Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყოველდღიური ქართული გაზეთების უმრავლესობა დიდ ადგილს უთმოს ”ლეიბორისტული პარტიის მიერ


ყოველდღიური ქართული გაზეთების უმრავლესობა დიდ ადგილს უთმოს ”ლეიბორისტული პარტიის მიერ წამოწყებულ შიმშილობის აქციას და პრეზიდენტის მიერ საზღვარგარეთული

ვიზიტის დროს აღმოჩენილ ფალსიფიცირებულ ქართულ ღვინოს, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა გუშინ მთავრობის წევრებს დააჭაშნიკებინა. გაზეთი ”ალია” აქვეყნებს ვრცელ მასალას, შეკითხვა-სათურით ”მთავარი მეღვინე ბრიყვია?”. მასში თქვენ წაიკითხავთ ინტერვიუს ღვინის მწარმოებელთა კავშირის თავმჯდომარესთან, რომელიც პრეზიდენტის გუშინდელ განცხადებას ეხმაურება. ამავე გაზეთში პოლიტიკური ექსპერტი შალვა ფიჩხაძე ცდილობს პასუხი გასცეს შეკითხვას, თუ რით ჰგავს პრეზიდენტი სააკაშვილი აზიელ დიქტატორს.


” საქართველოს ეროვნულ მარეგულირებელ კომისიასთან დიდი არეულობაა მოსალოდნელი”, ვარაუდობს გაზეთი ”რეზონანსი”, რომელიც, დენის ტარიფზე ფასის მატების შედეგად მოსალოდნელი პოლიტიკური და სოციალური დაძაბულობის გარდა, ყურადღებას ენერგოობიექტების პრივატიზების არასწორ პოლიტიკაზეც ამახვილებს. ”თუ თბილგაზი რუსეთის კონტროლქვეშ აღმოჩნდება, მაშინ შაჰდენიზის გაზს ჩვენს სისტემაში ვერ შემოვიყვანთ.”

გაზეთი ”ახალი თაობა” კი სხვა პუბლიკაციებთან ერთად აქვეყნებს ინტერვიუს სამხედრო ექსპერტ კახა კაციტაძესთან, სათაურით ”ხელისუფლება პარტიულ ”ბოევიკებს” ამზადებს. ამონარიდი სტატიიდან: ”ექვს კვირაში მომზადებული რეზერვისტები ზღაპრების სფეროს განეკუთვნება. ეს არის ჩვეულებრივი პიარკამპანია. ძალიან მაინტერესებს, ვინმე რომ შემოგვესიოს, დეპუტატები, ახლა რომ ხაკის ტანსაცმლით დარბიან, წავლენ და იომებენ? ”- რიტორიკულ შეკითხვას სვამს სამხედრო ექსპერტი.

ყოველდღიური ”24 საათი” კი მკითხველს მოუთხრობს ერაყში მყოფი ქართველი არალეგალი მუშების ისტორიას. ციტატა სტატიიდან: ”რამდენიმე დღის წინ ბათუმელი უმუშევრების 400-კაციანი ჯგუფი ერაყში სამუშაოდ თურქეთის მოქალაქეებმა არალეგალურად წაიყვანეს. მათ ნორმალურ სამუშაო პირობებს და გასამრჯელოდ თვეში 450 დოლარს დაჰპირდნენ. თუმცა სულ მალე ბათუმში ერაყიდან გამოქცეული 100-მდე კაცი დაბრუნდა. ქართველი სამართალდამცველები ტრეფიკინგის ვერსიას გამორიცხავენ. თურქი შუამავლები კი მიიმალნენ.”
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG