Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ შეწყდა მცირე მეწარმეთა და მოვაჭრეთა საპროტესტო აქცია?


10 მარტს საქართველოს პარლამენტის წინ კვლავ შეიკრიბნენ ბაზრობებსა და სხვა სახის მცირე სავაჭრო ობიექტებზე დასაქმებული მოქალაქეები.

ისინი სალარო აპარატების სავალდებულო მოხმარების წესის წინააღმდეგ გამოდიან. როგორც ცნობილია, წინა დღით საპროტესტო აქციის ლიდერებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა დიალოგზეც კი უარი უთხრა და განაცხადა, რომ სალარო აპარატების სავალდებულო მოხმარების წესი არ შეიცვლება. მაგრამ 10 მარტს, ოპოზიციისთვის მოულოდნელად, მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ დიალოგისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

9 მარტს, გვიან საღამოს, პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, სალარო აპარატების პრობლემის ირგვლივ გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებმა გამოაცხადეს, რომ მომდევნო დღეებში უფრო ხალხმრავალ საპროტესტო აქციებს მოაწყობდნენ.

10 მარტს, 13 საათზე, საქართველოს პარლამენტის წინ შეკრებილი მოქალაქეების რიცხვი გაცილებით ნაკლები იყო, 9 მარტის აქციის მონაწილეთა რაოდენობასთან შედარებით.

[ისმის აქციის ხმა] ”აი, ასე არის გაღიზიანებული ქართველი ხალხი...”
[აქციის მონაწილის ხმა] ”გაჭირვებული ხალხი ვართ მოსული...”
[აქციის მონაწილის ხმა] ”მოკვდა ვარდების რევოლუცია...”

აქციის პარალელურად საქართველოს პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომა მიმდინარეობდა. მასზე დემოკრატიული ფრონტის ერთ-ერთმა ლიდერმა, კობა დავითაშვილმა, სალარო აპარატების სავალდებულო მოხმარების წესის გადავადება მოითხოვა და კომიტეტს შესაბამისი კანონპროექტიც შესთავაზა. ისევე როგორც 9 მარტს იურიდიულ კომიტეტში, 10 მარტს დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტშიც უარი თქვეს ოპოზიციის კანონპროექტის მხარდაჭერაზე. მიუხედავად ამისა, პარლამენტიდან მიტინგზე დაბრუნებულმა კობა დავითაშვილმა, აი, ასეთი განცხადება გააკეთა:

[კობა დავითაშვილის ხმა] ”იქ მობრძანებული იყო ვიცე-სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი და მან განაცხადა, რომ...”

კობა დავითაშვილმა ეს საპროტესტო აქციების ძალისხმევის შედეგად გამოაცხადა და მიტინგიც ამით დაიშალა.

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, პარლამენტის ვიცე- სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა კი, კობა დავითაშვილის განცხადება საპროტესტო აქციის დაშლისთანავე უარყო:

[მიხეილ მაჭავარიანის ხმა] ”შეიძლება მას ეს სჭირდებოდა, რომ მიტინგის მონაწილეებისთვის რაიმე ეხარებინა, მაგრამ მე ამაში არ გამოვადგები. მიმაჩნია, რომ კანონპროექტი არის მოუმზადებელი და მიმაჩნია, რომ საკასო აპარატები არის ერთადერთი გზა, რომ აღირიცხოს პროდუქცია სწორად.” (სტილი დაცულია)

ოპოზიციას გადაწყვეტილი აქვს სალარო აპარატების სავალდებულო გამოყენების წინააღმდეგ მიმართული აქცია მომავალი კვირის ოთხშაბათს განაახლოს. სწორედ ამ დღისთვისაა დაგეგმილი პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა, რომელზეც სალარო აპარატების პრობლემა უნდა განიხილონ.
XS
SM
MD
LG