Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

28 აპრილს, გაეროს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ინიციატივით, მთელ მსოფლიოში


28 აპრილს, გაეროს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ინიციატივით, მთელ მსოფლიოში შრომის დაცვისა და პროფესიული მოვალეობის შესრულებისას დაღუპულთა

ხსოვნის დღე აღინიშნება. ამ დღეს საქართველოშიც აღნიშნავენ, მიუხედავად იმისა, რომ რიგიანად სამუშაო ადგილზე უბედური შემთხვევების შედეგად გარდაცვლილთა ზუსტ რაოდენობაზეც კი ვერ თანხმდებიან. პირობითად, ერთმანეთს ორი მხარე ედავება – საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირები და ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექცია. თუმცა მათ ხელთ არსებული სტატისტიკის უტყუარობაზე პრეტენზიას, გარკვეული მიზეზების გამო, ვერც ერთი მხარე ვერ აცხადებს.

სტატისტიკურ ვადად მიმდინარე ერთი წელი შევარჩიოთ. გაერთიანებული პროფკავშირების მონაცემებით, 2005 –2006 წლებში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას საწარმოო ტრავმა მიიღო 106–მა ადამიანმა, სხეულის მძიმე დაზიანება - 46–მა, ხოლო დაიღუპა 60 დასაქმებული. რადიკალურად განსხვავებულია საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის ინფორმაცია. ამ ინფორმაციის თანახმად, გასული 12 თვის განმავლობაში საწარმოო ტრავმა მხოლოდ 7–მა ადამიანმა მიიღო, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას კი მხოლოდ 6 ადამიანი დაიღუპა. არის მესამე და უფრო სარწმუნო ვერსია: ობიექტური გარემოებების გამო, ვერც ერთი სტატისტიკური სურათი ვერ ასახავს რეალობას; პროფკავშირები მხოლოდ მასში გაერთიანებული ორგანიზაციების მონაცემებს ეყრდნობიან, საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის ინსპექცია კი მხოლოდ ისეთ საწარმოებში მომხდარი ინციდენტების კონტროლს აწარმოებს, სადაც სამუშაო, ძირითადად, მაღალ წნევასა და ტემპერატურაზე მიმდინარეობს. თანაც, საწარმოთა ერთი ნაწილი უბედურ შემთხვევებს შეგნებულად მალავს; ამას ემატება ის გარემოებაც, რომ მიმდინარე წლის 1 იანვრიდან ქვეყანაში აღარ მოქმედებს შრომის სახელმწიფო ინსპექცია. ყოველივეს გათვალისწინებით, რეალობასთან მიახლოებულია კიდევ ერთი სტატისტიკური მონაცემი, რომელსაც შრომის, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამინისტრო არაოფიციალურად ავრცელებს: 2006 წლის გასული 4 თვის განმავლობაში 18 საწარმოო შემთხვევაა აღრიცხული. მათგან 15 დასრულდა ლეტალური შედეგით.

[ალექსანდრე ბეჟანიშვილის ხმა]“ დამსაქმებელს ვალდებულება ძალიან ბევრი აქვს. გააჩნია, იქ რა ხდება, ვისი ბრალეულობა იკვეთება. ამაზე ძალიან ბევრი რამეა დამოკიდებული. როდესაც სასიკვდილო შემთხვევებია, ან მძიმე შემთხვევაა, იქმნება სპეციალური ტექნიკური კომისია, რომელიც გამოიკვლევს, გარდა საგამომძიებლო ორგანოებისა. იქ არის მთელი რიგი პირობები, დაწყებული პატარა დახმარების სახით, დამთავრებული იმით, რომ 10 წლის ხელფასი ერგება ზოგიერთ შემთხვევაში გარდაცვლილს.“(სტილი დაცულია)

თუმცა არ არის გამორიცხული, რომ სამუშაო ადგილზე გარდაცვლილთა ოჯახების კომპენსაციის ეს ფორმა, რომელზეც საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის უფროსი ალექსანდრე ბეჟანიშვილი ბრძანებდა, უახლოეს მომავალში საერთოდ გაქრეს. გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარის ირაკლი პეტრიაშვილის თქმით, შრომის კოდექსის პროექტში პროფესიული მოვალეობის შესრულებისას დაზარალებული პირების დახმარების მარეგულირებელი ნორმები არ ჩაიდო, რაც იმის შედეგია, რომ პროექტის შედგენაში პროფკავშირები და დამსაქმებლები არ მონაწილეობდნენ. რა სახეს მიიღებს საბოლოოდ შრომის კოდექსი, ჯერ არავინ იცის, თუმცა, მეორე მხრივ, ცნობილია, რომ საქართველოში შრომის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებში აქტიურად ერთვება გაეროს შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია. ამ ორგანიზაციის მოსკოვის ბიუროს ხელმძღვანელი ვერნერ ბლენკი 28 აპრილს თბილისში საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსა და ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის მიერ ორგანიზებულ საგანგებო კონფერენციაში მონაწილეობდა.

[ვერნერ ბლენკის ხმა]“ ჩვენი საქართველოში ვიზიტის ერთ–ერთი მიზანია ღირსეული და უსაფრთხო შრომის სახელმწიფო პროგრამის მომზადება და ამ საკითხზე მოლაპარაკებების წარმოება მთავრობასთან, პროფესიულ გაერთიანებებთან, დამსაქმებლებსა და დასაქმებულებთან. ამ პროგრამის ფარგლებში განვახორციელებთ სწორედ იმ ერთობლივ პროექტებსა და მიზნებს, რომლებიც შევათანხმეთ. “

შრომის დაცვის მსოფლიო დღე გაეროს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ 2003 წელს დააწესა. ამ ორგანიზაციის მონაცემთა თანახმად, ყოველწლიურად სამუშაო ადგილზე მსოფლიოში თითქმის 2 მილიონი ადამიანი იღუპება. 28 აპრილი ამ ადამიანთა ხსოვნისა და ტრაგიკულ შემთხვევათა შესამცირებლად რესურსების მოძიების დღეა.

.
XS
SM
MD
LG