Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ხელისუფლება ოპტიმისტურად უყურებს ნატოსთან თანამშრომლობის შემდგომ პერსპექტივებს


13 აპრილს ბრიუსელში, ნატოს შტაბბინაში, ”26 +1” -ის ფორმატით დაგეგმილ სხდომაზე განიხილავენ ნატოსთან საქართველოს ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო

გეგმის, IPAP - ის, შესრულების ანგარიშს. ბრიუსელში დაგეგმილ სხდომაზე საქართველოს მხარე საგარეო საქმეთა მინისტრმა, თავდაცვის მინისტრმა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა უნდა წარმოადგინონ. ბრიუსელში გამგზავრებამდე საქართველოს მთავრობის ეს წევრები თბილისში საქართველოში აკრედიტებულ ნატოს წევრ სახელმწიფოთა ელჩებს შეხვდნენ და მათთან ერთად განიხილეს ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმის შესრულების პროცესში მიღწეული პროგრესი. რამდენად ოპტიმისტურად იქნა წარმოჩენილი ამ შეხვედრაზე საქართველოს მთავრობის ხედვა ნატოსთან საქართველოს თანამშრომლობის პერსპექტივებთან დაკავშირებით?

[გელა ბეჟუაშვილის ხმა] ”ჩვენ ყველა კითხვაზე გვაქვს პასუხი. პოზიტიური შეფასება არის. ჩვენ ველით, რომ ამ წლის ბოლოს საქართველო გახდება მაპის წევრი. შემოგვთავაზებენ ინტენსიურ დიალოგს - კარგი იქნება, შემოგვთავაზებენ პირდაპირ მაპზე გადასვლას - კიდევ უფრო მოხარულები ვიქნებით. ”


ასეთი განცხადება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა 7 აპრილს საქართველოში აკრედიტებულ ნატოს წევრი სახელმწიფოების ელჩებთან შეხვედრაზე გააკეთა. მან ახსენა პოზიტიური შეფასება, რაშიც ნატოსთან საქართველოს ინდივიდუალური თანამშრომლობის სამოქმედო პროგრამის - IPAP -ის - შესრულების შეფასება იგულისხმა. ”დოკუმენტი უკვე მიღებულია და პოზიტიური შეფასებაც უკვე არისო,” - თქვა მან. თუ რა კონკრეტულ არგუმენტებს ეფუძნება მინისტრის მიერ ნახსენები პოზიტიური შეფასება 13 აპრილს ბრიუსელში დაგეგმილ სხდომაზე გაირკვევა, როცა განიხილება საქართველოს სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ეს ანგარიში 3 აპრილს დუმილის პროცედურის დასრულებით დაამტკიცა ჩრდილოატლანტიკურმა საბჭომ. როგორც გელა ბეჟუაშვილმა თქვა, წლის ბოლოსთვის საქართველო უნდა ელოდეს შემოთავაზებებს ნატოსგან: ინტენსიური დიალოგის პროგრამას ანდა უფრო მეტს - ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმაზე გადასვლას. თუმცა ჯობს ჯერ ახლო მომავალთან დაკავშირებულ მოლოდინზე ითქვას. 7 აპრილს ელჩებთან შეხვედრაზე გელა ბეჟუაშვილმა, ირაკლი ოქრუაშვილმა და გია ბარამიძემ მოისმინეს, რას უნდა მოელოდნენ 13 აპრილს ბრიუსელში საქართველოს დელეგაციისგან. ოპტიმისტური იყო საქართველოში ბულგარეთის ელჩის გამოსვლაც. აქვე შეგახსენებთ, რომ საქართველოში ბულგარეთის საელჩო ნატოსთან საქართველოს საკონტაქტო საელჩოა.

[საქართველოში ბულგარეთის ელჩის ხმა] ” მოსმენა დაფუძნებული იქნება საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ზომების შედეგებზე. ჩვენ კარგად გვესმის რამდენად მნიშვნელოვანია ნატოს საკითხი საქართველოსთვის. ამის შესახებ აღნიშნა მისმა აღმატებულება პრეზიდენტმა და მინისტრებმაც, რომ ეს არის უმთავრესი, უპირველესი ამოცანა საქართველოს საგარეო პოლიტიკაში. მე ვიტყოდი, რომ ნატოში ინტეგრაცია არის მნიშვნელოვანი არა მხოლოდ როგორც საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტი, არამედ ის მნიშვნელოვანია საქართველოს ხალხისთვის. რომ არ დავწვრილმანდე, ვიტყვი, რომ დარწმუნებული ვარ, საქართველო სწორ გზაზე დგას ნატოსკენ მიმავალ გზაზე და ეს არ არის მხოლოდ სიტყვები. ჩემი რწმენა ეფუძნება საქართველოს ხელისუფლების მოქმედებას, რომელიც შეფასდა რამდენიმე კვირის წინ. რაც შეეხება 13 აპრილის განხილვას, მე ვუსურვებ წარმატებას საქართველოს. შეიძლება სერიოზულად არ ჟღერდეს, მაგრამ 13 აპრილი ჩემთვის კარგი დღეა. ამ დღეს ჩემი ცოლის დაბადების დღეა და დარწმუნებული ვარ, საქარველოსთვისაც კარგი დღე იქნება. წარმატებას გისურვებთ.”

წარმატებები თავდაცვისა და არამარტო თავდაცვის სფეროში რეფორმების პროცესის წარმატებულობაზე, ანუ თავად საქართველოზეა დამოკიდებული. ნატოს, სამხედრო ალიანსის გარდა, ფასეულობათა ალიანსზე დაფუძნებულ გაერთიანებას უწოდებენ. საქართველოს ხელისუფლება უმთავრეს ამოცანად სახავს საქართველოს ნატოს წევრობის კანდიდატობამდე მიყვანას. ამისთვის კი მას რომ ახალი კრიტერიუმების დაკმაყოფილებას მოსთხოვენ, ეს ელჩებთან შეხვედრაზე თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა. ”საქართველო ისწრაფის ააშენოს დემოკრატიული სახელმწიფო, სადაც კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებების დაცვა იქნება გარანტირებული” - ასეთი პირობა ჩაიდო თავის დროზე საქართველოს ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმაში. ნატოში გაწევრიანებისთვის საქართველოს ამ უმთავრესი ამოცანის შესრულებაც მართებს.


XS
SM
MD
LG