Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუდენტური თვითმმართველობის პირველი არჩევნები ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში სტუდენტთა მაღალი აქტივობით წარიმართა


თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური თვითმმართველობის პირველი არჩევნები რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.

საარჩევნო დებულების თანახმად, უნივერსიტეტის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნების შედეგები 10 დღის ვადაში უნდა დააჯამოს. თვითმმართველობის არჩევნებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტიკის წარმმართველი ორგანოების დაკომპლექტების ერთი და პირველი პრაქტიკული ნაბიჯი გადაიდგა. უმაღლესი განათლების შესახებ კანონის თანახმად, რეფორმის შემდგომი ეტაპები შემოდგომაზე აკადემიური და წარმომადგენლობითი საბჭოების, რექტორისა და კანცლერის არჩევნების სახით განხორციელდება.

სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში დილის 10 საათზე დაიწყო და საღამოს 18 საათზე დასრულდა. არჩევნები სტუდენტთა მაღალი დასწრებითა და აქტივობით წარიმართა. უნივერსიტეტის ფაკულტეტებზე გახსნილი 10 საარჩევნო უბნიდან უმეტესში არჩევნებში მონაწილეობის მოსურნე სტუდენტები გრძელ რიგებში მოთმინებით ელოდნენ საარჩევნო ყუთებთან მიახლოებას.

[სტუდენტის ხმა]“ გვინდა, რომ სტუდენტები ჩაერიონ მმართველობაში. არის უამრავი პრობლემა, რაშიც შეიძლება სტუდენტები ჩაერიონ და სტუდენტებმა გადაჭრან. ის, რომ იყო ერთპიროვნული მმართველობა და მართავდნენ მხოლოდ დეკანები, რექტორი, ეს, მე ვფიქრობ, რომ არ იყო ნორმალური. ჩვენ უნდა ჩახედულნი ვიყოთ იმ საქმეში, რაშიც ვმონაწილეობთ.“(სტილი დაცულია)

ასეთია სტუდენტთა უმრავლესობის განწყობა. მათ ყოველთვის და ყველაფერში მაქსიმუმის მიღება სურთ. ახალგაზრდული მაქსიმალიზმისა და აფექტურობის გათვალისწინებით, საარჩევნო დებულებაში არჩევნების წინასწარი შედეგების გამოქვეყნების ვალდებულება არც კი ჩაიდო. როგორც საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალი თაობა–ახალი ინიციატივის“ ხელძღვანელი კოკი იონათამიშვილი ამბობს, წინასწარ და საბოლოო შედეგებს შორის სხვაობას, შესაძლოა, სტუდენტთა მღელვარებაც კი მოჰყოლოდა. ვარაუდი საფუძვლიანია, მით უფრო, რომ არჩევნების პოლიტიზირების, უნივერსიტეტს გარეთ მყოფი ძალების მიერ ცალკეული სტუდენტური ორგანიზაციებისთვის მხარდაჭერისა და არჩევნების შედეგებზე კვლავ გარედან ზემოქმედების ეჭვი არსებობს.

[პროფესორის ხმა]“ ცოტა სხვა ფორმას ღებულობს ეგ. რა ვიცი, როგორც ყოველთვის ხდება არჩევნებზე, ისეთი რაღაც ელემენტები ჩანს.“


[სტუდენტის ხმა]“ შეიძლება არის დაფარული, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ ყველა ორგანიზაციას რომელიღაც პოლიტიკური ჯგუფი ან თუნდაც თავისუფლების ინსტიტუტი, ან რაღაც ესეთი მფარველობს.იმიტომ რომ ამდენი დაფინანსება თუნდაც, რაც მათ აქვთ, საიდანღაც უნდა მოდიოდეს.“(სტილი დაცულია)

თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას 8 სტუდენტური ორგანიზაცია ღებულობდა. უნივერსიტეტის ფაკულტეტთა თვითმმართველობის ორგანოების მანდატთა ხელში ჩასაგდებად ერთმანეთს 603 სტუდენტი ეცილებოდა. იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტური გაზეთის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგების თანახმად, არჩევნებში გამარჯვების ყველაზე დიდი შანსი „სტუდენტურ კლუბს აქვს“, მეორე ადგილზეა „ერთიანი სტუდენტური მოძრაობა“, მესამეზე - „ახალი სტუდენტური ალიანსი“, ხოლო მეოთხეზე - „პირველები.“ უნივერსიტეტის 22 000 სტუდენტიდან სოციოლოგიურ გამოკითხაში 1250 სტუდენტი მონაწილეობდა.

[ხათუნა შიუკაშვილის ხმა]“რა შეგვიძლია ვთქვათ. ძალიან დაძაბული მდგომარეობაა, მაგრამ, ამავდროულად, არის ძალიან ოპტიმისტური განწყობა. 2 წელია, თქვენ იცით, რომ სტუდენტური კავშირი - ლეგიტიმური, ასე ვთქვათ, ორგანო - არ არსებობს. აქედან გამომდინარე, უნივერსიტეტში მიმდინარეობდა რეფორმა სტუდენტის გვერდის ავლით და მე იმედი მაქვს, რომ დღეის შემდეგ, თვითმმართველობა სტუდენტური რომ შედგება, ეს თვითმმართველობა აქტიურად ჩაერთვება მიმდინარე რეფორმებში.“(სტილი დაცულია)

ხათუნა შიუკაშვილი სტუდენტურ ორგანიზაცია „შემოქმედებით სალონს“ ხელმძღვანელობს. მას იმედი აქვს, რომ გამარჯვებულთა შორის მისი ორგანიზაციის წევრებიც მრავლად იქნებიან. საერთოდ კი, სტუდენტობა აქტიური იყო არა როგორც მხოლოდ ამომრჩეველი, არამედ როგორც ფხიზელი დამკვირვებელი.

[კოკი იონათამიშვილის ხმა]“ სხვადასხვა საჩივრებია. არის უბნის გახსნის დაგვიანებაზე, უბნის მოწყობაზე საჩივარი. გარდა ამისა, არის საჩივრები საარჩევნო სიებთან დაკავშირებით. ჩვენ ღია ვართ, მზად ვართ აბსოლუტურად ყველა შენიშვნისთვის, ნებისმიერი საჩივრის განხილვისთვის.“

თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნების ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განმარტებით, არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნების თარიღი, გარკვეულწილად, საჩივრების სიმრავლეზეც იქნება დამოკიდებული. დაბოლოს, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციას, კანონის თანახმად, უფლება არა აქვს ჩაერიოს სტუდენტური თვითმმართველობის ორგანოს საქმიანობაში. თავის მხრივ, თვითმმართველობის ორგანო ფაკულტეტის საბჭოში ირჩევს თავის წარმომადგენლებს და ამ და სხვა საშუალებებით ერთვება უმაღლესი სასწავლებლის მართვაში.
XS
SM
MD
LG