Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინული არჩევნები, რომელმაც ქვეყნის მომავალი უნდა განსაზღვროს


4 დაახლოებით 30 სანტიმეტრის სიგრძის ბიულეტენი, რომელშიც 45 პარტია და ბლოკია წარმოდგენილი, უკრაინაში დაახლოებით 35 მილიონი დაიბეჭდა. ეს არის რაოდენობა ამომრჩევლებისა,

რომლებმაც 26 მარტს უკრაინის მომავალი უნდა განსაზღვრონ - აირჩიონ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, ქალაქის მერები და ქვეყნის პარლამენტი. კონსტიტუციის თანახმად არჩევნები უკრაინაში ჩატარებულად ჩაითვლება, თუკი მასში მონაწილეობას ამომრჩეველთა 30 პროცენტზე მეტი მიიღებს. უკრაინაში კი, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 16 საათისათვის ამომრჩეველთა დაახლოებით 20-მა პროცენტმა მიიღო მონაწილეობა, რაც იმას ნიშნავდა, რომ საპარლამენტო არჩევნები შედგა. ეს იქნება სამართლიანი არჩევნები, განაცხადა რადიო “თავისუფლებასთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანმა, სამთავრობო ბლოკის მეორე ნომერმა, ანატოლი კინახმა, რომელიც ხმის მისაცემად კიევის 119-ე საარჩევნო უბანში მივიდა.

[ანატოლი კინახის ხმა] “2004 წლის არჩევნებისაგან განსხვავებით, ეს არჩევნები თანაბარი კონკურენციის პირობებში ტარდება. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა თითოეულ მოქალაქეს შეეძლოს ნების თავისუფლად გამოხატვა, ყოველგვარი ძალისმიერი თუ ადმინისტრაციული ზეწოლის გარეშე. მე ვფიქრობ, რომ ეს ჩვენი ბოლოდროინდელი ყველაზე დიდი მიღწევაა, რომ ადამიანები არჩევნებზე გულღიად მოვიდნენ. ვფიქრობ, რომ უკრაინელი ხალხის სიბრძნე და პასუხისმგებლობა შესაძლებლობას მოგვცემს გავაძლიეროთ შანსი, ვიცხოვროთ დემოკრატიულ და თავისუფალ უკრაინაში.”

არჩევნების მიმდინარეობას აკვირდება ცნობილი რუსი პოლიტოლოგი სტანისლავ ბელკოვსკი, უკრაინისა და რუსე|თის ეროვნული სტრატეგიის ინსტიტუტის დამფუძნებელი, რომელმაც ჩვენთან საუბარში არჩევნებს უკრაინაში მაღალი შეფასება მისცა:.

[სტანისლავ ბელკოვსკის ხმა] “ეს არის პირველი ჭეშმარიტად დემოკრატიული არჩევნები პოსტსაბჭოთა სივრცეზე. ამ თვალსაზრისით, მე დიდი ენთუზიაზმი მაქვს. ვინც არ უნდა გაიმარჯვოს არჩევნებში, შედეგი იქნება ლეგიტიმური. ეს კი უკრაინის პოლიტიკური სისტემის უმნიშვნელოვანესი მიღწევაა.”


ხმის მიცემის პროცესი უკრაინაში ნორმალურად, არსებითი დარღვევების გარეშე მიმდინარეობდა. თუმცა იყო ცალკეული ექსცესები. განსაკუთრებით დისკომფორტს ქმნიდა დიდი რიგები ურნებთან. სადამკვირვებლო ორგანიზაცია “სრულიად უკრაინული ალიანსი” იტყობინება, რომ საარჩევნო კომისიის წევრები უარს ამბობენ შეიტანონ შესწორება სიაში, თუკი მოქალაქის გვარი არასწორად არის მითითებული. ქალაქ ჩირნიგოვში იყო შემთხვევა გარკვეულ საფასურად ამომრჩევლის მოსყიდვისა. ეუთოს და ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დამკვირვებელთა მისია საკუთარ შეფასებებს 27 მარტს საგანგებო პრესკონფერენციაზე გამოაქვეყნებს. მაგრამ ცხადია, რომ განმეორებითი ტური საპარლამენტო არჩევნების შემთხვევაში არ ჩატარდება. ასეთი ალბათობა, მართალია, არის კიევის მერის არჩევნების შემთხვევაში, სადაც ხმები შეიძლება გაიყონ მოქმედმა მერმა ალექსანდრ ომელჩენკომ და ცნობილმა პროფესიონალმა მძიმეწონოსანმა მოკრივე ვიტალი კლიჩკომ, რომელსაც მხარს ცნობილი “პორა” უჭერს.


26 მარტს ერთიმეორის მიყოლებით, ოღონდ უკრაინის სხვადასხვა ქალაქში, ჩაყარეს ბიულეტენები მოქმედმა პრეზიდენტმა ვიქტორ იუშჩენკომ და ორი უმსხვილესი ოპოზიციური ბლოკის - “უკრაინის რეგიონების” და “ბიუტის” - ლიდერებმა ვიქტორ იანუკოვიჩმა და იულია ტიმოშენკომ. სამივე დარწმუნებულია გამარჯვებაში, თუმცა ფაქტია, რომ უკრაინა ვერ ასცდება კოალიციურ მთავრობას, განაცხადა რადიო “თავისუფლებასთან” ინტერვიუში უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანმა ანატოლი კინახმა:

[ანატოლი კინახის ხმა] “კონსულტაციები გამუდმებით მიმდინარეობს, მაგრამ ჩვენ კატეგორიულად ვემიჯნებით კონსულტაციებს პრიმიტიულ პრინციპზე, რაც მხოლოდ პორტფელების გაყოფაში მდგომარეობს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია გავაერთიანოთ პროგრამები, იდეოლოგია, მეთოდები, რომლებიც შესაძლებლობას მოგვცემს გავაძლიეროთ და განუხრელად ვაქციოთ უკრაინის სამართლებრივ და დემოკრატიულ ქვეყნად ჩამოყალიბების პროცესი. და თუ ამ მთავარში კონსენსუსს მივაღწიეთ, დანარჩენ საკითხებს იოლად მოვაგვარებთ.”

საპარლამენტო არჩევნებს უკრაინაში თვალს ადევნებს საერთაშორისო და ადგილობრივ დამკვირვებელთა 5 ათასკაციანი ჯგუფი. ე.წ. ეგზიტპოლებს ატარებს სამი უმსხვილესი სოციოლოგიური ჯგუფი. ხმის პარალელურ დათვლას აწარმოებს რამდენიმე პოლიტიკური პარტია. თუმცა ამ გამოკვლევების შედეგები გამოქვეყნდება მას შემდეგ, რაც უკრაინაში საარჩევნო ურნები დაიხურება. წინასწარი სოციოლოგიური გამოკვლევით, სამპროცენტიან საარჩევნო ბარიერს ექვსი საარჩევნო სუბიექტი გადალახავს. მათგან ყველაზე მეტი - დაახლოებით ხმათა 30 პროცენტის მოპოვების - შანსი აქვს ბლოკს “უკრაინის რეგიონები”, რომელსაც ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვიქტორ იანუკოვიჩი ხელმძღვანელობს. არჩევნების საბოლოო შედეგები მთელი უკრაინის მასშტაბით 29 მარტს გახდება ცნობილი.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG