Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კათოლიკურმა სამყარომ აღდგომის დღესასწაული აღნიშნა


კათოლიკურმა ეკლესიამ კვირას აღდგომის დღესასწაული აღნიშნა. რომის პაპის იოანე პავლე მეორის გარდაცვალების შემდეგ მსოფლიოს მილიარდზე მეტმა კათოლიკემ

პირველი აღდგომა იზეიმა. ამჟამინდელმა პაპმა, ბენედიქტე მეთექვსმეტემ, ვატიკანში ტრადიციული სააღდგომო წირვა ჩაატარა. ვიდრე იმ საკითხებს გაგაცნობდეთ, რომელთაც რომის პაპმა საგანგებო ყურადღება დაუთმო ქადაგებაში, საზეიმო წირვის ნაწყვეტი მოვისმინოთ:

[პაპი წირვას ლათინურ ენაზე ასრულებს]

ვატიკანში, წმინდა პეტრეს მოედანზე, კვირას დაახლოებით ასი ათასი მორწმუნე იყო თავშეყრილი. ბენედიქტე მეთექვსმეტემ მორწმუნეებს აღდგომის დღესასწაული 62 ენაზე - მათ შორის ქართულად - მიულოცა და ტრადიციული კურთხევა "Urbi et Orbi" - ”ქალაქსა და მსოფლიოს” - აღავლინა.

კურთხევაში პაპმა დღევანდელ მსოფლიოში მიმდინარე მნიშვნელოვან პროცესებთან დაკავშირებით კათოლიკური ეკლესიის პოზიციაზეც ისაუბრა. სხვა საკითხებთან ერთად, იგი ირანის ატომური პროგრამის თემასაც შეეხო:

[პაპის ხმა] ”დაე, ატომურ საკითხებთან დაკავშირებით შექმნილი კრიზისი ყველა მხარისათვის ღირსეულად გადაიჭრას, სერიოზული და გულწრფელი მოლაპარაკებების გზით. დაე, ერებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ლიდერთა ნება გაძლიერდეს სხვადასხვა რასებს, კულტურებს, რელიგიებს შორის მშვიდობიანი თანაცხოვრების მისაღწევად, რათა დასრულდეს ტერორიზმის საფრთხე.”

პაპმა დაიცვა ისრაელის უფლება იარსებოს და, ამავე დროს, საერთაშორისო თანამეგობრობას პალესტინელი ხალხისთვის დახმარების აღმოჩენისკენ მოუწოდა, რათა მათ უკეთესი მომავალი ჰქონდეთ.

ბენედიქტე მეთექვსმეტემ იტალიაში შექმნილ ვითარებაზეც ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ მომავალ კვირაში, არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადების შემდეგ, ქვეყანაში კვლავ სიმშვიდე დაისადგურებს.

ბენედიქტე მეთექვსმეტე რომის კათოლიკური ეკლესიის მეთაურად 2005 წელს, აღდგომის დღესასწაულიდან რამდენიმე კვირაში, აირჩიეს. შესაბამისად, ეს მისი პირველი სააღდგომო ქადაგება იყო. კვირასვე ბენედიქტე მეთექვსმეტეს 79 წელი შეუსრულდა.

აღდგომის აღსანიშნავად მსოფლიოს ბევრი ქვეყნიდან ათასობით კათოლიკე იერუსალიმში ჩავიდა და ტრადიციულ სააღდგომო წირვას იქ დაესწრო. შაბათ ღამით მსახურება იესო ქრისტეს დაბადების ადგილას, ქალაქ ბეთლემშიც, გაიმართა:

[მსახურების ჩანაწერი]

სიუჟეტის ბოლოს კათოლიკური სამყაროს დღესასწაულის კიდევ ერთ თანმდევ მოვლენაზე გიამბობთ. ფილიპინების, ძირითადად, კათოლიკე მოსახლეობამ აღდგომის დღესასწაული ქვეყნის პრეზიდენტის, გლორია მაკაპაგალ აროიოს, საგანგებო ბრძანების ფონზე აღნიშნა. ამ ბრძანების თანახმად, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით ქვეყანაში ყველა სიკვდილით დასჯის განაჩენი სამუდამო პატიმრობით შეიცვალა. ბრძანება სიკვდილით დასჯის განაჩენის აღსრულების მომლოდინე 1205 პატიმარს შეუნარჩუნებს სიცოცხლეს.
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG