Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის სამხედრო ტექნიკა ახალქალაქს ტოვებს


ორშაბათს რუსეთის 62 -ე ახალქალაქის სამხედრო ბაზიდან ტექნიკით დატვირთული პირველი ეშელონი სომხეთის მიმართულებით დაიძრა.

რუსეთის სამხედრო ტექნიკის გადაადგილება სასულე ორკესტრის ფონზე, ყოველგვარი ზედმეტი ექსცესების გარეშე წარიმართა. ორმხრივი მოლაპარაკების თანახმად, სამხედრო ბაზა, რომელიც ახალქალაქში 60-ზე მეტი წლის განმავლობაში იმყოფებოდა, 2007 წლის ბოლოსთვის შეწყვეტს არსებობას.

[ტანკის ხმა]

ეს იმ შვიდიდან ერთ-ერთი რუსული ტანკის ხმაა, რომელმაც ორშაბათს საქართველოს ტერიტორია დატოვა. მათ გარდა, ეშელონზე დატვირთეს და სომხეთისკენ გაგზავნეს 12 ჯავშანმანქანა, 28 ბორბლიანი ტექნიკა და დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალა. ტვირთის უსაფრთხოებაზე საქართველოს ტერიტორიაზე თავდაცვის სამინისტრო აგებს პასუხს. საქართველოს გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი ალეკო კიკნაძე, რომელიც უშუალოდ ადევნებდა თვალს რუსეთის სამხედრო ტექნიკის გატანის პროცესს, ტელეკამერების საშუალებით მოსახლეობას ტექნიკის გატანას ულოცავდა:

[ალეკო კიკნაძის ხმა] “გილოცავთ დღევანდელ დღეს. უსაფრთხოება უზრუნველყოფილია. ყველა საკითხი გაწერილი და შეთანხმებულია, ქართული მხარე[ტვირთს] აცილებს აზერბაიჯანის საზღვრამდე. დანარჩენს კი შემდეგ მიიღებს აზერბაიჯანის მხარე.”

სამხედრო ტექნიკით დატვირთული ეშელონი ქალაქ წალკის რკინიგზის სადგურიდან რუსი სამხედროების სასულე ორკესტრმა გააცილა. ტექნიკის გატანის პროცესს რუსეთის მხრიდან თვალს ადევნებდა რუსეთის სახმელეთო ჯარების სარდლის მოადგილე, გენერალი ევგენი ევნევიჩი, რომელმაც განაცხადა, რომ სამხედრო ტექნიკის გატანის ვადები არ დაირღვევა:

[ევგენი ევნევიჩის ხმა] ”შესრულდება რუსეთის პრეზიდენტისა და თავდაცვის მინისტრის ბრძანება, ტექნიკა და ტვირთი შესანახად თავის დროზე მიეწოდება ბაზებს და სამხედრო ნაწილებს.”

31 მარტს საქართველოსა და რუსეთს შორის სოჭში ხელმოწერილი შეთანხმების თანახმად, ახალქალაქის 62-ე სამხედრო ბაზიდან ყოველ კვირას გაიყვანენ თითო ეშელონს, რომელიც, წალკის გავლით, სომხეთში, რუსეთის 102-ე გიუმრის სამხედრო ბაზაზე, დაიდებს ბინას. ამჯერად ტექნიკის გატანის პროცესს აღარ ახლდა ისეთი ექსცესები და ვნებათაღელვა ადგილობრივ სომხურ მოსახლეობაში, როგორც ამას 27 აპრილს ჰქონდა ადგილი. სამცხე-ჯავახეთში საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულის გოგა ხაჩიძის თქმით, საქართველოს ხელისუფლება ბაზაზე მომუშავე ადგილობრივ მოსახლეობას დასაქმებას ჰპირდება:

[გოგა ხაჩიძის ხმა] ”იქ ვინც მუშაობს, ქართულ ბაზაში გააგრძელებს მუშაობას და არანაკლები ხელფასი ექნება. ის, ვისაც საცხოვრებელი ფართი აქვს, დროებით ე.წ. ”გოროდოკში” დაუკანონდება ეს ბინა და კერძო საკუთრებაში გადაეცემა... და მთელი რიგი საკითხები.”(სტილი დაცულია)

რუსეთის 62-ე ახალქალაქის სამხედრო ბაზაზე დღეისათვის 200-მდე ადგილობრივი სომეხია დასაქმებული. ბაზის განკარგულებაშია 370-მდე ერთეული, სხვადასხვა სახის საბრძოლო ტექნიკა, მათ შორის - 37 ტანკი.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG