Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რამდენად გამოდგება საქართველოსთვის საზღვრის კონტროლის მოლდავეთ-უკრაინის მოდელი


16 მარტს საქართველოს პარლამენტმა, უკრაინისა და მოლდავეთის ერთობლივი დეკლარაციის ამოქმედებასთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება მიიღო.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს პარლამენტი მიესალმება მოლდავეთ-უკრაინის მიერ დნესტრისპირეთის საზღვრის ერთობლივ გაკონტროლებას და ამ პროცესში ევროკავშირის გააქტიურებას. აქვე იმედია გამოთქმული, რომ ანალოგიური მოდელის დანერგვა საქართველოს სეპარატისტული რეგიონის საზღვრებზეც მოხერხდება.

მოლდავეთისა და უკრაინის პრემიერ-მინისტრების ერთობლივი დეკლარაციის მიხედვით ეს ორი ქვეყანა ერთობლივად გააკონტროლებენ დნესტრისპირეთის საზღვრებს. მისი გადაკვეთა თუ ტვირთების გადატანა როგორც უკრაინაში ასევე პირიქით მოლდავეთის კანონმდებლობის შესაბამისად განხორციელდება.

[ნინო ბურჯანაძის ხმა] ”ეს არა მარტო მნიშვნელოვანია ამ ორი ქვეყნისათვის, არამედ ძალიან მნიშვნელოვანი პრეცედენტია საქართველოსათვის. განსაკუთრებით იგივე როკის გვირაბთან მიმართებაში. იმიტომ, რომ ჩვენ რასაც ვითხოვდით საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან, ეს იყო სწორედ როკის გვირაბის ასეთივე ერთობლივი კონტროლისა და საკონტროლო მექანიზმების დაწესებას, როგორიც ახლა შესაძლებელი გახდა დნესტრისპირეთში.”

ასეთი განცხადება გააკეთა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ მოლდავეთ-უკრაინის დეკლარაციის მხარდაჭერისას. ამ დეკლარაციის პრინციპებზე საუბარს აპირებს რუსეთის დუმაში ვიზიტისას საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი, რომელიც მოსკოვში 20 მარტს მიემგზავრება. მისი განცხადებით, საქართველოს პარლამენტი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ უკრაინა-მოლდავეთის მსგავსი მექანიზმი როკის გვირაბსა და მდინარე ფსოუზეც ამოქმედდეს.

საქართველოს ხელისუფლების ასეთი ოპტიმიზმი უსაფუძვლოდ მიაჩნია სამხედრო პოლიტიკის ექსპერტს კახა კაციტაძეს. მისი აზრით, რუსეთი არ დათანხმდება უკრაინა-მოლდავეთის დეკლარაციის მსგავს შეთანხმებას.

[კახა კაციტაძის ხმა] ”მაშინ უნდა აღიაროს, რომ მთელი პოლიტიკა, რასაც წლების მანძილზე ატარებდა საქართველოსთან მიმართებაში, იყო არაადექვატური. ამის გარდა გეოგრაფიული ფაქტორი მუშაობს. იქ ადვილია დნესტრისპირეთის ბლოკირება. სამწუხაროდ, მე არა მგონია, რომ აქ ანალოგიის გატარება მოხერხდეს. წარმოიდგინეთ, საქართველო-რუსეთს შორის ეს რომ შედგეს, აყვირდებიან გარკვეული პოლიტიკური ძალები, რომ შიმშილით ვხოცავთ ჩვენს მოქალაქეებს. დნესტრისპირეთის შემთხვევაში ეს არ მუშაობს.”

კახა კაციტაძე იმასაც იხსენებს, რომ რამდენიმე წლის წინ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება აფხაზეთის ბლოკადის შესახებ ფარატინა ქაღალდად დარჩა. ასევე რუსეთის აქტიური ძალისხმევით შეწყდა ეუთოს სადამკვირვებლო მისია საქართველო-რუსეთის საზღვრის ჩეჩნეთის მონაკვეთზე. ხოლო ევროკავშირის მცდელობა, ეუთოს მისია გაეგრძელებინა, მხოლოდ მესაზღვრეების მომზადების პროექტით დამთავრდა.

ექსპერტი კახა კაციტაძე მოლდავეთ-უკრაინის დეკლარაციის მაგალითს და მის განხორციელებაში ევროკავშირის ჩართვას მაინც მნიშვნელოვან პრეცენდენტად მიიჩნევს. მისი აზრით, ამგვარი პრეცენდენტები პოსტსაბჭოთა სივრცეში გაყინული კონფლიქტების მოგვარებაში საერთაშორისო თანამეგობრობის უფრო აქტიურად ჩართვას შეუწყობს ხელს, რაც კონფლიქტების გადაწყვეტასაც წაადგება.
XS
SM
MD
LG