Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახელმწიფო კანცელარიის თანამშრომელს ჯაშუშობასა და სახელმწიფოს ღალატში ედება ბრალი


28 მარტს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სამშობლოს ღალატისა და ჯაშუშობის ბრალდებით, საკუთარ კაბინეტში სახელმწიფო კანცელარიის თანამშრომელი დააკავა. მინისტრ ვანო მერაბიშვილის თქმით,

პრეზიდენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომელი სიმონ კილაძე 2004 წლიდან უცხო ქვეყნის სამსახურებს სისტემატურად აწვდიდა ინფორმაციას პრეზიდენტის, მინისტრთა კაბინეტისა და პარლამენტის წარმომადგენელთა ვიზიტების, შეხვედრებისა და შეხვედრებზე განხილული საკითხების შესახებ..

სახელმწიფო კანცელარიის საინფორმაციო განყოფილების მრჩეველს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა სამსახურში დილის 11 საათზე მიაკითხეს.

[ისმის ხმა] „ყველაფერი, აქ ნათქვამი, შესაძლოა, თქვენსავე საწინააღმდეგოდ იქნეს გამოყენებული სასამართლოზე! გასაგებია? ხელი მოაწერეთ დაკავების ოქმს...“

სიმონ კილაძემ დაკავების ოქმს ხელი არ მოაწერა, თუმცა, ამის მიუხედავად, შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჯაშუშობასა და სახელმწიფოს ღალატში ბრალდებულ სახელმწიფო მოხელეს ბორკილები მაინც დაადეს, ხოლო კომენტარი სახელმწიფო კანცელარიის შენობაში ჩატარებული ოპერაციის შესახებ მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა გააკეთა:

[ვანო მერაბიშვილის ხმა] „სიმონ კილაძე უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებს სისტემატურად აწვდიდა საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების ხელმძღვანელების, სახელმწიფო დელეგაციების, შემდგარი შეხვედრების და ამ შეხვედრებზე განხილული საკითხებისა და სხვა სტრატეგიული მნიშვნელობის ინფორმაციას. კონსპირაციის მიზნით ინფორმაციას გადასცემდა ელექტრონული და საერთაშორისო ფოსტის მეშვეობით და ხშირად თავად ახდენდა უცხო ქვეყანაში ინფორმაციის გადატანას.“(სტილი დაცულია)

ვანო მერაბიშვილი არ ასახელებს იმ ქვეყანას, რომლის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაშიც დაკავებული კილაძეა ეჭვმიტანილი, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ხელისუფლება ინფორმაციის სიმწირეს უჩივის. მეტიც, პრეზიდენტი სააკაშვილი ირწმუნება, რომ კონტრდაზვერვის დეპარტამენტი ასევე ფლობს ინფორმაციას სახელმწიფო სამსახურში მყოფ არაერთ სხვა მოხელეზე. მიხეილ სააკაშვილი მათ ურჩევს:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] „ძალიან ბევრ ადამიანზე გვაქვს ეს ინფორმაცია. ვაძლევთ ერთ თვეს, პირველ მაისამდე, რათა ის ადამიანები, რომლებიც მუშაობენ თავიანთი ქვეყნის წინააღმდეგ, გამოცხადდნენ კონტრდაზვერვაში და, თანამშრომლობის შემთხვევაში, მე ვაძლევ გარანტიას და ამის შესახებ მე ვესაუბრე გენერალურ პროკურორს, რომ ისინი იქნებიან ხელშეუხებელნი, მიუხედავად იმისა, თუ რა აქვთ გაკეთებული, მათ ერთი თმა არ ჩამოუვარდებათ.“ (სტილი დაცულია)

ცხადია, მიხეილ სააკაშვილის ამ შეთავაზებით ვერ ისარგებლებს სიმონ კილაძე, რომელსაც ბრალი უკვე წაუყენეს. უშიშროების საკითხთა ექსპერტი და თადარიგის პოლკოვნიკი ბესიკ ალადაშვილი ამბობს, რომ საქმე გვაქვს უპრეცედენტო შემთხვევასთან:

[ბესიკ ალადაშვილის ხმა] „სახელმწიფო ღალატის დამტკიცება ეს არის ურთულესი საქმე - რთული ოპერატიული საშუალებებია საჭირო, იქნება ეს ფარული მოსმენა თუ თვალთვალი და ამის დოკუმენტირებაა ურთულესი. თუ ეს ყველაფერი აქვთ, მაშინ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ეს იქნება პირველი და ერთადერთი შემთხვევა, როცა სპეცსამსახური ასრულებს თავის ფუნქციას და უცხოეთის აგენტურას აღმოაჩენს.“

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სიმონ კილაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 307-ე, 311-ე და 314-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულში ედება. სახელმწიფოს ღალატი, უცხოეთის სადაზვერვო სამსახურში შესვლა და ჯაშუშობა, სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 8-დან 15 წლამდე. თუმცა ოპერატიულ მასალაში, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა, კარგად ჩანს, მკაფიოდ ისმის, რომ სიმონ კილაძე დანაშაულს არ აღიარებს.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG