Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოს დღე საქართველოში: ნომინაციებით და ეჭვებით


4 აპრილს საქართველოში ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის - ნატოს - დაარსების დღე პირველად აღინიშნა. განათლების სამინისტროში სახელმწიფო მინისტრმა

ევროინტეგრაციის საკითხებში და განათლების მინისტრმა დააჯილდოეს ალიანსის თემაზე შექმნილი საუკეთესო სტუდენტური ნაშრომები და შემდეგ უნივერსიტეტში გადაინაცვლეს, რათა სტუდენტებისათვის ხელისუფლების სამოქმედო გეგმა გაეცნოთ. 13 აპრილს კი ოფიციალურად გახდება ცნობილი იმ შეფასების შედეგი, რომელიც ერთი თვის წინ საქართველოში მყოფმა ნატოს ექსპერტებმა მოამზადეს. ნატოს ექსპერტთა ერთი მთავარი შენიშვნა შეეხებოდა თავდაცვის განვითარების იმ საიდუმლო ფონდის არსებობას, რომლის დახურვა დღემდე კითხვის ნიშნის ქვეშ დგას..

[ტაშის ხმა]

თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი ალექსანდრე ჯიშკარიანი ერთ-ერთი პირველია, ვისი ნაშრომიც - საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაცია - ნატოზე შექმნილ საუკეთესო ნაშრომად შეაფასა სპეციალურმა ჟიურიმ. თუმცა კონკურსში წარმოდგენილმა ვერც ერთმა ნაშრომმა ვერ დაიმსახურა პირველი პრიზი, რაც იმაზე მეტყველებს, რომ თვით ელიტარულ უმაღლეს სასწავლებლებშიც კი ნატოს მიზნებისა და ალიანსის ფასეულობათა შესახებ ნაკლული ცოდნა არსებობს. მაგრამ განათლების მინისტრი კახა ლომაია სწორედ მკაცრი კრიტერიუმით შეფასებაში ხედავს კონკურსის სერიოზულობას.

[კახა ლომაიას ხმა] “როგორც ჩანს, ნაშრომის ხარისხი არ იყო ისეთი. თავიდანვე ჟიურიმ მაღალი თამასა დააწესა და ეს სწორია, რადგან პრიზი არ უნდა გაგვეცა იმისათვის, რომ რაღაც აღგვენიშნა და იქ სადღაც ჩაგვეწერა.”

თავად სტუდენტები, ვინც ნატოს შესახებ კონკურსში ღებულობდნენ მონაწილეობას, თემაზე მოშაობისას, ძირითადად, უცხოური წყროებით სარგებლობდნენ. მათ პირველად აღმოაჩინეს, რომ საქართველოში გამომავალი უამრავი გამოცემიდან ნატოს შესახებ ანალიტიკური მასალები, პრაქტიკულად, არ ქვეყნდება.

[ალექსანდრე ჯიშკარიანის ხმა] “საქართველოში არ არის ისეთი ანალიტიკური ჟურნალები, რომლებიც პერიოდულად გამოდის და ეხება საქართველოს უსაფრთხოებას, საგარეო პოლიტიკას. ანუ იშვითად თუ წააწყდები გაზეთში რომელიმე ანალიტიკოსის მოსაზრებას ნატოს შესახებ.”

სტუდენტებში ნატოს შესახებ კონკურსის ჩატარების ინიციატორი იყო საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროინტეგრაციის საკითხებში გიორგი ბარამიძე, რომელმაც ნაშრომის თემაც თავად უკარნახა სტუდენტებს და გამარჯვებულებსაც პრიზები საკუთარი ხელით გადასცა. თუმცა სწორედ იმ დროს, როდესაც თბილისში ნატოს დაარსების ღონისძიებები აღინიშნებოდა, გორში პარლამენტის ნდობის ჯგუფი შეიკრიბა, რომელსაც ნატოსთან დაკავშირებული ერთი პრობლემა უნდა განეხილა - კერძოდ, დაიხურა თუ არა ე.წ. თავდაცის განვითარების დახურული ფონდი, რომლის ანგარიშებზე არსებული ათეულობით მილიონი ლარის ხარჯვის კანონიერება არასამთავრობო ორგანიზაციებში ბევრ შეკითხვას ბადებს. მით უფრო, რომ ფონდის დახურვა მკაცრად მოითხოვა ნატოს შეფასების ჯგუფმა, რომელიც მარტის დასაწყისში იმყოფებოდა საქართველოში. სახელმწიფო მინისტრმა რადიო “თავისუფლებას” უთხრა, რომ თავდაცვის ფონდმა უკვე შეწყვიტა არსებობა.

[გიორგი ბარამიძის ხმა] “რეალურად და ფაქტობრივად, ეს ფონდი არის დახურული. თუმცა პოლიტიკოსებს ვერავინ აუკრძალავს იმ ფონდებზე საუბარს, რომლებიც უახლოესი ისტორიის კუთვნილებაა.”
სახელმწიფო მინისტრი ასევე დარწმუნებულია, რომ შემდგომი კონკურსის გამოცხადების დროს სტუდენტებს მეტი სამუშაო მასალა ექნებათ ნატო-საქართველოს თემაზე. წელს საქართველო დადებითად შეასრულებს ინდივიდუალური პროგრამის სამოქმედო გეგმას და მოიპოვებს უფლებას, ალიანსში გაწევრიანებაზე უფრო ინტენსიური დიალოგი აწარმოოს.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG