Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დუბაიში ქართველი „კანონიერი ქურდი“ დააკავეს


9 მაისს არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში ეგრეთ წოდებული „კანონიერი ქურდი“ ზახარ, იგივე შაქრო, კალაშოვი დააკავეს. ესპანური მედიის ცნობით,

კალაშოვს ინტერპოლი რუსულ მაფიასთან კავშირის გამო ეძებდა, მაგრამ, არაერთი მცდელობის მიუხედავად, პირენეის ნახევარკუნძულზე მისი აყვანა ვერ მოხერხდა. ესპანელი სამართალდამცავები ევროპაში მოქმედი მსხვილი კრიმინალური დაჯგუფების ერთ-ერთი ხელმძღვანელის დაპატიმრებას დიდ წარმატებად მიიჩნევენ და ესპანეთში მის ექსტრადიციას ითხოვენ, თუმცა კალაშოვის ექსტრადიციის იმედს არც ქართველი სამართალდამცავები კარგავენ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 53 წლის წინ საქართველოში დაბადებულ შაქრო კალაშოვს ქართველი პოლიციელები ექვსი წლის წინ ჩადენილი დანაშაულის გამო ეძებენ. მინისტრი ვანო მერაბიშვილი ამტკიცებს, რომ ეგრეთ წოდებული „კანონიერი ქურდის“ დაკავება, გარკვეულწილად, საქართველოდან მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე მოხერხდა.

საქართველოს ხელისუფლება არ მალავს, რომ ეგრეთ წოდებულ „ქურდულ სამყაროსთან“ სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაშია ჩაბმული. შინაგან საქმეთა მინისტრის განმარტებით, იმის გამო, რომ ქართველი „კანონიერი ქურდები“ ლამის მთელ მსოფლიოს არიან მოდებული, ბრძოლის მასშტაბებიც გლობალურია:

[ვანო მერაბიშვილის ხმა] „მაგალითად, გლეხოვიჩი წარმოადგენს თავის ტკივილს ვენის პოლიციისთვის. ის, რომ რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ჩემთან საუბრის დროს 15 წუთი დაუთმო კალაშოვს, ის, რომ ესპანეთის შინაგან საქმეთა მინისტრი მესაუბრა ტარიელ ონიანზე, მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ ძლიერი დარტყმა მივაყენეთ სერიოზულ მაფიოზურ დაჯგუფებას.“ (სტილი დაცულია)

ვანო მერაბიშვილის მტკიცებით, ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ კანონის მიღების შემდეგ „კანონიერ ქურდებს“ საქართველოში მშვიდად აღარ დაედგომებათ. კრიმინალური სამყაროს თვალსაჩინო წარმომადგენლებს ქართული პოლიცია სხვა ქვეყნების ტერიტორიებზეც უქმნის პრობლემებს. მაგალითისთვის იგივე შაქრო კალაშოვიც გამოდგება, რომელზეც ქართველმა სამართალდამცავებმა ძებნა მიმდინარე წლის აპრილში გამოაცხადეს:

[შსს-ს წარმომადგენლის ხმა] „ფაილოძემ გამოძიებას მისცა დეტალური ჩვენება, რომელშიც იკვეთება „კანონიერი ქურდების“, მათ შორის, შაქრო კალაშოვის კვალიც და გამოძიებას გააჩნია საკმაო მტკიცებულებები, რომ მას წაეყენოს ბრალი.“(სტილი დაცულია)

უნდა ითქვას, რომ კალაშოვის კრიმინალური საქმიანობა ყოველთვის იქცევდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობის ყურადღებას, თუმცა გაზეთ „რეზონანსის“ მთავარი რედაქტორის მოადგილე ელისო ჩაფიძე ასახელებს რამდენიმე მიზეზს, რის გამოც ქართველი სამართალდამცავები „კანონიერ ქურდს“ პრობლემებს არ უქმნიდნენ:

[ელისო ჩაფიძის ხმა] „1991 წლის შემდეგ, მე რამდენადაც ვიცი, ის საქართველოში არ მოღვაწეობდა, თუმცა მჭიდროდ იყო დაკავშირებული იმავე ტარიელ ონიანთან და, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, კარგი ურთიერთობები ჰქონდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობასთან თარგამაძის პერიოდში და უფრო ადრეც.“

მაგრამ, როგორც იტყვიან, დრო გამოიცვალა. ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ერჩის უკლებლივ ყველა „კანონიერ ქურდს“, მათ შორის, შაქრო კალაშოვსა და ტარიელ ონიანს, თუმცა იმის გამო, რომ ქართველი „ქურდები“ იოლად იღებენ სხვა ქვეყნის მოქალაქეობას, მათი მოხელთება ძნელია. დუბაიში დაკავებული ქართველი კრიმინალის ბედით მთავრობის სხდომაზე მისული მიხეილ სააკაშვილიც დაინტერესდა:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] „ვისი სანქციითაა დაკავებული კალაშოვი?“

[ვანო მერაბიშვილის ხმა] „ესპანეთის სანქციით დააკავეს დუბაიში, თუმცა საქმე საქართველოშიც არის აღძრული და ჩვენც ვეძებთ.“

-
ჩვენი მეორე მეგობარი და ძმა, ონიანი, სად არის?“
-
ბატონმა ონიანმა მიიღო რუსეთის მოქალაქეობა... სხვათა შორის, ესპანელი კოლეგები გაკვირვებულები არიან, რომ მათ მიერ ძებნილმა ადამიანმა მიიღო რუსეთის მოქალაქეობა.“

უნდა ითქვას, რომ ორმაგ მოქალაქეობას საქართველოს კანონმდებლობაც უშვებს და ეს საკითხი მთლიანად პრეზიდენტის დისკრეციაა. გავრცელებული ცნობით, დუბაიში დაკავებული შაქრო კალაშოვი ისე გახდა სხვა ქვეყნის მოქალაქე, რომ საქართველოს მოქალაქეობა არ დაუთმია. ექსპერტთა ვარაუდით, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მისაღებად კრიმინალები აყალბებენ საბუთებს, თუმცა, როგორც პრეზიდენტი სააკაშვილი ამტკიცებს, ბოლო დროს ქართველი „კანონიერი ქურდები“ რუსეთის მოქალაქეობას უპრობლემოდ იღებენ. რა არის ამის მიზეზი?

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] „სატანაც რომ დაჰპირდეთ საქართველოში მთავრობის შეცვლას, იმასაც კი მიანიჭებენ მოქალაქეობას, ისე გაუჭირდათ რუსებს ჩვენთან მიმართებაში.“(სტილი დაცულია)
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG