Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია რუსეთის სამხედრო ბაზების მონახულებას აპირებს


რუსეთის კუთვნილი ორი სამხედრო ბაზის დახურვის პროცესით, რომელიც მაისის შუა რიცხვებში უნდა განახლდეს, ნატოს საპარლამენტო ასამბლეაც ინტერესდება.

ასამბლეის პრეზიდენტი და მისი თანმხლები დელეგაცია, რომელიც საქართველოში ოთხშაბათს ჩამოფრინდა, თვითაღიარებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ლიდერებსაც შეხვდება. საქართველოში ვიზიტის პირველ დღეს კი ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს და საპარლამენტო ოპოზიციას შეხვდა.

შესაძლოა ითქვას, რომ საქართველოში ნატოს კვირეული გრძელდება. ალიანსის გენერალური მდივნის თანაშემწეს ჯონ კოლსტონს, რომელიც თავდაცვის საკითხებზე გამართულ კონფერენციაში მონაწილეობს, 4 მაისს ფეხდაფეხ მოჰყვა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პიერ ლელუში, თუმცა განსხვავებული და, შეიძლება ითქვას, უფრო მეტად დატვირთული პროგრამით. ოფიციალური შეხვედრების გარდა, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია კონფლიქტური ზონების და რუსეთის ბაზების მონახულებას აპირებს, განუცხადა ქართველ ჟურნალისტებს პიერ ლელუშმა:

[პიერ ლელუშის ხმა]“ჩვენ გვსურს ვუთხრათ ქართველ ხალხს, რომ მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს. ეს არის მნიშვნელოვანი ელემენტი დემოკრატიზაციის კონსოლიდაციის პროცესში და აგრეთვე მძლავრი არგუმენტი შიდა კონფლიქტების მოსაგვარებლად. ვიზიტის ფარგლებში, ჩვენ ასევე ვეწვევით სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს, რადგან გამოცდილება ცხადყოფს, რომ არაფერია იმაზე უკეთესი, ვიდრე სიტუაციის ადგილზე გაცნობა და განმარტებითი საუბარი მოსახლეობასთან. ჩვენ განზრახული გვაქვს, მოვინახულოთ რუსეთის ის ბაზები, რომლებიც უნდა გავიდნენ საქართველოდან. ჩვენ ველოდებით რუსეთის მხარის შესაბამის ნებართვას და იმედი გვაქვს, რომ მას მივიღებთ. “

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა პიერ ლელუშმა ეს განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. თუმცა მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ალიანსის წარმომადგენელ კანონმდებლებს რუსეთის ბაზის ტერიტორიაზე შესვლაზე უარი ეთქვა. ეს ინფორმაცია რადიო “თავისუფლებასთან” საუბარში საქართველოს პარლამენტის წევრმა, ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ რურუამ დაადასტურა:
[ნიკოლოზ რურუას ხმა] “ახალქალაქიდან და ბათუმიდან მოვიდა ოფიციალური წერილი - სინამდვილეში, ეს წერილი მოვიდა რუსეთის გენერალური შტაბიდან, რომელიც განლაგებულია მოსკოვში - ოფიცალური უარი დელეგაციის წევრების შეშვებაზე ბათუმსა და ახალქალაქში, რა თქმა უნდა, ბაზებზე.”[სტილი დაცულია]

რუსეთისგან მიღებულმა უარმა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის წევრებს ხასიათი გაუფუჭა. სამხედრო ბაზების მონიტორინგი წინასწარ იყო შეთანხმებული რუსეთის “დუმის” ხელმძღვანელობასთან, რითაც რუსეთს უნდა ეჩვენებინა, რომ ბაზების გაყვანა გამჭვირვალე პროცესია, განაცხადა პიერ ლელუშმა:

[პიერ ლელუშის ხმა] “დუმა” ჩვენი საპარლამენტო ასამბლეის წევრია. და მე მქონდა მოლაპარაკება რუსეთის დელეგაციასთან, რომ ერთობლივად ჩაგვეტარებინა მონიტორინგი რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანის პროცესზე. პარლამენტარებს ამ საქმეში შეეძლოთ ეთამაშათ მხოლოდ კონსტრუქციული როლი. ჩვენ არაფერი გვამოძრავებდა, ტრანსპარენტულობისა და თანამშრომლობის სურვილის გარდა. და თუ უარი გვითხრეს, ეს ძალიან სამწუხაროა, ეს ცხადყოფს, რომ მოსკოვში ჩვენი გზავნილი სწორად ვერ გაიგეს.”

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის პრეზიდენტი პიერ ლელუში ხუთშაბათს საქართველოს საპარლამენტო ოპოზიციასაც შეხვდა. ოპოზიციის წარმომადგენლებმა ლელუშს საქართველოში დემოკრატიული პრინციპების დარღვევის კონკრეტული ფაქტები გააცნეს. კერძოდ, საუბარი იყო დეპუტატ ვალერი გელაშვილზე თავდასხმის ფაქტსა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაზე. საპარლამენტო ოპოზიცია იმედოვნებს, რომ ნატოს მხრიდან აღნიშნულ სამართალდარღვევებს ადეკვატური რეაგირება მოჰყვება.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG