Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მეორე მსოფლიო ომი თანამედროვე ახალგაზრდების თვალით


დღეს მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 61 წელი შესრულდა. საომარი მდგომარეობა ევროპაში 1945 წლის 8 მაისს გერმანიის კაპიტულაციით დასრულდა,

ხოლო აზიაში - 1945 წლის 2 სექტემბერს იაპონიის კაპიტულაციით. მიუხედავად იმისა, რომ 9 მაისი საბჭოთა კავშირის დიდებასთან ასოცირდება, იგი დამოუკიდებელი საქართველოს სადღესასწაულო დღეების ნუსხაშიც აღმოჩნდა. თუმცა თანამედროვე ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის გაუგებარია, რატომ გამოცხადდა 9 მაისი დასვენების დღედ.

თანამედროვე ქართველი ახალგაზრდები, რასაკვირველია, არც დასვენების წინააღმდეგნი არიან და არც სამამულო ომში ფაშიზმის დამარცხების მნიშვნელობას აკნინებენ. მათი სკეპსისი, ძირითადად, პოლიტიკურ–სოციალური ხასიათისაა:

[სტუდენტების ხმა]“ რა დროის საბჭოთა კავშირია. საბჭოთა კავშირი დაიშალა, საქართველო თავისთვისაა, გერმანია თავისთვისაა, ყველა თავისთვისაა და მე ვფიქრობ, რომ არ ღირდა, ისედაც ყოველი დღე უქმეა თითქმის და, კიდევ ერთი უქმე დღე რომ დავამატეთ. ბაბუაჩემი რომ იბრძოდა და ბებიაჩემი რომ იბრძოდა, ისინი იბრძოდნენ, მაგრამ მე, მაგალითად, ახლა არ ვფიქრობ, რომ უნდა აღინიშნოს ეს დღე, იქიდან გამომდინარე, რომ ისედაც ყველა დღე უქმეა ჩვენთან. არამარტო მაგიტომ. ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია ისიც, რომ რუსეთი, რუსეთიო და ერთი ამბავია ატეხილი, არ გვინდაო და კეთილი მეზობლებიც კი არ ვართ და მაშინ რატომ აღვნიშნავთ იმათ მიერ დაწესებულ დღესასწაულს?“(სტილი დაცულია)

დღესასწაული - ერთი, მეორე მსოფლიო ომის ევროპაში დასრულების თარიღის ისტორიული მნიშვნელობა კი - მეორე. ჩვენი რესპონდენტები ცდილობენ დაამსხვრიონ და თავიანთი განმარტებებით უკუაგდონ აზრი, რომ თანამედროვე ახალგაზრდობამ ბევრი არაფერი იცის საბჭოთა კავშირის სამამულო ომისა და ამ ომში დაღუპული გმირების შესახებ:

[სტუდენტის ხმა]“ როგორ არ ვიცით. ვიცით, რომ ეს არის ფაშიზმზე გამარჯვების დღე. როგორც რუსები, ისე ქართველები ვიბრძოდით ფაშიზმის წინააღმდეგ მაშინ. ჰოდა, მე ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანი დღეა ყველასთვის, მთელი მსოფლიოსთვის. ქართველები არ ვართ გამონაკლისი ნამდვილად.“

[სტუდენტის ხმა] “იმ თაობისთვის მართლა მნიშვნელოვანი იყო ეს მოვლენა და ის მონაწილეები, მართლაც, დასაფასებელი ხალხია. არა აქვს მნიშვნელობა. ისინი რუსეთის შემადგენლობის დროს იბრძოდნენ, მაგრამ ისინი იბრძოდნენ საქართველოს ინტერესებისთვისაც, ხომ ასეა.“

[სტუდენტის ხმა]“ მეორე მსოფლიო ომი, რასაკვირველია, ისწავლება საქართველოს ისტორიაში, სრულ კურსს გავდივართ, მაგრამ ჯერ მაგ პერიოდზე არ ვართ მისულები.“

უმაღლესი სასწავლებლების გარდა, მეორე მსოფლიო ომს სწავლობენ ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებშიც. მეორე მსოფლიო ომის შესწავლას სკოლებში მე–9 კლასიდან იწყებენ. უახლესი ისტორიის სახელმძღვანელოში ათ გვერდზეა მოთხრობილი მეორე მსოფლიო ომის ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალები, რომელსაც თან ფოტომასალა და პოტსდამის კონფერენციის გადაწყვეტილება ახლავს. უახლესი ისტორიის პარალელურად მე–9 კლასში ისწავლება საქართველოს ისტორიაც, რომელშიც მეორე მსოფლიო ომში ქართველების მონაწილეობის თაობაზე მასალამ სახელმძღვანელოს ოთხ გვერდზე მოიყარა თავი. მეცხრე კლასამდე ასაკის მოსწავლეთა ცოდნა მეორე მსოფლიო ომის თაობაზე კი ყურმოკრული უფროა, ვიდრე საფუძვლიანი:

[მოსწავლის ხმა]“ მე ვიცი, რომ 9 მაისს ჩვენი ბაბუები დაცხრილეს. ეგ ვიცი მარტო, მეტი არაფერი არ ვიცი.“

[მოსწავლის ხმა]“ სტალინი არ მომწონს, რა. საქართველო ჩაუშვაო თუ რაღაც, ეგრე ამბობდნენ და მეც დავიჯერე. მე რატომღაც მგონია, რომ სტალინი ცუდი კაცი იყო.“

[მოსწავლის ხმა]“ 9 მაისი იმითაა კარგი, რომ დავისვენებთ. ფაშისტებმა შემოგვიტიეს და დავამარცხეთ.“

პატარები იმასაც ამბობენ, რომ 9 მაისი, ფაშიზმზე გამარჯვების დღე, სევდიანი დღესასწაულია და ომში დაღუპულ გმირებს სანთლებს დაუნთებენ. გამარჯვების სევდას და ზეიმს ყველაზე მძაფრად სამამულო ომის ვეტერანები შეიგრძნობენ.სწორედ ისინი იქნებიან დღეს ყურადღების ცენტრში.
XS
SM
MD
LG