Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საკადრო ცვლილება აფხაზეთის ლეგიტიმურ ხელისუფლებაში - ვინ ცვლის აფხაზეთის მთავრობის მეთაურის პოსტზე ირაკლი ალასანიას


20 მარტს საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტმა საკმაოდ მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო. ამ გადაწყვეტილებით, აფხაზეთის დევნილობაში

მოქმედი მთავრობის მეთაურის პოსტი ვაკანტური შეიქნა, რადგან ირაკლი ალასანია სახელმწიფო კანცელარიაში აფხაზეთის საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლად იქნა დანიშნული. იმავდროულად, ის ინარჩუნებს ქართულ-აფხაზურ მოლაპარაკებებში პრეზიდენტის პირადი წარმომადგენლის სტატუსს. ალასანიას შემცვლელად აფხაზეთის მთავრობაში მალხაზ აქიშბაიას კანდიდატურა დასახელდა - აქამდე ის დევნილობაში მოქმედ მთავრობაში ფინანსთა მინისტრის მოვალეობას ასრულებდა. აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს სესია მისი საკითხის გადასაწყვეტად 21 მარტს შეიკრიბა.

უმაღლეს საბჭოს გადაწყვეტილების მიღების პროცესი, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თემურ მჟავიას თქმით, ტექნიკური მიზეზების გამო გაუჭიანურდა. ჩვენი ინფორმაციით კი, აფხაზეთის უმაღლესი საბჭო 21 მარტს მთელი დღის მანძილზე ელოდა დოკუმენტს ( პრეზიდენტის რეზოლუციას), რომელიც უნდა ყოფილიყო ერთგვარი ვიზა აფხაზეთის მთავრობის მეთაურის დასამტკიცებლად. მეთაურის პოსტზე სესია ერთადერთ კანდიდატურას განიხილავდა - აფხაზეთის ფინანსთა მინისტრის მალხაზ აქიშბაიას კანდიდატურას. ”ეს გახლავთ შეთანხმებული კანდიდატურა, თუმცა ვერ გეტყვით, როგორი იქნება გადაწყვეტილებაო,” - გვითხრა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ თემურ მჟავიამ 21 მარტს, საღამოს, უმაღლესი საბჭოს სესიის განახლების წინ. დილით, სესიის მიმდინარეობისას, უმაღლესი საბჭოს რამდენიმე დეპუტატს ვესაუბრე. მათი დამოკიდებულება აქიშბაიას ალასანიას შემცვლელად დასახელების ფაქტისადმი დაახლოებით ისეთი იყო, როგორიც, მაგალითად, გია გვაზავას ჰქონდა:

[გია გვაზავას ხმა] ” აფხაზეთიდან არის. ეს დადებითი ფაქტორია. იცის პრობლემა, ჩვენი ტკივილი იცის. მას არ გააჩნია გამოცდილება პოლიტიკური მოღვაწეობის, მაგრამ ეს შევსებადია. არ არის ცუდი პიროვნება და მას, ალბათ, მხარს დავუჭერთ. ” (სტილი დაცულია)

მალხაზ აქიშბაია 1989 წელს დაიბადა სოხუმში, იქვე დაამთავრა საშუალო სკოლა, რის შემდეგაც სწავლა კიევში განაგრძო საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტში, საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების ფაკულტეტზე. 96-99 წლებში სწავლობდა დიდ ბრიტანეთში, სადაც გაიარა ბიზნესის მართვის ადმინისტრირების სრული პროგრამა. ”ვარდების რევოლუციის” შემდეგ მუშაობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ერთ-ერთი დეპარტამენტის დირექტორად. შემდეგ გადაინაცვლა ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატში, ბოლო პერიოდში კი დევნილობაში მოქმედ აფხაზეთის მთავრობაში ფინანსთა მინისტრის ფუნქციას ასრულებდა. ის თავადაც აღიარებს, რომ აკლია პოლიტიკური მიმართულებით მუშაობის გამოცდილება, თუმცა იქვე განმარტავს, რომ აფხაზეთის მთავრობის მეთაურს ამის შემდეგ პოლიტიკური დატვირთვა თითქმის არ ექნება:

[მალხაზ აქიშბაიას ხმა] ”პოლიტიკა მაინც ბატონ ირაკლის ხელში იქნება, ვინაიდან ის იქნება პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი მოლაპარაკებებში. ჩვენ დაკავებულნი ვიქნებით შიდა პრობლემებით. თუ არის მთავრობა, მას უნდა ჰქონდეს ურთიერთობა თავის მოსახლეობასთან. ჩვენ ვიქნებით პირველ ეტაპზე ხიდი დევნილებსა და ცენტრალურ ხელისუფლებას შორის, რომ ადგილზე დავაფიქსიროთ მათი პრობლემები, წარვუდგინოთ რეკომენდაციები ცენტრალურ ხელისუფლებას და დავეხმაროთ დევნილ მოსახლეობას პრობლემების გადაჭრაში. ”

ჩვენთან საუბრისას მალხაზ აქიშბაიამ აღნიშნა, რომ აფხაზეთის მთავრობის სამომავლო საქმიანობა უფრო სამეურნეო საქმიანობად წარმოუდგენია. ის საჭიროდ მიიჩნევს წინამორბედის დროს დაწყებული სტრუქტურული რეფორმის, სტრუქტურული რეორგანიზაციის გაგრძელებას, აფხაზეთის დევნილ მინისტრთა კაბინეტში ახალგაზრდა კადრების მიყვანას და კადრების შესარჩევად სოხუმის უნივერსიტეტთან აქტიურ თანამშრომლობას.

რაც შეეხება ირაკლი ალასანიას, ის პრეზიდენტის მრჩევლის პოსტიდან შეასრულებს ქართულ-აფხაზურ მოლაპარაკებებში პრეზიდენტის პირადი წარმომადგენლის ფუნქციას. მას აფხაზები საქართველოს ხელისუფლების იმ წარმომადგენლად მიიჩნევენ, ვისთანაც შეიძლება კონსტრუქციული დიალოგის წარმოება.

აფხაზეთის მთავრობის მეთაურად ირაკლი ალასანიას მალხაზ აქიშბაია ცვლის. ახალ თანამდებობაზე აფხაზეთის უმაღლესმა საბჭომ ის 21 მარტს, დღის მიწურულს, 20 ხმით დაამტკიცა.
XS
SM
MD
LG