Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან საქართველოს თანამშრომლობის მოკლე ისტორია


ბრიუსელში ნატოსთან საქართველოს ინდივიდუალური თანამშრომლობის სამოქმედო გეგმის განხორციელების ანგარიშის განხილვის ფონზე, საჭიროდ მივიჩნიეთ

ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან საქართველოს თანამშრომლობის ისტორიის გახსენება - სწორედაც რომ, ისტორიის, რადგან ნატოსთან ურთიერთობა საქართველომ დაიწყო კარგა ხნის წინ, 1992 წელს, როცა ჩრდილოატლანტიკური თანამშრომლობის საბჭოს წევრი გახდა. რა მოხდა მას შემდეგ, როგორ მივიდა საქართველო იმ ეტაპამდე, როცა მისი ხელისუფლება ჩრდილოატლანტიკური ალიანსისგან დიალოგის პროგრამის ანდა ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმის შემოთავაზებას ელის?

ურთიერთობა, როგორც უკვე ვთქვით, 1992 წელს დაიწყო, როცა საქართველო ჩრდილოატლანტიკური თანამშრომლობის საბჭოს წევრი გახდა. უკვე 1994 წლის მარტში საქართველო შეუერთდა ნატოს პროგრამას ”პარტნიორობა მშვიდობისათვის. ”

გავიდა წლები და სწორედ ”პარტნიორობა მშვიდობისათვის” პროგრამის ფარგლებში საქართველო ნატოს პარტნიორი ქვეყნების ერთობლივი მრავალეროვნული სამხედრო წვრთნების მასპინძელი ქვეყანა გახდა. 2001, 2002, 2003 წლებში მრავალეროვნული წვრთნები ჩატარდა ფოთსა და თბილისში.

ცოტა უფრო ადრიდან, 1995 წლიდან, დაიწყო ნატოსთან თანამშრომლობა განათლების სფეროში. ამ პერიოდიდან მოყოლებული, ნატოს სკოლებში, გერმანიასა თუ იტალიაში, ყოველწლიურად კვალიფიკაციას იმაღლებდნენ ქართველი მსმენელები.

1997 წლის მაისში შეიქმნა ევროატლანტიკური პარტნიორობის საბჭო და საქართველო გახდა მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი, 1998 წლის აპრილში ნატოში საქართველოს დიპლომატიური მისია გაიხსნა.

1999 წელს საქართველო შეუერთდა ”პარტნიორობა მშვიდობისათვის” პროგრამის დაგეგმვისა და ანალიზის პროცესს და აიღო 25 ვალდებულება ”თავსებადობის ამოცანის” განხორციელების თაობაზე. 2001 წელს დაინერგა ნატოს საერთაშორისო სამსახურთან რეგულარული პოლიტიკური კონსულტაციების პრაქტიკა. ამავე პერიოდიდან რეგულარულად ტარდება მაღალი დონის შეხვედრები შეიარაღებაზე კონტროლისა და განიარაღების საკითხებზე, 26+1 -ის ფორმატით.

2002 წლის ნოემბერში პრაღაში, ნატოს უმაღლესი დონის სამიტზე, საქართველოს მაშინდელმა პრეზიდენტმა გააკეთა განცხადება ნატოში გაწევრიანებისკენ სწრაფვის თაობაზე და გამოთქვა “ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმაში” მონაწილეობის სურვილი.

2002 წლის დეკემბერში საქართველოს ეროვნულმა უშიშროების საბჭომ დაამტკიცა ”საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის სახელმწიფო პროგრამა,” 2003 წლის მაისში კი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით შეიქმნა ევროატლანტიკური ინტეგრაციის ეროვნული საკოორდინაციო საბჭო, ნატოში საქართველოს ინტეგრაციის პროცესში სახელმწიფო სტრუქტურების შეთანხმებულად მოქმედების მიზნით.

2004 წლის აპრილში ბრიუსელში საქართველო-ნატოს უმაღლესი დონის წარმომადგენელთა შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტმა ნატოს გენერალურ მდივანს გადასცა ”ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმის ” საპრეზენტაციო დოკუმენტი. 2004 წლის 29 ოქტომბერს ნატოს უმაღლესმა ორგანომ - ჩრდილოატლანტიკურმა საბჭომ - ე. წ. დუმილის პროცედურის საფუძველზე დაამტკიცა საქართველოს ”ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმა” და საქართველო ევროატლანტიკური ინტეგრაციის მეორე ეტაპზე გადავიდა.

2005 წლის სექტემბერში თბილისში იმყოფებოდა ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმის, IPAP -ის, იმპლემენტაციის შუალედური შეფასების ჯგუფი. 2005 წლის მაისში კი ბრიუსელში შედგა IPAP-ის იმპლემენტაციის შეფასების განხილვა.

2005 წელსვე შეიქმნა ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმის მაკონტროლებელი სახელმწიფო კომისია, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით. დღეს უკვე საქართველოს სამოქმედო გეგმის შესრულებას ნატოს შტაბბინაში აფასებენ. ამის შემდეგ უნდა გადაწყდეს, თუ რა ფორმით დაიწყება ნატოში საქართველოს ინტეგრაციის ახალი ეტაპი.
XS
SM
MD
LG