Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორია არჩევნებისადმი მოქალაქეების დამოკიდებულება


„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“, „ საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და მარკეტინგული კვლევის ასოციაციასთან“ ერთად,

მიმდინარე წლის თებერვალ-მარტში საარჩევნო საკითხებისადმი მოქალაქეების დამოკიდებულების შესასწავლად საზოგადოებრივი აზრი გამოიკვლია, რისთვისაც, საქართველოს მასშტაბით, 1400-მდე ზრდასრული რესპონდენტი გამოიკითხა. კვლევამ აჩვენა, რომ მოქალაქეები მზად არიან მიიღონ მონაწილეობა მოახლოებულ ადგილობრივ არჩევნებში, თუკი დარწმუნდებიან, რომ მათი ხმა მნიშვნელოვანია და ცვლილებას მოიტანს.

გამოკითხულთა თითქმის 85 პროცენტი მიიჩნევს, რომ არჩევნებში მონაწილეობა მნიშვნელოვანია. 75 პროცენტი ამბობს კიდეც, რომ არჩევნების დღეს შინ არ დარჩება. ამ მონაცემებს „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ აღმასრულებელი დირექტორი თამარ ჟვანია ასეთ კომენტარს უკეთებს:

[თამარ ჟვანიას ხმა] „მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობა მზადყოფნას გამოთქვამს, რომ მიიღოს ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა მხოლოდ იმ გარანტიით, რომ მათი ხმა არჩევნებისთვის მნიშვნელოვანი იქნება. თუ ასე არ იქნება, არ მიიღებენ მონაწილეობას.“ (სტილი დაცულია)

თუმცა მიიღებენ თუ არა მოქალაქეები არჩევნებში მონაწილეობას, ეს, რაღა თქმა უნდა, ყველაზე კარგად თავად მოქალაქეებმა უწყიან.

[ქალბატონის ხმა] „მონაწილეობას? არა, არ მივიღებ!“

[მამაკაცის ხმა] „თუ მოქალაქეებმა მონაწილეობა არ მიიღეს, ხელისუფლება როგორღა იქნება? გაყალბება რაღაც დოზით ყველა ქვეყანაში არის, მაგრამ იმაზე მეტი არ იქნება, რაც ადრე იყო.“

[ქალბატონის ხმა] „არჩევნებზე წასვლას არ ვაპირებ! სწორედ იმიტომ, რომ გააყალბებენ!“

ცხადია, არჩევნების გაყალბების საკითხი, მოქალაქეების მსგავსად, პოლიტიკოსებსაც აღელვებთ. ოპოზიციის წარმომადგენლები საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებებსა და საარჩევნო ადმინისტრაციების დაკომპლექტების წესის შეცვლას ერთადერთ ახსნას უძებნიან:

[დავით ბერძენიშვილის ხმა] „საკანონმდებლო უზრუნველყოფა არჩევნების მათ სასარგებლოდ ჩატარებისთვის უკვე აქვთ, რადგანაც პირველ ადგილზე გასულ პარტიას მიაქვს ყველაფერი. თუმცა მაინც ეშინიათ. ამის გამო საარჩევნო ადმინისტრაცია დააკომპლექტეს უპარტიოებით, ანუ, სინამდვილეში, ერთი პარტიის წევრებით. ბუნებრივია, საკანონმდებლო თვალსაზრისით ისინი ემზადებიან, რომ სათბურის პირობებში იყვნენ და ფორა ჰქონდეთ, ადმინისტრაციული რესურსი გამოიყენონ, მაგრამ ესეც კი - ანუ საკანონმდებლო უზრუნველყოფაც კი - არ იქნება საკმარისი. ამიტომ ისინი არ ემზადებიან არჩევნებისთვის, ისინი ემზადებიან არჩევნების გარეშე ქვეყნის მართვისთვის.“

დავით ბერძენიშვილის ამ მოსაზრებას არ იზიარებს მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, რატი სამყურაშვილი, რომლის თქმითაც, ნაციონალურმა მოძრაობამ წერტილი დაუსვა არჩევნების გაყალბებას საქართველოში, თუმცა, როგორც ირკვევა, ეს არ არის ერთადერთი არგუმენტი, რის გამოც უნდა დავიჯეროთ, რომ არჩევნებს აღარ გააყალბებენ.

[რატი სამყურაშვილის ხმა] „ჩვენ კარგად ვიცით, რა არის გაყალბებული არჩევნები. გაყალბების შემთხვევაში ხელისუფლება აუცილებლად მარცხდება! ანუ საზოგადოებას ვეღარ მოვახვევთ ისეთ მარტივ არჩევნებს, რასაც არჩევნების გაყალბება ჰქვია. ჩვენ სხვა ქვეყანას ვაშენებთ, სხვა გზით მივდივართ და, მეორეც, გაყალბების საჭიროება ჩვენ არა გვაქვს.“

თუმცა “სამართლიანი არჩევნების” მიერ ჩატარებულმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ მოქალაქეების საკმაოდ დიდ ნაწილს არჩევნების შედეგების სისწორესა და სამართლიანობაში ეჭვი ეპარება.

[თამარ ჟვანიას ხმა] „რატომ უნდა ხალხს, რომ მივიდეს ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე? 56 პროცენტი თვლის, რომ მისი ხმა მნიშვნელოვანია და იმიტომ. ასევე, არის საკმაო შიში იმისა, რომ მისი ხმა შეიძლება სხვამ გამოიყენოს, მოიპაროს. ასე ფიქრობს 27 პროცენტი.“

თამარ ჟვანიას თქმით, კვლევის ძირითად მიგნებებს შორის მოხვდა საკითხი, რომელიც თვითმმართველობის არჩევნების არსებული მეთოდის ცოდნას უკავშირდება. უფრო ზუსტად კი, ირკვევა, რომ გამოკითხულთა საკმაოდ მნიშვნელოვან ნაწილს მცდარი წარმოდგენა აქვს იმაზე, თუ ვინ და როგორ ირჩევს საკრებულოსა თუ მერს. კერძოდ, გამოკითხულთა თითქმის 50 პროცენტს სჯერა, რომ მერს კვლავინდებურად მოქალაქეები ირჩევენ. არადა, პარლამენტის მიერ თვითმართველობის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებების შემდეგ ეს მეტად მნიშვნელოვანი ფუნქცია საკრებულოს გადაეცა.




  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG