Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვილნიუსის კონფერენცია საერთო სამეზობლოს შესახებ


მიმდინარე კვირაში ლიტვა მასპინძლობს რეგიონული საკითხებისადმი მიძღვნილ კონფერენციას ევროპის კავშირსა და ნატოში

ახლახან გაწევრიანებული ქვეყნებისა და მათი მეზობლების მონაწილეობით. კონფერენცია თავს უყრის ბალტიისპირა ქვეყნების, კავკასიისა და შავი ზღვისპირა ქვეყნების ლიდერებს, რომელთა დისკუსია 4 მაისს გაიმართება ვილნიუსში. შეხვედრას ესწრება საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც. ვილნიუსის კონფერენციაში მონაწილეობს შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი დიკ ჩეინი.

შეხვედრის მთავარი მიზანია, შეიმუშაოს "საერთო ხედვა საერთო სამეზობლოსთვის". საგულისხმოა, რომ პროექტში არ მონაწილეობს რუსეთი.

ვილნიუსის კონფერენციაში მონაწილე ქვეყნების ლიდერთა შეხვედრამდე ლიტვის დედაქალაქში ტარდება მოხსენებები და დისკუსიები პოლიტოლოგების, ეკონომისტების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა მონაწილეობით. როგორც ჩვენი სპეციალური კორესპონდენტი, ჯერემი ბრანსტენი იტყობინება ვილნიუსიდან, შეხვედრის მონაწილეთაგან არავინ დაობს იმის თაობაზე, რომ ევროპის კავშირის კიდევ უფრო გაფართოება ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ხარჯზე ძალზე რთული პროცესი იქნება. მიზეზი რამდენიმეა.

ამერიკელი პოლიტოლოგის, ნეოკონსერვატორ ბრუს ჯეკსონის აზრით, თუკი აღმოსავლეთი ევროპის ქვეყნებს დემოკრატიის აღდგენა მოუხდათ, ქვეყნებმა, როგორებიც არის, მაგალითად, უკრაინა და საქართველო, დემოკრატიული დაწესებულებები თავიდან უნდა ააშენონ. მეორე მიზეზია რუსეთის წინააღმდეგობა.

[ჯეკსონის ხმა] "მეზობელი დემოკრატიების მიმართ მუქარამ, რომელიც ასე ახასიათებს რუსეთს, უნდა გვიბიძგოს იქითკენ, რომ კონკურენციის პოლიტიკა ვაწარმოოთ რუსეთთან, რათა ერთგული დავჩეთ ჩვენი საკუთარი ღირებულებებისა."

უნგრელი პოლიტოლოგის, იშტვან დიარმატის აზრით, რუსეთთან ურთიერთობაში საჭიროა დიფერენცირებული მიდგომა.

[დიარმატის ხმა] "მე ვიტყოდი, რუსეთთან ჩვენი ურთიერთობა არის როგორც კონკურენციაზე ისე თანამშრომლობაზე დამყარებული. თანამშრომლობა გვაქვს იქ, სადაც ჩვენი ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა და კონკურენცია - სადაც ისინი ერთმანეთს არ ემთხვევა. და აღმოსავლეთი ევროპის დემოკრატიზაციის საკითხში ისინი არ თანხვდება."

საერთოდ, დისკუსიამ კიდეთ ერთხელ ნათელყო, რომ დასავლეთში არ არსებობს ერთიანი პოზიცია რუსეთთან ურთიერთობების საკითხში. როგორც კონფერენციის ერთ-ერთმა მონაწილემ თქვა, დროა კიდევ ერთხელ ჩავხედოთ პუტინს თვალებშიო. შეგახსენებთ, როცა ჯორჯ ბუში პირველად შეხვდა თავის რუს კოლეგას სლოვენიაში 2001 წელს, მან თქვა, პუტინს თვალებში ჩავხედე და მისი სული დავინახეო.

სხვათა შორის, კონფერენციაზე გამოსულმა რუსმა პოლიტოლოგმა, ბორის კუზნეცოვმა მისი ქვეყნის მისამართით გამოთქმული საყვედურების საპასუხოდ დასავლელ კოლეგებს საყვედურითვე უპასუხა: სად იყავით ელცინის მმართველობის დროს, მაშინდელ დარღვევებზე რატომ არ რეაგირებდა დასავლეთიო.

მაგრამ პრობლემა მხოლოდ რუსეთი არ არის. ვილნიუსის კონფერენციაზე კიდევ ერთხელ გაისმა გავრცელებული მოსაზრება, რომ ევროპის კავშირი შემდგომი გაფართოების მიმართ გულგრილია. ისმის შეკითხვა: როგორ შეიძლება დემოკრატიზაციისკენ მოუწოდო ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა საქართველო და უკრაინა ისე, რომ საპასუხო ჯილდოს, ანუ უახლოეს მომავალში კავშირში გაწევრიანებას არ დაჰპირდე მათ.

ჯერემი ბრანსტენმა ინტერვიუ აიღო ლიტვის პრეზიდენტთან, ვალდას ადამკუსთან და მისი ერთ-ერთი შეკითხვა სწორედ გაფართოების თემას ეხებოდა. დაეხმარება თუ არა ის საქართველოსა და უკრაინას ევროკავშირში გაწევრიანებაში?

[ადამკუსის ხმა] "გარკვეულად - კი. ვინაიდან მიმაჩნია, რომ რადგანაც უკვე გავწევრიანდით ევროკავშირში, ჩვენს მეზობლებსაც აუცილებლად უნდა ჰონდეთ იგივე პრივილეგიები, იგივე უფლებები, იმავე წესებით უნდა ცხოვრობდნენ, როგორითაც ჩვენ. ისინი იმსახურებენ აქ ყოფნას, თუ იკისრებენ ამ პასუხისმგებლობას. ვინაიდან, მოდი ვაღიაროთ, ევროპა ერთი კონტინენტია."
XS
SM
MD
LG