Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღევანდელი პრესა ბიზნესმენთა ფედერაციის ყრილობაზე ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის გამოსვლას აქტიურად


დღევანდელი პრესა ბიზნესმენთა ფედერაციის ყრილობაზე ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის გამოსვლას აქტიურად ეხმაურება. ზოგიერთი გაზეთი პატარკაციშვილს მომავალი ადგილობრივი არჩევნების

ერთ-ერთ ცენტრალურ ფიგურადაც განიხილავს. გაგაცნობთ დღეს გამოქვეყნებულ რამდენიმე პუბლიკაციას.

”მის გამოსვლას ბიზნესმენები დიდი აღფრთოვანებით არ შეხვედრიან. ბევრი მათგანი იქიდან ჩუმად გაიპარა. მათ ხელისუფლებასთან პრობლემები არ სურდათ. იქ დარჩენილთა ნაწილმა კი, პატარკაციშვილის მსგავსად, განაცხადა, რომ ხელისუფლება ბიზნესმენების რეკეტს ახორციელებს,” - ასე აღწერს ”ახალი თაობა” ბიზნესმენთა ფედერაციაში ბადრი პატარკაციშვილის გამოსვლის შემდეგ შექმნილ ვითარებას.

”ხელისუფლება პატარკაციშვილის არდაჭერას ნანობს” - ასეთი სათაურით ქვეყნდება პუბლიკაცია დღევანდელ ”რეზონანსში”, სადაც ვკითხულობთ: ” ‘თავისუფლების ინსტიტუტის’ წარმომადგენელი ლევან რამიშვილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებას პატარკაციშვილის მიმართ მკაცრი ზომები რევოლუციის შემდეგვე უნდა გაეტარებინა: ”შეცდომა იყო, როცა პატარკაციშვილის მიმართ არ იქნა გატარებული კანონით გათვალისწინებული ყველა ზომა. როგორც ჩანს, მაშინდელი კომპრომისის შედეგს ახლა ვიმკით. საქართველოში დემოკრატია ვერ შედგება, თუ ფულის ტომრები გადაწყვეტენ, რომ ჩვენს ზურგს უკან დაეპატრონონ ხელისუფლებას და მას საკუთარი პირობები უკარნახონ. რაც შეეხება გირგვლიანის მკვლელობის გაშუქების თემით მანიპულირებას, სარედაქციო დამოუკიდებლობის ტრადიცია საქართველოში არ არსებობს და მესაკუთრეები მედიას იყენებენ საკუთარი პოლიტიკური და კომერციული ინტერესების გასატარებლად”, - მიაჩნია ლევან რამიშვილს.

”ხმები, რომ ხელისუფლებასა და ბიზნესმენს შორის შავმა კატამ გაირბინა, უკვე კარგა ხანია ვრცელდება, - წერს ”ხველინდელი დღე” და განაგრძობს, - ხელისუფლებისთვის ”ბოლო წვეთი” ტელეკომპანია ”იმედის” ეთერით სანდრო გირგვლიანის მკვლელობის თემაზე გასული სიუჟეტი იყო. ერთ-ერთი ვერსიით, ხელისუფლებამ მას ტელეკომპანიის წილის სრული ან დიდი ნაწილის დათმობაც მოსთხოვა, რის შემდეგაც პატარკაციშვილმა გავლენიანი და ფინანსურად ძლიერი ბიზნესპარტნიორის ძიება საზღვარგარეთ დაიწყო. საუბრობდნენ იმაზეც, რომ ბერეზოვსკისგან საგამომცემლო სახლ ”კომერსანტის” შეძენის პარალელურად ის ტელეკომპანია ”იმედის” გაყიდვას გეგმავდა და მოლაპარაკებებს ამის თაობაზე ცნობილ მედიამაგნატ რუპერტ მერდოკთან აწარმოებდა.”

გაზეთი ”ალია” უკვე პატარკაციშვილის მომავალ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობაზე წერს: ”საარჩევნო მარათონი უკვე გაიხსნა. “ვერტიკალმა” უკვე გაიხსენა ბადრის კრიმინალური წარსული - მას რუსეთი ეძებსო. თუმცა ახლა პატარკაციშვილი საქართველოს მოქალაქეა და კონსტიტუცია კრძალავს მოქალაქეების სხვა ქვეყნისთვის გადაცემას. ესეც რომ არა, ახლა, შესაძლოა, არც მოსკოვს მოუნდეს პატარკაციშვილის დაკავება. სააკაშვილმა თავად გამოაცხადა რუსეთი, რუსი ოლიგარქები და კრიმინალები საქართველოს მტრებად. აქ კი მას იმუნიტეტი იცავს”, - წერს დღევანდელი ”ალია”.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG