Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღევანდელი პრესა თემატური “სიჭრელით” გამოირჩევა. გაზეთების პირველ გვერდებზე გამოტანილია როგორც


დღევანდელი პრესა თემატური “სიჭრელით” გამოირჩევა. გაზეთების პირველ გვერდებზე გამოტანილია როგორც სასამართლო რეფორმასთან, აგრეთვე საქართველო-ნატოსა

და საქართველო-რუსეთის ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხები, საუბარია ნავთობზე ფასის ზრდაზე, იმაზე, რომ ნინო ბურჯანაძე მისი აგარაკების აღმომჩენს დასაჩუქრებას ჰპირდება და ა.შ. თქვენს ყურადღებას რამდენიმე პუბლიკაციაზე შევაჩერებ.

“ბზარი ოპოზიციაში?!” - საპარლამენტო ოპოზიციის შიდა ურთიერთობით ინტერესდება გაზეთი “ხვალინდელი დღე” და წერს: “გაერთიანებულ ოპოზიციაში პირველი ბზარი გაჩნდა. როგორც მოსალოდნელი იყო, პირველად “მრეწველების” პოზიცია შეირყა. მართალია, სხდომებზე საპარლამენტო უმრავლესობა, ფრაქციის ლიდერების აზრით, მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავს, მაგრამ კენჭისყრისას კვორუმის შეკრება დღითიდღე უძნელდება. ამის მიუხედავად, პარლამენტის ყველაზე მცირერიცხოვანი ოპოზიციური ფრაქციის წარმომადგენლები მზად არიან საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებების განხილვისას ბოიკოტი დროებით შეწყვიტონ და პარლამენტის სხდომას დაესწრონ”, - წერს “ხვალინდელი დღე”.

გაზეთი “ალია” აქვეყნებს ინტერვიუს “მრეწველთა” ფრაქციის ლიდერ ზურაბ ტყემალაძესთან, რომელიც ამბობს: “ბევრია მოწადინებული საზოგადოებას დაანახვოს, რომ ჩვენს შორის განხეთქილებაა მოსალოდნელი, ამისთანა პოლიტიკოსები კი ქვეყანაში ბევრია. ამ პროცესს ჟურნალისტებიც საკმაოდ კარგად უწყობთ ხელს”, - აცხადებს “მრეწველთა” ფრაქციის ლიდერი “ალიასთან” ინტერვიუში და დასძენს: “ნამდვილად არ მაქვს ზოგიერთთან ერთიანობა და მათთან მოლაპარაკებაც არ მიწარმოებია. აქედან გამომდინარე, არ ვარ ვალდებული მათ ინტერესებზე ვიარო. მოლაპარაკება მქონდა მხოლოდ “დემოკრატიულ ფრონტთან” და თუ ისინი მეტყვიან, რომ მე სიტყვას ვუხვევ... ამას ვერ იტყვიან, რადგან ყველაფერს შეთანხმებისამებრ ვიცავ. დაწერეთ, რასაც გელაპარაკებით და მერე მემარჯვენეებმა, ჟურნალისტებმა, რა კუდიც გინდათ, ის მოაბით.”

“ახალი თაობა” “მემარჯვენეების” ფრაქციის წარმომადგენელს ირაკლი იაშვილს ესაუბრა. იაშვილი აცხადებს, რომ თუ პლენარული დღის წესრიგში შევა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი, როგორიც საქართველოს დსთ-დან გამოსვლაა, ოპოზიციამ უნდა მიიღოს მონაწილეობა სხდომაში. თუმცა მას არა აქვს იმედი, რომ პარლამენტის სხდომაზე დსთ-დან გამოსვლის საკითხი, მართლაც, დადგება.

“ახალი თაობა” ეხება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის საკითხსაც და ექსპერტ მამუკა არეშიძეს ეკითხება, რა გამოსავალი არსებობს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის ამ ეტაპზე. არეშიძის მოსაზრება ასეთი გახლავთ: “გამოსავალი ერთია. რაღაცა მანქანებით უნდა მოხდეს, რომ ჩვენი ხელისუფლება შეხვდეს რუსეთის ხელისუფლებას. არ არის საჭირო ამის აფიშირება, გახმაურება, რაღაც კულუარულად მოლაპარაკება უნდა მოხდეს, რომ პროცესი არ გაგრძელდეს: ბლოკადა უნდა შეწყდეს. ამ ნაბიჯს, ეტყობა, კრემლი აღარ გადადგამს უკან, მაგრამ პროცესი რომ არ გაგრძელდეს, დაპირისპირებამ პიკს არ მიაღწიოს შემოდგომისთვის და ეს არ გადაიზარდოს ექსცესებში, ამის გაკეთება, ალბათ, შესაძლებელია”, - ამბობს არეშიძე.

გაზეთი “24 საათი” ნატო-საქართველოს ურთიერთობაზე პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ნიკა რურუას ესაუბრა. რურუა განმარტავს: “ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ არ შეიძლება ნატოს წევრად გახდომის პროცესი ისეთ პრიმიტიულ ავტომატიზმამდე დავიყვანოთ, რომ ჯერ იქნება “ინტენსიური დიალოგი”, მერე “მაპი” და მერე აუცილებლად წევრობა. ეს ყველაფერი ცოცხალი პროცესია. რა თქმა უნდა, ეს ნაბიჯები აუცილებლად გადასადგმელია. ეს არის აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი საფეხურები. როგორც ვიცით, ბოლოს ნატო პოლიტიკურ გადაწყვეტილებას იღებს”, - აცხადებს ნიკა რურუა “24 საათთან” ინტერვიუში.

დღევანდელი “რეზონანსი” ორი დაუსრულებელი საქმის შესახებ ამახვილებს მკითხველის ყურადღებას: ერთი გახლავთ შეერთებული შტატების საელჩოს თანამშრომლის ფრედ ვუდროფის მკვლელობის საქმე, მეორე კი გასული წლის 19 დეკემბერს თბილისის ცენტრში მომხდარი ავტოავარია, რომლის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და ორი დასახიჩრდა და რომელიც არ არის ბოლომდე გამოძიებული. “დაზუსტებით არავინ იცის, ვინ მართავდა შავი ფერის “მერსედესის” მარკის ავტომანქანას, რომლის ნომერია ა-005. თუმცა დაზარალებულთა ოჯახი აცხადებს, რომ, მათი ინფორმაციით, საჭესთან პრეზიდენტის პრეს-სამსახურის თანამშრომელი Aლანა გაგლოევა იჯდა”, - წერს “რეზონანსი”.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG