Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოხვდება თუ არა საქართველოს წარმატებებში ქურდული სამყაროს წინააღმდეგ გამოცხადებული ბრძოლა?


9 აპრილი საქართველოს უახლესი ისტორიის კალენდარში დამოიკიდებლობის აღდგენის დღეა. ამ თარიღიდან 15 წლის თავზე საქართველოს საზოგადოების ერთ ნაწილს სურვილი გაუჩნდა

გამოეკვლია, თუ რა არის განვლილი პერიოდის მთავარი მიღწევები და შეცდომები. სასტუმრო “თბილისი-მარიოტში” დღეს გამართულმა პრეზენტაციამ ცხადყო, რომ საქართველოს სახელმწიფოებრიობის მთავარი მიღწევა და წარუმატებლობა გარკვეულწილად ასოცირდება ქვეყანასთან, სადაც მშვიდად ცხოვრობენ ქართული წარმოშობის ე.წ. “კანონიერი ქურდები”, რომელთა წინააღმდეგ, საქართველოს ხელისუფლების განცხადებით, ბრძოლის ახალი ეტაპი იწყება.

არასამთავრობო ორგანიზაცია “კანონი ხალხისათვის” ჩატარებულ სოციოლოგიურ გამოკითხვაში პოლიტოლოგებმა, ისტორიკოსებმა, განათლებისა და კულტურის მოღვაწეებმა საქართველოს სახელმწიფოებრიობის სამ ძირითად მიღწევად დაასახელეს რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანის შესახებ შეთანხმების მიღწევა, სიკვდილით დასჯის გაუქმება და ტრანსკავკასიური პროექტები. აღსანიშნავია, რომ წარმატებათა შორის ვერ მოხვდა თავად “ვარდების რევოლუცია”, რომელმაც, საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, “საქართველო მთელმ მსოფლიოს გააცნო” და სათავე დაუდო ახალი საქართველოს მშენებლობას. საქართველოს პირველი უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე, “სახალხო ფორუმის” ერთ-ერთი ლიდერი აკაკი ასათიანი გამოკითხვის შედეგს სამართლიანად მიიჩნევს.
[აკაკი ასათიანის ხმა] “ყველაზე დიდი შეცდომა ის არის ამ ხელისუფლების, რომ ეს [ვარდების რევოლუცია] ჰგონია ყველაზე დიდი მოვლენა და ათვლის წერტილი ისტორიისა. მე ვფიქრობ, რომ ეს იყო გარდუვალი აუცილებლობა. და სასიამოვნო გარდუვალ აუცილებლობაში არაფერია.”

გამოკითხვის შედეგად, საქართველოს სახელემწიფოებრიობის ყველაზე დიდ შეცდომად 1991-92 წლების სამხედრო გადატრიალება დასახელდა. პროფესორმა გიორგი გაჩეჩილაძემ, რომელმაც კონფერენციაზე საქართველოს სამი პრეზიდენტის პოლიტიკურ პორტრეტზე ისაუბრა, რადიო “თავისუფლებასთან” ინტერვიუში ყურადღება სამხედრო გადატრიალებაში კრიმინალური სამყაროს მონაწილეობაზე შეაჩერა. გაჩეჩილაძეს მიაჩნია, რომ ხელისუფლებამ ასეთი საფრთხის თავიდან ასაცილებლად მის ხელთ არსებული ყველა ძალა უნდა გამოიყენოს.

[გოგი გაჩეჩილაძის ხმა] “ხელისუფლებამ უნდა ქნას ერთი - რა გამოცდილებაც მიიღო 1991-92 წლებში, გაითვალსიწინოს და გამოიყენოს სახელმწიფო ბერკეტები, რათა, ერისა და ქვეყნის გადასარჩენად, არ განმეორდეს მსგავსი რამ.”

თუმცა, საქართველოს ხელისუფლებამ ე.წ. ქურდული სამყაროს წინააღმდეგ მეთოდების შერბილებას არც აპირებს. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა 8 აპრილს განაცხადა, რომ გაგრძელდება რუსეთისა თუ სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე მცხოვრები ქართული წარმოშობის ქურდების დევნა, ხოლო მათი უძრავი ქონება სახელმწიფოს გადაეცემა.

[ვანო მერაბიშვილის ხმა] “სადაც არ უნდა დაიმლაონ, ჩვენ მათ ყველა ქვეყანაში მივწვედებით. მათი ბინები კი სასამართლოს გადაწყვეტილებით ჩამოერთმევათ და ხშირ შემთხვევაში გადაეცემა სახელმწიფო სტრუქტურებს. კერძოდ, მე ვაპირებ, რომ ქუთაისში, ცნობილი კანონიერი ქურდების სახლებში განთავსდეს, ქუთაისის პოლიციის განყოფილებები.”

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ცნობილი გახდა ოდესაში ე.წ. ქართველი კანონიერი ქურდის ტარიელ ფოცხვერიას დაკავების შესახებ. სამინისტროს ცნობით, იგი უკრაინის ტერიტორიიდან ტელეფონით ხელმძღვანელობდა საქართველოს ნომერ პირველ იზოლატორში მომხდარ პატიმართა ამბოხს.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG