Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიცია პარლამენტის სხდომათა დარბაზში დაბრუნებას არ ჩქარობს - „დემოკრატიულმა ფრონტმა“ ბოიკოტის მიზეზები საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებს გააცნო


ბოიკოტის გამო, საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციური ფრაქციების წარმომადგენლები ერთმანეთს პარლამენტის დერეფნებსა და საკომიტეტო

მოსმენებზე თუღა ხვდებიან. არადა, ბოიკოტის გამოცხადებიდან თითქმის ერთი თვე გავიდა. ამ ხნის განმავლობაში მხარეებმა პოზიციები ვერც ერთ სადავო საკითხზე ვერ შეაჯერეს. ოპოზიცია, სხდომათა დარბაზში დაბრუნების ნაცვლად, კვლავინდებურად მემორანდუმში ჩამოყალიბებული მოთხოვნების შესრულებას მოითხოვს, უმრავლესობისთვის კი თავად ამგვარი ულტიმატუმია მიუღებელი. საქართველოს პარლამენტში შექმნილ ჩიხურ მდგომარეობაში გასარკვევად ფრაქცია „დემოკრატიულმა ფრონტმა“ „პირველი რესპუბლიკის“ დარბაზში საქართველოში აკრედიტებული დიპლომატები მიიწვია.

შეხვედრა 11 საათისთვის იყო დანიშნული. უცხოელი დიპლომატები პარლამენტში დათქმულ დროს გამოჩნდნენ, თუმცა დაიგვიანეს მასპინძლებმა, რომელთა თხოვნითაც შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გაიმართა. დერეფანში დარჩენილ ჟურნალისტებს ისღა დარჩენოდათ, ემარჩიელათ.

[ისმის ხმა] „ელჩებით არის წარმოდგენილი: ჰოლანდია, პოლონეთი, ლიტვა, ევროკომისია, ჩეხეთი, ხოლო ლატვიიდან არის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი...“

საბოლოო ჯამში, შეხვედრამ არასრულ ერთ საათს გასტანა. რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ბერძენიშვილი, ამბობს, რომ უცხოელი დიპლომატების საშუალებით მთელმა მსოფლიომ უნდა შეიტყოს, თუ რა ხდება საქართველოში - ვინ უღალატა „ვარდების რევოლუციის“ იდეალებს:

[ლევან ბერძენიშვილის ხმა] „იმ ქვეყანამ, რომელსაც ჰქონდა ძალიან სერიოზული წარმატების შანსი, ისეთი ნაბიჯები გადადგა, რომ პარლამენტში, ფაქტობრივად, ერთპარტიული მმართველობაა დამყარებული. მთელმა მსოფლიომ უნდა იცოდეს, რომ “ვარდების რევოლუციის” იდეალებს ამ ხელისუფლებამ უღალატა. ჩვენ შევეცდებით ავუხსნათ კარგად, თუ რატომ არ შევდივართ პლენარული სხდომების დარბაზში, რა მოხდა ქვეყანაში და რა ნაბიჯები არის მოსალოდნელი.“

შეხვედრიდან გამოსული დიპლომატების დიდმა ნაწილმა თავი აარიდა საინფორმაციო საშუალებების წარმომადგენლებთან ურთიერთობას. ზოგადი კომენტარის გაკეთება მხოლოდ ნიდერლანდებისა და ლატვიის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელებმა ისურვეს.

[ნიდერლანდების ელჩის ხმა] “ოპოზიციის ზოგიერთმა წარმომადგენელმა გაგვაცნო თავიანთი შეხედულება, რომელსაც, დარწმუნებული ვარ, თქვენც საკმაოდ კარგად იცნობთ. სხვა კომენტარს არ ვიძლევი. რა გითხრათ. დიპლომატები აქ იმისთვის ვართ, რომ გავეცნოთ ყველა მხარის პოზიციას. ამიტომ ვუსმენთ ყველას. ნამდვილი დემოკრატია მაშინ არის, როცა ოპოზიციაც არსებობს. დღეს ჩვენ ოპოზიციის მოსასმენად მოვედით.”


[ლატვიის ელჩის ხმა] “ეს იყო ინფორმაციული შეხვედრა. ოპოზიციური პარტიებისგან მივიღეთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც დიპლომატიურ მისიებს უნდა გადაეცეს. სხვა ბევრი არაფრის თქმა შემიძლია, ვინაიდან მხოლოდ ორი კვირაა, რაც ჩამოვედი და ჯერ მხოლოდ ვითარებას ვსწავლობ.”


უცხოელი დიპლომატების ამგვარი მოკრძალებული კომენტარების მიუხედავად, „დემოკრატიული ფრონტის“ წარმომადგენლები დარწმუნებულნი არიან, რომ შეხვედრა, პრაქტიკული შედეგის სახით, ნაყოფს გამოიღებს. ყოველ შემთხვევაში, დეპუტატი კახა კუკავა დარწმუნებულია, რომ საპარლამენტო უმრავლესობის სიხისტის დასაძლევად აშკარა უმცირესობაში მყოფ ოპოზიციას საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერა სჭირდება.

[კახა კუკავას ხმა] „ჩვენ გავაცანით მათ ბოიკოტის მოთხოვნათა თემატიკა. გარდა ამისა, განვუმარტეთ, რომ მოთხოვნათა შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა გადაეცემა პარლამენტს უკვე მიმდინარე კვირის ბოლომდე და ჩვენ გვჭირდება მათი მხარდაჭერა, განსაკუთრებით საერთაშორისო ორგანიზაციების ლობირება - იმავე ევროსაბჭოსი, ეუთოსი, რომლებიც ახორციელებენ მონიტორინგს როგორც ადამიანის უფლებების დაცვაზე, ასევე სამართლიანი არჩევნების ჩატარებაზე - და იმედი გვაქვს, რომ ის საკანონმდებლო ინიციატივა, რაც წარვუდგინეთ, მათ მიერაც იქნება მხარდაჭერილი.“

„დემოკრატიული ფრონტის“ ლიდერებს უცხოელ დიპლომატებთან შეხვედრაზე მიწვეული ჰყავდათ სხვა ოპოზიციური ფრაქციების წარმომადგენლებიც. ცხადია, მიწვეულთა შორის არ იყვნენ უმრავლესობის წევრები, რომლებიც სამშაბათს სასესიო კვირისათვის ემზადებოდნენ. გიგი წერეთელი, პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ურჩევს ოპოზიციას, უარი თქვას ულტიმატუმზე:

[გიგი წერეთლის ხმა] „ულტიმატუმს როცა გიყენებენ, ანუ როცა ძალაზეა საუბარი, პასუხიც შესაბამისია. ასე იყო ყოველთვის, ყველა ფორმაციაში. ულტიმატუმი ყოველთვის გამაღიზიანებელია. მაგრამ მე მაინც მგონია, რომ ოპოზიციაში არის საკმაოდ გონიერი ხალხი და ის მიმდინარეობა, რაც გულისხმობს თანამშრომლობას კომიტეტებში, ბიუროს სხდომებზე, მაინც მარწმუნებს, რომ ძალიან მალე ნორმალური სამუშაო პროცესი აღდგება სხდომებზეც.“

და მართლაც, აპირებს თუ არა ოპოზიცია პარლამენტის სხდომათა დარბაზში დაბრუნებას? საქმე ის არის, რომ ოპოზიციამ შეიმუშავა რამდენიმე კანონპროექტი, მათ შორის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების წესის შესახებ, რომელსაც პარლამენტის ბიუროს მიმდინარე კვირაში გაუგზავნიან. „დემოკრატიულ ფრონტში“ აცხადებენ, რომ ბოიკოტი იმ შემთხვევაში შეწყდება, თუკი უმრავლესობა ოპოზიციის საკანონმდებლო ინიციატივის განხილვაზე დათანხმდება.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG