Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეში გარეული მაღალჩინოსნების თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნას სახალხო დამცველი აყენებს, ადვოკატი კი მოწმეთა ხელახალ დაკითხვას ითხოვს


სანდრო გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით, დღეს თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში შუამდგომლობები წარადგინა ოჯახის ადვოკატმა შალვა შავგულიძემ.

იგი შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის დათა ახალაიას, მისი მოადგილის ოლეგ მელნიკოვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელის ვასილ სანოძის, სამინისტროს პრესსამსახურის ყოფილი უფროსის გურამ დონაძისა და შინაგან საქმეთა მინისტრის მეუღლის თაკო სალაყაიას ხელახლა დაკითხვას მოითხოვს. გამოძიების ობიეტურობისა და ეფექტურობის მიზნით, ადვოკატი მოწმეთა დაკითხვის პროცესზე დასწრებას თავადაც აპირებს.

ადვოკატს, ამ შემთხვევაში კი შალვა შავგულიძეს, თავის მიერ დაყენებილი შუამდგომლობების საფუძველზე ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებზე დასწრების უფლებას სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 71–ე და 79–ე მუხლები აძლევს. პროკურატურიდან პასუხი ადვოკატმა სამ დღეში უნდა მიიღოს. იგი იმედოვნებს, რომ საგამოძიებო ორგანო საპროცესო კოდექსის იმპერატიული მოთხოვნის ნებას დაჰყვება და ყველა საეჭვო გარემოებას ობიექტურად შეისწავლის:

[შალვა შავგულიძის ხმა]“ საპროცესო კოდექსის მე–18 მუხლი ითხოვს, რომ გამოძიება უნდა ჩატარდეს ყოველმხრივად, სრულად და ობიექტურად. თუ გამოძიებას აქვს სურვილი, რომ დააკმაყოფილოს კანონის ეს მოთხოვნა და ჩაატაროს ყოველმხრივი და სრული გამოძიება და არ შემოიფარგლოს ნახევარსიმართლით, მაშინ მე ვფიქრობ, ეს შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს.“

შუამდგომლობის - ანუ შარდენ–ბარში 27 იანვარს შეკრებილი გამოძიებისათვის საინტერესო პირების ხელახალი დაკითხვის მოთხოვნის - მიზეზი ერთი გარემოება გახდა. კერძოდ, მოწმე თათია მაისურაძის ჩვენებით, სუფრასთან მყოფმა პოლიციის მაღალჩინოსანმა ოლეგ მელნიკოვმა შარდენ-ბარი სანდრო გირგვლიანისა და მისი თანმხლები ლევან ბუხაიძის გასვლისთანავე დატოვა და მხოლოდ 30–40 წუთის შემდეგ დაბრუნდა. ადვოკატს საეჭვოდ ეჩვენება მოტივი, რომელიც მოგვიანებით მელნიკოვმა დაასახელა - კერძოდ, სიგარეტ “კენტის” შეძენა შარდენ-ბარიდან საკმაოდ შორს, ვაკეში, სუპერმარკეტ ბიგ–ბენში. „სუპერმარკეტის უსაფრთხოების სამსახურის კუთვნილი გადამღები აპარატურის ვიდეოკასეტების გაშიფვრამ დაადასტურა, რომ მელნიკოვი ბიგ–ბენში საერთოდ არ შესულა,” - ამბობს ადვოკატი და განაგრძობს:

[შალვა შავგულიძის ხმა]“ ტელეკომპანია “იმედის” ტელეარხით გადაიცა ერთ–ერთი მოწმის, ქალბატონ თათია მაისურაძის, განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ 27 იანვარს, სუფრის დაწყებისას, ქალბატონ თაკო სალაყაიას მძღოლმა მოუტანა და გადმოსცა 2 კოლოფი სიგარეტი „კენტი“. აქედან გამომდინარე, ეჭვს იწვევს ის გარემოება, რომ ორიოდე საათის მანძილზე ქალბატონი თაკო ამ სიგარეტს გახარჯავდა 2 კოლოფს და საჭირო გახდებოდა მელნიკოვის წასვლა ქალბატონ თაკოსთვის ისევ ამ სიგარეტ “კენტის” მოსატანად.“

ადვოკატი მოწმეთა დაკითხვას, ძირითადად, მელნიკოვის ბარიდან გასვლისა და დაბრუნების გარემოებების დასადგენად ითხოვს. ამ ეტაპზე ამით ამოიწურება დაცვის შუამდგომლობა. კიდევ უფრო მკაცრი და კატეგორიულია საქართველოს სახალხო დამცველი სოზარ სუბარი, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრისგან სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებული თანამდებობის პირების გათავისუფლებას ითხოვს. იგი განმარტავს, რომ ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში ამგვარ სკანდალში გახვეული ადამიანები თავადვე მიიღებდნენ მაღალი პოსტების დატოვების გადაწყვეტილებას:

[სოზარ სუბარის ხმა]“ მკვლელობაში ეჭვმიტანილების დაპატიმრებამ არათუ მოხსნა ის ეჭვები, რომელიც ამ მკვლელობის შემდეგ გამოჩნდა, პირიქით, კიდევ უფრო გამძაფრდა უკმარისობის გრძნობა და კიდევ უფრო უპასუხო გახდა კითხვები. კერძოდ: ვაშენებთ თუ არა ისეთ ქვეყანას, სადაც ადამიანის უფლებები და ადამიანის სიცოცხლე დაცულია; ხომ არ გაუფასურდა უმთავრესი ღირებულება, ადამიანის სიცოცხლე, და ხომ არ ემუქრებიან ამ ღირებულებას სწორედ ის უწყებები, რომლებიც მისი დაცვისთვის არიან მოწოდებულნი. ერთადერთი პასუხი, რომელიც ამ კითხვებზე ჯერჯერობით მივიღეთ, არის ის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში ყოფილა დამსჯელი რაზმი, რომელიც კანონზე მაღლა დგას და, სურვილის შემთხვევაში, შეუძლია ნებისმიერი ადამიანის ლიკვიდაცია.“

სოზარ სუბარი შენიშნავს, რომ სანდრო გირგვლიანის მკვლელობამ საფრთხე შეუქმნა ხელისუფლების მიღწევებს. ეჭვქვეშ დადგა კორუფციასთან, ნარკობიზნესთან, ტერორიზმთან, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლაში მიღწეული წარმატებები, რადგან ძნელია ირწმუნო იმ წარმატებების, რომლებიც თურმე გულცივი მკვლელების ხელით იქმნებოდა.

ეს ის შემთხვევაა, როდესაც საქართველოს სახალხო დამცველი საზოგადოების მაქსიმალური უმრავლესობის აზრს გამოხატავს. შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ამ საზოგადოების ერთი ნაწილის მიერ საქმის ობიექტურად გამოძიებისა და მკვლელობის შემკვეთთა დასახელებისათვის მიცემული ულტიმატუმის ვადა სამ დღეში იწურება.


XS
SM
MD
LG