Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არის თუ არა საქართველოში დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა


11 აპრილს ამერიკის იურისტთა ასოციაციამ საქართველოში ”სასამართლო რეფორმის ინდექსი - დამოუკიდებელი მართლმსაჯულების განვითარების სურათი” გამოაქვეყნა.

ანგარიში მოიცავს საქართველოს სასამართლო სისტემის მდგომარეობის ანალიზს 2005 წლის სექტემბრის ჩათვლით, თუმცა ხელისუფლების მესამე განშტოების მაშინდელ პრობლემებს ჯერაც არ დაუკარგავს აქტუალობა. რა მდგომარეობაა საქართველოს სასამართლო სისტემაში და როგორ აფასებს მას ამერიკის იურისტთა ასოციაცია?

ალბათ, გახსოვთ ის კონფლიქტი, რომელიც საქართველოს სასამართლო სისტემაში ამ რამდენიმე თვის წინ წარმოიქმნა. ვგულისხმობ უზენაესი სასამართლოს ოთხი ცნობილი მოსამართლის დისციპლინური დევნის პროცესს. იუსტიციის საბჭოს საქმიანობა და კიდევ სასამართლო სისტემისთვის დამახასიათებელი 14 ფაქტორი უარყოფითადაა შეფასებული ამერიკის იურისტთა ასოციაციის მიერ მომზადებულ ანგარიშში. მასში სულ 30 ფაქტორია გაანალიზებული, რომელთაგან მხოლოდ 2-მა მიიღო დადებითი შეფასება.

[მერილინ ზელინის ხმა] ”საქართველოს სასამართლო რეფორმის ინდექსმა აჩვენა, რომ საქართველოს ჯერ კიდევ გრძელი გზა აქვს გასავლელი იმისათვის, რომ ქვეყანაში დამკვიდრდეს ეფექტური და დამოუკიდებელი სასამართლო ხელისუფლება. შეფასება 30 ფაქტორის მიხედვით განხორციელდა. აქედან მხოლოდ 2-მა მიიღო დადებითი შეფასება, 15-მა კი -უარყოფითი.”

ეს არის მერილინ ზელინი, ამერიკის იურისტთა ასოციაციის სამხარეო დირექტორი. მან 11 აპრილს სასტუმრო “თბილისი-მარიოტში” გამართულ კონფერენციაზე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კონსტანტინე კუბლაშვილის თანდასწრებით, კონკრეტულადაც ისაუბრა იმ პრობლემებზე, რომლებიც ხელს უშლის სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდას. აი, ერთ-ერთი მათგანი, რომელზეც ბევრს საუბრობენ ქართულ საზოგადოებაში:

[მერილინ ზელინის ხმა] ”არის ზეწოლა სასამართლო ხელისუფლებაზე მთავრობიდან, პროკურატურიდან, განსაკუთრებით სისხლის სამართლის საქმეებზე და ისეთ საქმეებზე, რომელშიც მხარეს წარმოადგენს სახელმწიფო.”

რაც შეეხება სასამართლო სისტემის წარმატებებს, მერილინ ზელინის განცხადებით, ესაა: იუსტიციის უმაღლესი სკოლის გახსნა და მოსამართლეთა კონფერენციის მიერ იუსტიციის საბჭოს წევრთა არჩევის სისტემის დანერგვა.

სასამართლო სისტემაში არსებულ ხარვეზებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილიც აღიარებს და თითქმის მთლიანად იზიარებს ამერიკის იურისტთა ასოციაციის მიერ სასამართლო რეფორმის ინდექში გამოთქმულ შეფასებებს.

[კონსტანტინე კუბლაშვილის ხმა] ”დიდ ნაწილში მე ვეთანხმები... სასამართლო სისტემაში ძალიან ბევრი პრობლემა იყო. ზოგიერთი მათგანი ნაწილობრივ კარგად გადაიჭრა - მაგალითად, კორუფციის პრობლემა. რაც შეეხება დამოუკიდებლობის პრობლემას, ეს ასე ორ წელიწადში საოცრება ვერ მოხდება და ვერ მიიღწევა.”(სტილი დაცულია)

უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ირწმუნება, რომ, თუ საქართველოს სასამართლო რეფორმის ინდექსი წელიწად-ნახევრის შემდეგ კიდევ ერთხელ გაკეთდა, მასში ასახვას აღარ პოვებს ამჟამინდელ ანგარიშში ჩამოთვლილი უარყოფითი ფაქტორების დიდი ნაწილი.
XS
SM
MD
LG