Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შინაგან საქმეთა მინისტრს საზოგადოებრივი ორგანიზაციები ულტიმატუმით მიმართავენ და სანდრო გირგვლიანის მკვლელობის ორგანიზატორების დასასჯელად ერთკვირიან ვადას აძლევენ


"გაერთიანებული ქართული ბანკის" თანამშრომლის სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმე საზოგადოების აქტიურ ნაწილს აერთიანებს.

გახმაურებული დანაშაულის გამო შინაგან საქმეთა სამინისტროს მხოლოდ 4 თანამშრომლის დაკავებას არასამთავრობო ორგანიზაციების მთელი რიგი წარმომადგენლები ხელისუფლების მხრიდან ცინიზმად იღებენ და მკვლელობის ორგანიზატორების დასასჯელად შინაგან საქმეთა მინისტრს ერთკვირიან ვადას აძლევენ. ულტიმატუმი პარასკევს "კინოს სახლში" შემდგარ ხალხმრავალ შეკრებაზე გაცხადდა. 28 წლის ახალგაზრდის მკვლელობით და ამ მკვლელობასთან დაკავშირებით აღძრული საქმის წარმოებით შეშფოთებული ხალხი ზუსტად ერთ კვირაში შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან აპირებს შეკრებას. თუ მომავალი პარასკევისთვის მათი მოთხოვნა დაკმაყოფილებული არ იქნება, დაიწყება საპროტესტო მოძრაობა, თავად შინაგან საქმეთა მინისტრის გადაყენების მოთხოვნით. კონკრეტულად რას სთხოვენ ამ ეტაპზე საზოგადოების წარმომადგენლები ხელისუფლებას და, კერძოდ, შინაგან საქმეთა მინისტრს?

[ირაკლი კაკაბაძის ხმა] "ხელისუფლების ვერსია, თითქოს ბრიგადის წევრები თვითნებურად მოქმედებდნენ, საზოგადოების დაცინვაა. საქართველოს საზოგადოების წარმომადგენლები ვგმობთ პოლიციის სიკვდილის ბრიგადების მიერ ჩადენილ დანაშაულებს და მოვითხოვთ დასჯილი იქნეს ყველა ის პირი, ვისაც ეკისრება იურიდიული და მორალური პასუხისმგებლობა ამ საშინელი დანაშაულის გამო."

კინოს სახლში 10 მარტს შეკრებილ საზოგადოებას - არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ოპოზიციური პარტიების წევრებს, ჟურნალისტებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ მოკლულის მშობლებს, მათ გულწრფელ გულშემატკივრებს და ხალხმრავალ შეკრებაზე გამოჩენილ ძველი ხელისუფლების წარმომადგენლებს, ძველ სახეებს - შინაგან საქმეთა მინისტრისადმი მიმართვის ტექსტი არასამთავრობო ორგანიზაცია "თანასწორობის ინსტიტუტის" წარმომადგენელმა ირაკლი კაკაბაძემ გააცნო.

”მაშინ, როდესაც სიკვდილით დასჯა გაუქმებულია და სიცოცხლის უფლება, როგორც ადამიანის ფუნდამენტური უფლება, დაცულია კონსტიტუციით, პრეზიდენტი და შინაგან საქმეთა მინისტრი იძლევიან სიკვდილის ოპერატიულ დაკვეთას,” - ნათქვამია ამ ტექსტში. მიმართვის ავტორები კატეგორიულად მოითხოვენ ერთი კვირის ვადაში მინიმუმ თანამდებობიდან იქნენ გათავისუფლებულნი შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნები - კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თავმჯდომარე დათა ახალაია, მისი მოადგილე მელნიკოვი და, მათთან ერთად, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსი სანოძე. საზოგადოებაში არსებობს ეჭვი, რომ სწორედ ეს ადამიანები იყვნენ დანაშაულის შემკვეთები. ასეც რომ არ იყოს, მოკლულის მშობლებისა და მათი გულშემატკივრებისთვის გაუგებარია, რატომ უნდა ინარჩუნებდნენ თანამდებობებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ის მაღალჩინოსნები, რომელთა თანამშრომლებიც მკვლელობის ბრალდებით არიან დაკავებულნი.

[ირინა ენუქიძის ხმა] "მელნიკოვი, სანოძე, ახალაია, დონაძე, რა თქმა უნდა, თაკო მერაბიშვილიც - სად არის ეს ხალხი, რატომ არ იკითხებიან, სად არის მთავრობა და, თუ არ არის მთავრობა, მაშინ, ხალხო, ადექით ფეხზე! არ უნდა გავჩერდეთ!"

ეს ამა წლის იანვარში მოკლული სანდრო გირგვლიანის დედა იყო. "კინოს სახლში" გამართულ შეკრებაზე მის გამოსვლას ასეთი რეაქცია ახლდა:

[შოთა ნადირაშვილის ხმა] "ეს არის ეროვნული ტრაგედია, როცა ასეთ საქმეებს ერი ვერ პასუხობს, როგორც საჭიროა. მეგობრებო, ეს ჩვენ გვეხება!"

ამ სიტყვებით შეკრებილებს აკადემიკოსმა შოთა ნადირაშვილმა მიმართა. იყო პერსონალური მიმართვები ხელისუფლებისადმიც:

[გოგი ხოშტარიას ხმა] ”ამას გეუბნებათ გოგი ხოშტარია, რომელსაც ყველაფერი აქვს ნანახი. მთელი ჩემი გამოცდილებიდან გეუბნებით: ძალიან ცუდად დამთავრდება ეს ამბავი, თუ გონს არ მოეგებით!” (სტილი დაცულია)

ამ და სხვა გამოსვლების შემდეგ ხელისუფლებისადმი საზოგადოების წარმომადგენლების მიმართვის ტექსტს ასობით ადამიანმა მოაწერა ხელი. შინაგან საქმეთა მინისტრს ყველამ ერთად ერთი კვირა მისცა გირგვლიანის მკვლელობის ორგანიზატორთა გამოვლენისა და დასჯისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში, მომავალ პარასკევს შედგება საპროტესტო აქცია შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, მინისტრის გადაყენებისა და პრეზიდენტთან შეხვედრის მოთხოვნით.
XS
SM
MD
LG