ქართულ პრესაში კოენის სტატიის შინაარსი სხვადასხვა სათაურით გამოქვეყნდა: ”გაზაფხული ომის დროა?”, ”ამერიკელი პოლიტოლოგი საქართველოში ომს წინასწარმეტყველებს”, ”7 ათასი კადიროველი თბილისის მისადგომებთან”, ”რუსეთში წინასაომარი ფსიქოლოგიური მოთელვა მიმდინარეობს”. ორიგინალში კოენის სტატია ასეა დასათაურებული: ”რუსეთ-საქართველოს შორის სამხედრო დაპირისპირების თავიდან აცილება”. ამერიკელ პოლიტოლოგს მიაჩნია, რომ მოცემულ ეტაპზე საქართველოს ხელისუფლებას საკუთარ ტერიტორიაზე შეიარაღებული დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად იმდენი დახმარება სჭირდება ვაშინგტონისა და დასავლელი მოკავშირეებისგან, რამდენის გაღებასაც ისინი შეძლებენ.
”რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა ისე გაუარესდა, რომ კრემლის ზოგიერთი ჩინოვნიკი სერიოზულად მსჯელობს სამხედრო ოპერაციაზე, რომელშიც, მათი აზრით, საქართველოსაც დაამარცხებენ და მიხეილ სააკაშვილსაც ჩამოაგდებენ,” - წერს არიელ კოენი და იქვე დასძენს, რომ კრემლის საგარეო პოლიტიკის ერთ ვეტერან მრჩეველს უთქვამს, ”გაზაფხული მოვიდა და საქართველოსთან ომის დაწყების დროაო”. კოენი აზუსტებს, რომ სავარაუდო ომის ადგილად კრემლის თანამშრომელი ოსეთს გულისხმობდა.
კოენის აზრით, რუსეთს საქართველო აღიზიანებს შემდეგი მიზეზების გამო: ”მათ წარმატებით შეძლეს მოლაპარაკება რუსეთის ბაზების გატანაზე, სურთ ნატოში შესვლა, ხელს უშლიან რუსეთის გაწევრიანებას ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში, სააკაშვილმა კი გაეროს გენერალურ მდივან კოფი ანანს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მშვიდობისდამცველთა კონტინგენტის ინტერნაციონალიზაცია სთხოვა.”
არიელ კოენს ანონიმურობის დაცვის პირობით ესაუბრა საგარეო პოლიტიკის საკითხებზე მომუშავე ერთ-ერთი წამყვანი ჟურნალის რედაქტორიც, რომელსაც მიაჩნია, რომ ”რუსეთმა უნდა გაიგოს, რომ მას პრობლემა აქვს საქართველოსთან და არა ცალკე სააკაშვილთან ან შევარდნაძესთან.”
რაც შეეხება სამხედრო დაპირისპირების დაწყების სცენარს სამხრეთ ოსეთში, კოენი რუსეთის წყაროებიდან მიღებულ ინფორმაციას ასე აჯერებს: ”თუკი რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლო, რომელიც არ არის ცნობილი დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღებით, კოკოითის განცხადებას დააკმაყოფილებს, რასაც საქართველოს შემადგენლობიდან სამხრეთ ოსეთის გამოყოფაზე რეფერენდუმის ჩატარება და მისი რუსეთთან ფორმალური მიერთება მოჰყვება, საქართველომ ტერიტორიული მთლიანობის შესანარჩუნებლად შეიძლება სამხედრო გზას მიმართოს. მოსკოვი იმედოვნებს, რომ ასეთი ნაბიჯი გამოიწვევს ოსების მასობრივ საპასუხო რეაქციას, რასაც მხარს დაუჭერენ ”მოხალისეები” ჩრდილოეთ კავკასიიდან და კიდევ სხვებიც.” არიელ კოენთან საუბრისას ზოგიერთს რამზან კადიროვის მეომრებიც უხსენებია. ერთ-ერთ რუს ექსპერტს კი უთქვამს: ”ჩვენ შევაიარაღეთ რამზანი, რომელიც ახლა ხუთიდან შვიდი ათასამდე შეიარაღებულ პირს აკონტროლებს. ის მზად არის წავიდეს საომრად საქართველოში და თბილისამდეც კი ჩააღწიოს. მას ნადავლის სუნი სცემს, მოსკოვს კი საკმაოდ აწუხებს კადიროვის დე ფაქტო დამოუკიდებლობისკენ მიმართული პოლიტიკა.”
არიელ კოენი ეხება საქართველოს ურთიერთობას ნატოსთან და ამ საკითხით რუსეთის გაღიზიანებაზეც წერს. ამასწინანდელ მოლაპარაკებებზე ვაშინგტონში საქართველოს დელეგაციას ესტონელი დიპლომატის იური ლუიკის რჩევა გაუთვალისწინებია. ესტონელ დიპლომატს კი ქართველებისთვის რუსეთის პოზიციის უგულებელყოფა ურჩევია - ისე, როგორც თავის დროზე ბალტიისპირეთის ქვეყნები მოიქცნენ. თუმცა კოენს მიაჩნია, რომ საქართველოსა და რუსეთის დღევანდელი ურთიერთობის გაიგივება ბალტიისპირეთისა და რუსეთის ადრინდელ ურთიერთობასთან არასწორია. ამას გარდა, არც მაშინდელი და ახლანდელი რუსეთის გაიგივება შეიძლება.
ამერიკელი პოლიტოლოგი წერს, რომ რუსეთი დღეს მოწადინებულია ხელი შეუშალოს საქართველოსა და უკრაინის შესვლას ნატოში. რუსი სამხედროები მიიჩნევენ, რომ მათთვის შეურაცხმყოფელია ყოფილი საბჭოთა ტერიტორიებიდან, უპირველეს ყოვლისა, საქართველოში არსებული სამხედრო ბაზებიდან - შემდეგ კი ოსეთიდან და აფხაზეთიდან - გასვლა, საბოლოოდ კი, შავი ზღვის სანაპიროზე არსებული აგარაკებისა და სანატორიუმების დატოვება. კოენის ინფორმაციით, რუსი სამხედროები, შესაძლებელია, დაწინაურებასა და ჯილდოებსაც მოელოდნენ, თუკი კავკასიაში ომი დაიწყება.
”ამ გაზაფხულზე კავკასიის რეგიონის პოლიტიკური ცა არ იქნება მოწმენდილი. საქართველოს დასჭირდება პოლიტიკური გონიერება და ვაშინგტონისა და მისი სხვა მეგობრების მხარდაჭერა ოსეთის კრიზისის განმუხტვისა და კავკასიის პოლიტიკური არეალის განაღმვისთვის,” - წერს ამერიკელი ექსპერტი არიელ კოენი.
მე მიმოვიხილე ამერიკელი პოლიტოლოგის არიელ კოენის სტატია, რომელიც რამდენიმე დღის წინ ინტერნეტში გამოქვეყნდა. კოენი გახლავთ ”ჰერითიჯ ფაუნდეიშენის” დევისის საერთაშორისო კვლევის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი.