი პროფკავშირების წარმომადგენლები პირადად გადასცემენ პრეზიდენტს. ეს, ალბათ, საქართველოს ისტორიაში პრეზიდენტისთვის გაგზავნილი ყველაზე გრძელი წერილი იქნება. მისი სიგრძე, სავარაუდოდ, 110 მეტრს მიაღწევს.

საქართველოს 10 ქალაქში - გორში, რუსთავში, ბორჯომში, ახალციხეში, ქუთაისში, ბათუმში, ფოთში, ზუგდიდსა და ოზურგეთში - გამართული მშვიდობიანი საპროტესტო აქციის ერთობლივი ნივთიერი მტკიცება, პედაგოგთა პრობლემებით აჭრელებული და ერთმანეთზე მიწებებული ქაღალდის ეტრატები, პრეზიდენტს უახლოეს ხანებში გადაეცემა. ქაღალდის გრაგნილს თან დაერთვება პედაგოგთა ხელმოწერები. მარტო დედაქალაქში 6 000 ხელმოწერა მოგროვდა. პედაგოგები თავიანთ მოთხოვნებს სამ ძირითად პუნქტად აყალიბებენ:

[მანანა ღურჭუმელიძის ხმა]“ ვითხოვთ სასწრაფოდ დაზღვეული იყოს მასწავლებლების ჯანმრთელობა, სრულიად საქართველოს მასშტაბით. მას სჭირდება 5 მილიონი, 6 მილიონი ლარი. კეთილი ინებოს ხელისუფლებამ, გამონახოს ეს ფული, რათა ჩვენს ბავშვებს ჰყავდეთ ჯანმრთელი მასწავლებლები. მეორე, ჩვენი მასწავლებლების მინიმალური ხელფასი გაუტოლდეს საარსებო მინიმუმს. მესამე მესიჯი ჩვენი გახლავთ ის, რომ შრომის ახალი კანონპროექტის პროცესში გათვალისწინებული იყოს სრულიად საქართველოს მასწავლებელთა პოზიციები.“(სტილი დაცულია)

საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირების გენერალური მდივნის მანანა ღურჭუმელიძის თქმით, შრომის კანონთა ცვლილებების პროექტში პედაგოგებისთვის განსაკუთრებით მიუღებელია: კუთვნილი 48 დღიანი შვებულების 15 დღემდე შემცირება; დაქირავებულთა უფლებების შეზღუდვა, მათ შორის, სამსახურიდან გათავისუფლების მომენტშიც კი; დეკრეტული შვებულებების ანაზღაურების საგრძნობი შემცირება და ასე შემდეგ. პედაგოგთა პრეტენზიები და მოთხოვნები ხელისუფლების მიმართ კომპლექსურია. 8 მარტს კი ამ პრეტენზიების საჯაროდ გამოთქმა საგანგებოდ მოხდა. საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში დასაქმებულთა 98%–ს ქალები წარმოადგენენ. განათლების სფეროში დაწყებული რეფორმების მიუხედავად, ისინი ქვეყანაში სოციალურად დაუცველ ფენას განეკუთვნებიან.

[ლია უგრეხელიძის ხმა] “უკვე შეურაცხყოფილები ვართ, იმიტომ რომ მათხოვრის როლში ვართ და სისტემატურად რაღაცას ვთხოულობთ. სახელმწიფო თვითონ ვერ ხვდება, რომ მე კი არ უნდა ვითხოვო, თვითონ უნდა გააკეთოს ის, რომ მერე ამონაგები მიიღოს მოსწავლეების სახით. ამაზე არავინ არ ფიქრობს, ისევ - მასწავლებელი. ხომ გაგიგონიათ, ისევ მასწავლებელს მოვჭრი თავსო. აი, ეგ მუშაობს. ვნახოთ ახლა რა იქნება. მოთხოვნები გვაქვს ათასი. ის ხელფასები, რომლებსაც დაგვპირდნენ, ჯერჯერობით არაფერი არა ჩანს; საარსებო მინიმუმს დაგვპირდნენ და არა ჩანს; მასწავლებლებს რაღაცა სხვა შეღავათები უნდა ჰქონოდათ, - არა ჩანს. არაფერი არა ჩანს ჯერჯერობით. მხოლოდ დაპირებებია. როდემდე შეიძლება გაგრძელდეს ეს ყველაფერი.”(სტილი დაცულია)

ეს თბილისის 147–ე საშუალო სკოლის მასწავლებელი ლია უგრეხელიძეა. მის ნათქვამს დავძენთ, რომ პედაგოგთა მინიმალური ხელფასი საქართველოში დღეისათვის 50–60 ლარია, ხოლო მაქსიმალური - 150–160 ლარი. განსაკუთრებით ცუდ მდგომარეობაში არიან სკოლამდელი დაწესებულებების აღმზრდელები.

[მარინა ბუაჩიძის ხმა]“თითქოს ყველას მოემატა გარკვეულად, მეტ–ნაკლებად, თუნდაც მოატყუეს და გააჩერეს. ჩვენ არასოდეს არაფერი არ შეგვხებია. ჩვენ მიზერული ხელფასიც კი არ გაგვაჩნია. 50 ლარი, რასაც ხელზე ვიღებთ, არის, ბოდიშს ვიხდი ამ გამოთქმაზე, მათხოვრის ხელფასიც კი არ არის, იცით, და როგორ უნდა ვიარსებოთ, რანაირად. თხოვნით მოვდივართ - ჯერჯერობით, თხოვნით, რომ მოაქციონ ყურადღება ბაგა–ბაღებს. იმიტომ რომ არსად არ გაჟღერებულა ჩვენი დაწესებულება.“(სტილი დაცულია)

ქალბატონი მარინა ბუაჩიძე თბილისში - პარლამენტის შენობის წინ - გამართულ საპროტესტო აქციაში მონაწილეობის მისაღებად საგანგებოდ ჩამოვიდა რუსთავიდან. იგი, ისევე როგორც საქართველოს 10 ქალაქში ერთდროულად ქუჩაში გამოსული ასობით მისი კოლეგა, ცდილობს ქვეყნის ხელისუფლება დაარწმუნოს ელემენტარულ ჭეშმარიტებაში: ბავშვებს აქვთ უფლება ჰყავდეთ ჯანმრთელი, კვალიფიციური და სოციალურად დაცული მასწავლებელი.
XS
SM
MD
LG