Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რამდენად კანონიერად განხორციელდა პრეზიდენტის რწმუნებულთა ფონდების ლიკვიდაცია


საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის სამხარეო რწმუნებულებთან არსებული ფონდების ლიკვიდაცია 2006 წლის 1 იანვრამდე

უნდა განხორციელებულიყო. რწმუნებულთა უმრავლესობამ კანონის მოთხოვნა გაითვალისწინა, თუმცა, ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” მტკიცებით, კანონი დაირღვა თავად ფონდების ქონების განაწილებისას და საჯაროობის პრინციპის დაცვისას. როგორ წარიმართა პრეზიდენტის რწმუნებულთა ფონდების ლიკვიდაციის პროცესი?

საქართველოს პარლამენტმა პრეზიდენტის რწმუნებულებთან არსებული ფონდების ლიკვიდაციის გადაწყვეტილება ჯერ კიდევ 2005 წლის ივლისში მიიღო. ეს იმისათვის, რომ დარჩენილ 6 თვეში ფონდებს დაწყებული პროექტების დასრულება მოეხერხებინათ და მათ ბალანსზე არსებული ქონება სახელმწიფოსათვის გადაეცათ. ამ პროცესის მონიტორინგს ახორციელებდა ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” და თუ რა აღმოაჩინა მან, მაგალითად, კახეთში პრეზიდენტის რწმუნებულ პეტრე ცისკარიშვილის ფონდის ლიკვიდაციისას, ასოციაციის წარმომადგენლის ნიკოლოზ გეგეშიძის განცხადებიდან შეიტყობთ:

[ნიკოლოზ გეგეშიძის ხმა] ”ანგარიშზე რწმუნებულის ფონდს ჰქონდა დაახლოებით 90 ათას ლარზე მეტი...
... ეს არის უხეში კანონდარღვევა, ეს არის თვითნებობა.”

ახალგაზრდა იურისტებს ამის თქმის საფუძველს საჯარო სამართლის იურიდიული პირის კანონის მოთხოვნა აძლევს, რომლის მიხედვითაც, ქონება გადაეცემა მხოლოდ სახელმწიფოს. ამ საკითხის კომენტირებისგან კახეთში პრეზიდენტის რწმუნებულმა პეტრე ცისკარიშვილმა თავი შეიკავა და ხელი “კახეთის განვითარების ფონდისკენ” გაიშვირა.

კერძო იურიდიული პირის, ”კახეთის განვითარების ფონდის”, აღმასრულებელი დირექტორი ვალერი გრემელაშვილი კი ირწმუნება, რომ ყველაფერი კანონის დაცვით განხორციელდა:

[ვალერი გრემელაშვილის ხმა] ”არსად არ წერია, რომ სახელმწიფო ორგანიზაციას უნდა გადასცემოდა... ეს რომ გადასცემოდა ბიუჯეტს, ბიუჯეტში არასწორი ცვლილება იქნებოდა, ფაქტობრივად.”

ახალგაზრდა იურისტები სხვაგვარად ფიქრობენ და იმედი აქვთ, რომ სამართალდამცავი ორგანოები ამ ფაქტებს უყურადღებოდ არ დატოვებენ. ასოციაციის ლიდერის ანა დოლიძის კომენტარი:

[ანა დოლიძის ხმა] ”თუ არ მოხდება ადეკვატური ზომების მიღება საქართველოს პროკურატურის მხრიდან იმ პირების მიმართ, რომლებიც უხეშად არღვევენ საქართველოს კანონმდებლობას...
... ამას აქვს გადამდები ხასიათი.”(სტილი დაცულია)

კანონის უზენაესობის მიმართ ზერელე დამოკიდებულება რომ გადამდებია, ამის მაგალითად ახალგაზრდა იურისტებს იმერეთის მხარეში პრეზიდენტის რწმუნებულის აპარატის საქციელი მოჰყავთ. ადრე ეს ორგანო კანონის დაცვით გასცემდა საჯარო ინფორმაციას. ახლა კი 20 დღეზე მეტია რწმუნებულის აპარატს უპასუხოდ აქვს დატოვებული ახალგაზრდა იურისტთა კითხვები.

ანალოგიურად იქცევა პრეზიდენტის რწმუნებული შიდა ქართლში მიხეილ ქარელი, რომლის აპარატიდან არასამთავრობო სექტორმა ვერაფრით მოახერხა მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის მიღება. ქარელს ორი ინსტანციის სასამართლოც კი მოუგეს, თუმცა ის არც სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებით იწუხებს თავს.
XS
SM
MD
LG