Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”კონსერვატიული პარტია” ედუარდ შევარდნაძეს უმძიმეს ბრალდებას უყენებს, რას ფიქრობს თავად შევარდნაძე მის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებაზე


ამ ორიოდე დღის წინ ”კონსერვატიულმა პარტიამ” გამოაქვეყნა ედუარდ შევარდნაძის და ასლან აბაშიძის სატელეფონო საუბრის ჩანაწერი - ჩანაწერი, რომელშიც ყოფილი პრეზიდენტი აჭარის ყოფილ მეთაურს

”ვარდების რევოლუციის” წინ ურჩევს გამოვიდეს დანარჩენი საქართველოდან აჭარის გამოცალკევების მოთხოვნით, ხოლო იქვე ხაზგასმით შენიშნავს, რომ ასეთი რამის დაშვება შეუძლებელია და რომ საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის ერთიანობის დევიზით მოქმედებს. ამ ჩანაწერის საფუძველზე ”კონსერვატიული პარტიის ” ლიდერებმა ედუარდ შევარდნაძე სამშობლოს ღალატში დაადანაშაულეს და მისი გასამართლება მოითხოვეს. ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის მოთხოვნით კობა დავითაშვილმა შევარდნაძის და აბაშიძის სატელეფონო საუბრის აუდიოჩანაწერი საქართველოს გენერალურ პროკურატურას უკვე გადასცა. რას ფიქრობს თავად ედუარდ შევარდნაძე მის წინააღმდეგ გამოთქმულ ბრალდებაზე?

[ასლან აბაშიძის ხმა] ”მაგენი აქ მოგვადგებიან და მერე უნდა ვიბრძოლო. ჯობია ეხლა ვიბრძოლო თბილისში თქვენთან ერთად.”(სტილი დაცულია)

[ედუარდ შევარდნაძის ხმა] ”მოთხოვნებში აუცილებლად უნდა გაიჟღეროს (ეს ჩემი რჩევაა და კარგი იქნება, თუ გაითვალისწინებ), აი, იმის ჩამოსვლამ და დებოშმა მანდ და შეურაცხყოფამ, რომელიც მან აჭარას მიაყენა, გამოიწვია ისეთი რეაქცია, რომ იძულებულ ვარ, გამეკეთებინა განცხადება: ასეთი ხალხი თუ მოვა, გავალთ საქართველოს შემადგენლობიდან. მარა მე, რა თქმა უნდა, ამას არ დავუშვებ.” (სტილი დაცულია)

”კონსერვატიული პარტიის”ლიდერები ირწმუნებიან, რომ სატელეფონო საუბარი, რომლის ჩანაწერიც სხვადასხვა ტელევიზიების მეშვეობით მთელმა ქვეყანამ მოისმინა, ”ვარდების რევოლუციის” წინ, ნოემბრის პირველ რიცხვებში, სადღაც 2-დან 6 ნოემბრამდე შედგა. არსებობს სხვა ჩანაწერიც - ნინო ბურჯანაძის და ასლან აბაშიძის სატელეფონო საუბრის აუდიოჩანაწერი, სადაც აბაშიძე ბურჯანაძეს ეუბნება, საქართველო განიხილეთ აჭარის გარეშეო. კონსერვატორების ინფორმაციით, ასლან აბაშიძესა და ნინო ბურჯანაძეს შორის ეს სატელეფონო საუბარი მას შემდეგ შედგა, რაც აბაშიძემ მაშინდელი პრეზიდენტისგან მიიღო რჩევა, გამოსულიყო დანარჩენი საქართველოსგან აჭარის გამოყოფის მოთხოვნით.
კობა დავითაშვილს, როგორც საქართველოს პარლამენტის წევრს, აქვს კონსტიტუციით განსაზღვრული უფლება, არ მისცეს გამოძიებას ჩვენება იმის შესახებ, თუ ვისგან და როგორ მოიპოვა ყოფილი პრეზიდენტის სატელეფონო საუბრის აუდიოჩანაწერი და ის აპირებს ისარგებლოს ამ უფლებით. მოთხოვნა ერთია:

[კობა დავითაშვილის ხმა] ” საკუთარი სკამის გადასარჩენად სთავაზობს ასლან აბაშიძეს, რომ მან აქტიურად გააჟღეროს აჭარის საქართველოდან გამოყოფის თემა იმ შემთხვევაში, თუ ორივესთვის მიუღებელი ძალები მოვლენ ხელისუფლებაში. ეს ადამიანი არ უნდა იჯდეს კრწანისში და არ უნდა ღებულობდეს სახელმწიფო პენსიას. ”

კობა დავითაშვილის და მისი თანაპარტიელების აზრით, სატელეფონო საუბრის ჩანაწერი ედუარდ შევარდნაძეს სამშობლოს ღალატში ამხელს და სწორედ ამ მიმართულებით უნდა მოხდეს მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის წარმოება. საინტერესოა კონსერვატორების მოთხოვნაზე მმართველი ძალის წარმომადგენლის, ნიკა გვარამიას, რეაქცია: ” თუ ასეთი საუბარი მართლაც შედგა და ასეთი განცხადებები მართლა გაკეთდა, ყოფილი პრეზიდენტის პასუხისმგებლობის საკითხი მართლაც უნდა დადგეს, ოღონდ არა მხოლოდ ამ ჩანაწერის საფუძველზე. მთელი პრცოდურები იქნება ჩასატარებელი, მათ შორის, დაკითხვის პროცედურები. თავიდანვე არ შეიძლება ამ მასალის მიჩნევა არასაკმარის მტკიცებულებად. სხვა საკითხია, კანონიერი გზით არის თუ არა ის მოპოვებული იმ წყაროს მიერ, რომელმაც გადასცა მასალა პარლამენტის წევრებს. ეს უკვე გამოძიების გასარკვევია,” - თქვა ჩვენთან საუბრისას ნიკა გვარამიამ.

თავად ედუარდ შევარდნაძე აცხადებს, რომ გაუჭირდება მის მიმართ წაყენებულ მძიმე ბრალდებასთან დაკავშირებით წამოჭრილ შეკითხვებზე პასუხის გაცემა მანამდე, სანამ არ დადგინდება, ვისი განკარგულებით მოხდა მისი სატელეფონო საუბრის ჩაწერა:

[ედუარდ შევარდნაძის ხმა] ”თუ არ იქნება ცნობილი, ვისი განკარგულებით მოხდა ეს, მონტაჟია თუ არ არის მონტაჟი, ნამდვილია თუ არა, სულ ერთია. ვისი განკარგულებით მოხდა, ამის დადგენის გარეშე ძნელია შეკითხვებზე პასუხის გაცემა. ”

”ამ დღეებში ვაპირებ წიგნის ჩაბარებას. ვფიქრობ საქართველოში მის გამოცემაზე. იქ ყველაფერია ნათქვამი, ყველა შეკითხვაზე პასუხია გაცემულიო,” - აღნიშნა 22 მარტს საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა ”რადიო თავისუფლებისთვის” მიცემულ ინტერვიუში და იქვე სკანდალურ ჩანაწერთან დაკავშირებით დასძინა:

[ედუარდ შევარდნაძის ხმა] ”აჭარაში ვერ ჩაიწერდნენ იმას, რასაც მე ვლაპარაკობდი აქ. აქ მოხდა ეს. ”

საპირისპირო ვერსია აქვს ლაშა ნაცვლიშვილს, რომელსაც ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლებაში უშიშროების მინისტრის მოადგილის პოსტი ეკავა:

[ლაშა ნაცვლიშვილის ხმა] ”ვფიქრობ, ეს ჩანაწერი კეთდებოდა უშუალოდ რესპონდენტის, ასლან აბაშიძის მიერ, მისი მხრიდან მოხდა დაფიქსირება, ანუ წყარო იქ არის. ”

წყაროზე არაფერს ამბობენ ”კონსერვატორები”, აღნიშნავენ მხოლოდ იმას, რომ რევოლუციის შემდეგ უშიშროების სამსახურის ხელთ არსებული მასალები მისმა ყოფილმა თანამშრომლებმა სახლებში გასართობად გაიყოლეს და რა გასაკირია, თუკი დღეს ეს მასალები იოლი ხელმისაწვდომია.
XS
SM
MD
LG