Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო აფხაზეთში ჩადენილი დანაშაულებით დაინტერესდა


1998 წლის 17 ივლისს რომში გაეროს ეგიდით ჩატარებულ სახელმწიფოთა კონფერენციაზე მიღებულ იქნა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წესდება, ე.წ.

"რომის სტატუტი", რომელმაც დასაბამი დაუდო მსოფლიოს ისტორიაში პირველი მუდმივმოქმედი სისხლისსამართლებრივი მართლმსაჯულების განმახორციელებელი ორგანოს შექმნას, თუმცა საერთაშორისო სასასამართლო რეალურად მხოლოდ ხუთი წლის შემდეგ, 2003 წლის მარტში ამოქმედდა, როცა ჰოლანდიის ქალაქ ჰააგაში ფიცი პირველმა 18-მა მოსამართლემ დადო. მიმომხილველთა დიდმა ნაწილმა ეს ფაქტი ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში ბოლო ნახევარი საუკუნის ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად მიიჩნია. პირველ რიგში აღსანიშნავია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ქვემდებარე დანაშაულთა ნუსხა: გენოციდის დანაშაული, ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული და ომის დანაშაულობები. აფხაზეთის იუსტიციის ყოფილი მინისტრი პაატა დავითაია ამბობს, რომ საერთაშორისო სასამართლოს პროკურატურა აფხაზეთის ტერიტორიაზე 2003 წლის შემდეგ ჩადენილი დანაშაულებითაც დაინტერესდა. რატომ?

პაატა დავითაიამ ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს განაცხადით ჯერ კიდევ მინისტრობისას მიმართა, თუმცა, ხელისუფლების პასიურობის გამო, მისმა ძალისხმევამ მაშინ შედეგი ვერ გამოიღო. მოგვიანებით, თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ, დავითაიამ, უკვე როგორც კერძო პირმა, კვლავ შეადგინა სარჩელი. თითქმის ორწლიანი ლოდინის შემდეგ აფხაზეთის მთავრობის ყოფილმა წევრმა ჰააგიდან წერილი მიიღო:

[პაატა დავითაიას ხმა] „ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ მისცა კვალიფიკაცია აფხაზეთის საქმესთან დაკავშირებით. რომის სტატუტიდან გამომდინარე, საერთაშორისო სასამართლოს პროკურატურა განიხილავს აფხაზეთში ჩადენილ დანაშაულს რომის სტატუტის ორი მუხლით. პირველი: მუხლი 6 - გენოციდი და მეორე: მუხლი 8 - სამხედრო დანაშაულები.“(სტილი დაცულია)

დავითაიას თქმით, საერთაშორისო სასამართლოს პროკურატურა საფუძვლად იღებს აფხაზეთის ტერიტორიაზე გასული საუკუნის ბოლო ათწლეულში მომხდარ დანაშაულებს, თუმცა საქართველოდან სათანადო ფაქტების მიწოდების შემთხვევაში მხოლოდ 2003 წლის შემდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმეებით დაინტერესდება. რა სახის დანაშაული ხდება აფხაზეთის ტერიტორიაზე ომის დასრულებიდან ლამის 14 წლის შემდეგ? ამ კითხვით მე აფხაზეთიდან დევნილებს მივმართე.

[მამაკაცის ხმა] „ქართველობის გამო. ძალით მიჰყავთ ჯარში 17-18 წლის ბიჭები. ვინც წინააღმდეგია, იმათ ხოცავენ... ახალგაზრდები ასე უაზროდ იკარგებიან, ქრებიან.“

[მამაკაცის ხმა] „ხოცავდნენ ხლხს! უიარაღო ადამიანების მოკვლა როგორ შეიძლება?! ბავშვებს არ ინდობდნენ, დიდებს და მოხუცებსაც! ადრე უნდა ეჩივლათ, მაგრამ, ალბათ, შევარდნაძემ არ გაუშვა, არ მისცა უფლება, თორემ უკვე გარკვეული იქნებოდა ყველაფერი.“

პაატა დავითაიაც ამბობს, რომ ხელისუფლების ჩარევისა და აქტიურობის გარეშე საქმე ლოგიკურ დასასრულამდე ვერ მივა. საჭიროა მომხდარი დანაშაულების კვალიფიცური გამოძიება:

[პაატა დავითაიას ხმა] „ის გზა, რაც ჩემ მიერ ამ სამი წლის განმავლობაში იქნა გავლილი, მივიდა ეტაპამდე, როდესაც სახელმწიფომ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე. რაზეა ლაპარაკი? მტკიცებულებებს პაატა დავითაია ვერ წარადგენს იმის გამო, რომ მე არ ვარ პროკურორი, მე არ მაქვს უფლება გამოვიძიო, რაც მოხდა.“(სტილი დაცულია)


დავითაია, ზოგადად, ხელისუფლებისა და პროკურატურის გარდა, პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კომისიასაც მიმართავს. შოთა მალაშხია, ამ კომისიის თავმჯდომარე, ამბობს, რომ ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დაინტერესებას უყურადღებოდ არ დატოვებს. დეპუტატის თქმით, მთავარი დამნაშავეების დასჯაა:

[შოთა მალაშხიას ხმა] „უნდა დაისაჯოს ის დამნაშავე, ვინც დანაშაული ჩაიდინა ამ ტერიტორიაზე, ჰააგის ტრიბუნალის თუ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მეშვეობით. შესაძლოა, ორი მიმართულებით ვიმუშაოთ. თვით რუსეთის წინააღმდეგაც. ვგულისხმობ ანექსიის ცნობის შესაძლებლობას.“

ჰააგიდან მიღებული წერილის თანახმად, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურატურა აფხაზეთში დისლოცირებული სამშვიდობო ძალების საქმიანობითაც ინტერესდება. არ არის გამორიცხული, საერთაშორისო სასამართლომ რუსი სამხედროების მიერ ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაულების შესახებაც იმსჯელოს. პაატა დავითაიას თქმით, ომის დანაშაულის კვალიფიკაციის მინიჭების შემთხვევაში, რუსეთი საქართველოში სამშვიდობო მისიის შესრულების მორალურ და იურიდიულ საფუძველს დაკარგავს.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG