Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღევანდელ ქართულ გაზეთებს საერთო რეზიუმეს თუ გავუკეთებთ, სურათი ასეთი გამოვა:


დღევანდელ ქართულ გაზეთებს საერთო რეზიუმეს თუ გავუკეთებთ, სურათი ასეთი გამოვა: ხელისუფლების შიგნით ფრონტალური დაპირისპირებაა.

“კეზერაშვილი ვარშალომიძის წინააღმდეგ”, ასეთი სათაური აქვს სტატიას გაზეთ “ალიაში”. გაზეთის ვერსიით, საქმე უნდა ეხებოდეს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგაოდება “თეროს”, რომელსაც, აჭარის ლიდერის ლევან ვარშალომიძის მფარველობით, საგადასახადო სამსახურმა 600 ათასი ლარი თავის დროზე უნაღდოდ ჩაუთვალა და რაზეც, გაზეთის ცნობით, ფინანსური პოლიცია გამოძიებას აწარმოებს.


გაზეთი “ახალი თაობა “ კი დაპირისპირების თამასას უფრო მაღლა სწევს და ასკვნის, რომ “ნინო ბურჯანაძეს აღარ მოსწონს შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი.” გაზეთს ასეთი დასკვნის გაკეთებას 8 მაისის ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარის გამოსვლა აძლევს. გარდა იმისა, რომ ნინო ბურჯანაძემ მოითხოვა შეისწავლონ 2 გახმაურებული სპეცოპერაციის ყველა არსებითი დეტალი, სპიკერმა მოუწოდა კანონმდებლებს დააჩქარონ მომზადება კანონპროექტის, რომელშიც “ძალიან მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული, თუ როდის შეუძლიათ - და რა მოცულობით - სამართალდამცველ ორგანოებს გამოიყენონ ძალა.”



საქართველოს პრემიერ-მინისტრ ზურაბ ნოღაიდელს კი ახალი ოპონენტი გამოუჩნდა, არასამთავრობო ორგანიზაცია “ახალგაზრდული რესპუბლიკური ინსტიტუტის” სახით. ინსტიტუტის მიერ ჩატარებული გამოკვლევის მიხედვით, სახაზინო ვალდებულებებით ვაჭრობის საპროცენტო განაკვეთმა ყველაზე მაღალ ნიშნულს – 300 პროცენტს - ზურაბ ნოღაიდელის ფინანსთა მინისტრობის დროს მიაღწია. ექსპერტთა ვარაუდით, მთავრობა ამ ნაბიჯით საფინანსო სექტორის გაკონტროლებას და, სახელმწიფო ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობის შედეგად, ბიუჯეტის ხარჯზე დიდი ოდენობით შემოსავლების მიღებას ცდილობდა. ორგანიზაცია პრემიერ-მინისტრს დიდი ოდენობით სახელმწიფო ფულის მითვისებაში ამხელს და პრეზიდენტს მისი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ურჩევს,”-წერს გაზეთი “რეზონანსი”.

ასეთი მწვავე დაპირისპირების ფონზე “შერიგების გზა დსთ-დან გამოსვლის გზაზე გადის”, წერს ყოველდღიური “24 საათი”. მთავარი შემრიგებლის როლში კი, სტატიის მიხედვით, პარლამენტის თავმჯდომარე გამოდის. ნინო ბურჯანაძის ძალისხმევამ, გაემართა კონსულტაციები საგადასახადო კოდექსის სადავო მუხლებზე და, გამჭვირვალე გაეხადა საარჩევნო კოდექსში შეტანის პროცედურა, ოპოზიცია სხდომათა დარბაზში ვერ დააბრუნა. თუმცა მოულოდნელად გამოჩნდა შერიგების გზა: დსთ-დან გამოსვლის პროცედურის დაწყების შემთხვევაში, ოპოზიცია მზად არის პროტესტი გვერდზე გადადოს და საკითხის განხილვაში მონაწილეობა მიიღოს, - წერს გაზეთი “24 საათი”.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG