Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრძოლა კანონის დასაცავად თუ ბრძოლა ურჩი ბიზნესმენების წინაღმდეგ


გასულ კვირაში ფინანსთა სამინისტროს ფინანსურმა პოლიციამ თბილისში პოპულარული ”დანიური სახლის” მაღაზიათა ქსელი დახურა. სამართალდამცველებმა “დანიური სახლის”

მფლობელი დავით ოტიაშვილი დააკავეს. მოგვიანებით, გირაოს სახით 1 მილიონი ლარის გადახდის შემდეგ, ოტიაშვილი სასამართლომ გაათავისუფლა. გასულ კვირაშივე საგადასახადო სამსახურმა დალუქა ყოფილ დეპუტატ ვალერი გელაშვილის კომპანიის, ”ევრას”, ქონება. რა პრინციპით ხდება ბიზნესმენთა დაკავება და ქონების დაყადაღება?

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირაში, უფრო კონკრეტულად კი, 14 აპრილს, თბილისში პოპულარული მაღაზიათა ქსელი, ”დანიური სახლი”, ფინანსურმა პოლიციამ იმ მოტივით დახურა, რომ კომპანიის საქმიანობაში ფინანსური დარღვევები აღმოაჩინა. ფინანსური პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსის ლევან მხეიძის განცხადებით, “დანიურ სახლს” 25 დღის მანძილზე 2,5 მილიონიანი საქონელბრუნვა ჰქონდა, საგადასახადო სამსახურებს კი მხოლოდ 400 ათასი აჩვენა. მე მას ვკითხე, რამდენად აუცილებელი იყო გამოძიების დამთავრებამდე ამ სავაჭრო ობიექტების დახურვა.

[ლევან მხეიძის ხმა] ”უბრალოდ, აქ უნდა მოხდეს დეტალური აღწერა პროდუქციის, შესაბამისი პროცედურები არის. რა წამსაც გამოძიება ამას გააკეთებს, ამ ობიექტებს ექნებათ თავისუფალი ვაჭრობის საშუალება. ჩვენს ინტერესებში არ შედის “დანიური სახლი” ან რომელიმე მსგავსი ობიექტი ფიზიკურად იყოს დახურული.”(სტილი დაცულია)

“დანიური სახლის” დახურვასთან ერთად გასულ კვირაში მისი 100 პროცენტიანი მფლობელი დავით ოტიაშვილიც დააკავეს. სასამართლოს მან მილიონი ლარის გირაოს გადახდის სანაცვლოდ გათავისუფლება შესთავაზა, პროკურატურა კი ოტიაშვილის 3 თვით წინასწარ პატიმრობაში დატოვებას მოითხოვდა. 15 აპრილს სასამართლომ ოტიაშვილის მოთხოვნა დააკმაყოფილა და, მილიონი ლარის სანაცვლოდ, აღმკვეთი ღონისძიება შეუცვალა. გამოძიება გრძელდება და ჯერჯერობით ძნელი სათქმელია, რა ბედი ელის ან “დანიური სახლის” მფლობელს, ან მისი კომპანიის საქმიანობას?

გასულ კვირაში გორის საგადასახადო სამსახურის თანამშრომლებმა ყოფილ დეპუტატ ვალერი გელაშვილის კომპანიის, ”ევრას”, ქონებაც დალუქეს, ხოლო თუ რა მიზეზით, ეს საგადასახადო სამსახურის წარმომადგენელ ზაქრო მაისურაძის განცხადებიდან ჩანს:

[ზაქრო მაისურაძის ხმა] ”მიმდინარეობს ახლა დალუქვა ობიექტებისა, დარღვევა ახლა, ალბათ, არსებობს, ბრძანებაში არის მითითებული.”(სტილი დაცულია)

ბრძანებაში რა იყო მითითებული, არავის განუმარტავს, რამაც კომპანია ”ევრას” დირექტორს გიორგი მაკასარაშვილს შემდეგი რამ ათქმევინა:

[გიორგი მაკასარაშვილის ხმა] ”არ მოსწონთ ვალერი გელაშვილი, არ მოსწონთ მისი პრინციპულობის გულისთვის. არ ამყოფინეს ის, რაც გაუკეთეს და ახლა ცდილობენ, როგორც რუსები იტყვიან, добить до конца.”

მეორე დღესვე საგადასახადო სამსახურმა “ევრას” ქონებას ლუქი მოხსნა და განაცხადა, ყველაფერი წესრიგშიაო. ხელისუფლების ასეთ ქმედებებს ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ბიზნესზე ზეწოლის მცდელობად აფასებენ. თავად ხელისუფლების მხარდამჭერი პოლიტიკოსები კი უცნაურს ვერაფერს ხედავენ ამა თუ იმ ბიზნესის დალუქვა-დახურვაში. საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, პავლე კუბლაშვილის, კომენტარი:

[პავლე კუბლაშვილის ხმა] ”რამდენად რეალური და ადეკვატური იქნებოდა, არ მოგვეხდინა რეაგირება, როდესაც აღმოჩნდა, რომ 2 მილიონზე მეტი ღირებულების საქონელი არის საგადასახადო სფეროს მიღმა მოქცეული? ეს უკვე დანაშაულია. ამიტომ, თუ ადამიანი სჩადის დანაშაულს, ის ყველა შემთხვევაში უნდა ისჯებოდეს.”

პავლე კუბლაშვილი “დანიური სახლის” დახურვის მიზეზზე ლაპარაკობდა. როგორც ამ შემთხვევაში, ისევე “ევრასთან” დაკავშირებით, კუბლაშვილის მიერ ნახსენები დასჯა მანამდე განხორციელდა, სანამ ვინმეს დანაშაულს სასამართლო დაამტკიცებდა.
XS
SM
MD
LG