Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“ამნესტი ინტერნეშნლის” კრიტიკა და “სიცოცხლის სიგნალი” თბილისში


ნიშანდობლივია, რომ “ამნესტი ინტერნეშნლის” ანგარიშის გამოქვეყნების დღეს თბილისში, სამართალდამცავთა მიერ ჩადენილი დანაშაულის ობიექტურად გამოძიების მოთხოვნით,

საპროტესტო აქციის გამართვა დაემთხვა. დაკავებულთა წამების პრობლემას მიეძღვნა დღეს ადამიანის უფლებათა დამცველი ქართული ორგანიზაციების წარმომადგენელთა დისკუსიაც. მინდა უფრო დაწვრილებით გიამბოთ “ამნესტი ინტერნეშნლის” ანგარიშის საქართველოს ნაწილსა და ქართველ უფლებადამცველთა მოსაზრებებზე.

“ამნესტი ინტერნეშნლის” ანგარიშში, რომელშიც ყურადღება გასულ წელს მომხდარ ფაქტებზეა გამახვილებული, აღნიშნულია, რომ, “საქართველოს ხელისუფლების მცდელობის მიუხედავად, გრძელდება სამართალდამცავთა მიერ დაკავებულთა წამება და ცუდად მოპყრობა. შესავალში აღნიშნულია აგრეთვე, რომ რელიგიურ უმცირესობებზე განხორციელებულ თავდასხმებში ბრალდებული ზოგიერთი ადამიანი კი დაკავებულია, მაგრამ ასობით დამნაშავე დაუსჯელი რჩება. საქართველოდან ექსტრადიცია ემუქრებოდათ ჩეჩნებს, რომლებსაც რუსეთის ფედერაცია ტერორისტებად მიიჩნევს, და ერთ ქურთს, რომლის ექსტრადიციასაც თურქეთი ითხოვდა. სასამართლო განიცდიდა უკანონო ზეწოლას მთავრობის მხრიდან. მთავრობას მედიის, განსაკუთრებით კი ტელევიზიის თავისუფლების შეზღუდვაში ადანაშაულებენ. უღიარებელ, განდგომილ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რეგიონებში სიკვდილით დასჯა კვლავაც ძალაში რჩება”, - ასეთი გახლავთ “ამნესტი ინტერნეშნლის” მიერ საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით არსებული ვითარების ზოგადი შეფასება.

მეტი სინათლისთვის რამდენიმე ციტატას შემოგთავაზებთ, თავდაპირველად წამებისა და დაკავებულებთან ცუდად მოპყრობის შესახებ ქვეთავიდან, რომელიც ყველაზე ვრცელი გახლავთ: “2003 წლის ნოემბრის “ვარდების რევოლუციის” შემდეგ დაკავებულების წამებისათვის 11 დამნაშავე იხდიდა სასჯელს. ივნისში საქართველომ აღიარა გაეროს წამების საწინააღმდეგო კომიტეტის უფლებამოსილება განეხილა ცალკეული საჩივრები. აგვისტოში კი საქართველო შეუერთდა წამების საწინააღმდეგო კონვენციის არასავალდებულო პროტოკოლს. მიუხედავად ამისა, დაკავებულთა წამებისა და მათ მიმართ ცუდად მოპყრობის შესახებ ცნობები კვლავაც ვრცელდება. როგორც ირწმუნებიან, წამების მეთოდებად რჩება: პოლიეთილენის პარკების თავზე ჩამოცმა; ცეცხლსასროლი იარაღის პირში ჩადება და გასროლით დამუქრება; ცემა, მათ შორის – იარაღის კონდახით, ფეხით და დაკავებულის ოჯახის მიმართ მუქარა.”

გასული წლის ანგარიშზე მუშაობისას “ამნესტი ინტერნეშნლი”, ტრადიციულად, ეყრდნობა როგორც ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, ისე სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებისგან მიღებულ ინფორმაციას. როგორც “ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრის” ხელმძღვანელი უჩა ნანუაშვილი განმარტავს (ის “ამნესტი ინტერნეშნლის” წევრიც გახლავთ), საერთაშორისო ორგანიზაცია შეაჯერებს და ამოწმებს ინფორმაციას და მხოლოდ ამის შემდეგ შეაქვს ის ანგარიშში.

[ნანუაშვილის ხმა] “პერიოდულად “საერთაშორისო ამნისტია” აწყობს მისიებს შესაბამის ქვეყანაში და კონკრეტულად საქართველოში. გასული წლის განმავლობაში ორჯერ ეწვია საერთაშორისო ამნისტიის წარმომადგენელი საქართველოს და შეისწავლა ის კონკრეტული საქმეები და კონკრეტული საკითხები, რომლებზეც მათ ჰქონდათ უკვე წინასწარი ინფორმაცია. საქმე ეხებოდა ადამიანთა დაკავების, ცემის, წამების, იმავე ციხეებში არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას.”

“ამნესტის” ანგარიშში აღნიშნულია, რომ პოლიციელთა მხრიდან ძალადობის შემთხვევებს ყველაზე ხშირად ადგილი ჰქონდა პირების დაკავებისას. ზოგიერთ შემთხვევაში დაკავებულის მიმართ ძალადობა განხორციელდა პოლიციის მანქანასა და პოლიციის განყოფილებაში, აგრეთვე - შინაგან საქმეთა სამინისტროში. ერთ-ერთი დაკავებული იმასაც აცხადებდა, რომ მის მიმართ უკანონო ქმედება სასამართლოს სხდომაზე განხორციელდა.

სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენელი გიგა გიორგაძე კი აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებში აღნუსხული პრობლემები იდენტურია სახალხო დამცველის გასული წლის საქმიანობის შესახებ ანგარიშში მოხსენიებული პრობლემებისა. გიორგაძე განმარტავს:

[გიორგაძის ხმა] “ის პრობლემები, რასაც ვხვდებით სხვადასხვა ადამიანის უფლებათა დამცველი ინსტიტუტების ანგარიშებში საქართველოს შესახებ, პრინციპში, იდენტურია და ყველაზე სავალალო და, ალბათ, ყველაზე მკვეთრად შესაფასებელი არის ის სიტუაცია, როდესაც პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენების გადამეტებასთან გვაქვს საქმე, რასაც ხშირ შემთხვევაში სავალალო შედეგები მოჰყვება, სიკვდილით მთავრდება და, მე ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ამ კუთხით ამ რეკომენდაციების შესრულება.”

“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარე ანა დოლიძე გაეროს წამების საწინააღმდეგო კომიტეტის რეკომენდაციებიდან გამოყოფს ერთ-ერთ უმთავრესს:

[დოლიძის ხმა] “რეკომენდაციებში ცალსახად არის აღნიშნული, რომ საქართველოს ხელისუფლებას სჭირდება განავითაროს ნულოვანი მოთმენის პოლიტიკა პოლიციის მხრიდან კანონდარღვევების მიმართ.

ქართველი ადამიანის უფლებათა დამცველები ეჭვით უყურებენ საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებში საქართველოს ხელისუფლების მიერ წინ გადადგმულ ნაბიჯებზე არსებულ ინფორმაციას. ორგანიზაცია “ციხის საერთაშორისო რეფორმის” წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში მერი მერფი კი აღნიშნავს, რომ როცა საუბარია დაკავებულთა და პატიმართა წამებაზე, არანაკლები მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებულ პირობებს, რაც ხშირად წამებას უტოლდება. მერი მერფი აცხადებს:

[მერფის ხმა] “თავისი წილი უნდა მივაგოთ იუსტიციის სამინისტროსაც. ისინი ცდილობენ გაარემონტონ ძველი სასჯელაღსრულების დაწესებულებები და ააშენონ ახალი, მაგრამ დღეს იმდენად გაიზარდა მსჯავრდებულთა რიცხვი, რომ იუსტიციის სამინისტრო ვერ შეძლებს პრობლემის მოგვარებას ციხეების მშენებლობით. და ეს არ არის მხოლოდ იუსტიციის სამინისტროს პრობლემა. მის მოგვარებაზე უნდა იზრუნოს პროკურატურამაც და შინაგან საქმეთა სამინისტრომაც. ნამდვილად ვისურვებდით უკეთეს განცხადებებს სახელმწიფო პირების მხრიდან, ვიდრე მათ მიმდინარე წლის დასაწყისში გააკეთეს. ვიღაცამ უნდა განაცხადოს, რომ არავის აქვს უფლება პატიმრები ასეთ პირობებში ამყოფოს. დიდ ბრიტანეთში, მაგალითად, განსაზღვრულია სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმრებისთვის არსებული ადგილების რაოდენობა. როდესაც პატიმართა რაოდენობა ზღვარს მიაღწევს და ყველა ადგილი შეივსება, არავის აქვს უფლება იქ ზედმეტი ადამიანი გააჩეროს.”

სამართალდამცავთა მიერ ჩადენილი დანაშაულის მიმართ ნულოვან ტოლერანტობას ავლენს საზოგადოება, რისი ნათელი მაგალითიც გახლავთ სამშაბათს ჩატარებული აქცია. დღეს იწურება არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ საგამოძიებო ორგანოებისთვის “შინაგან საქმეთა მაღალჩინოსნების მიერ ჩადენილი დანაშაულების” ობიექტური გამოძიების დასაწყებად მიცემული ვადა. “თანასწორობის ინსტიტუტისა” და “შეურიგებლობის ინსტიტუტის” მიერ ინიცირებულ აქციაში მიმდინარე წელს დაღუპული სანდრო გირგვლიანისა და 2004 წლის 23 ნოემბერს დაღუპული ამირან რობაქიძის ოჯახის წევრებმაც მიიღეს მონაწილეობა. დღეს თბილისის ცენტრში მორიგი “სიცოცხლის სიგნალი” გაისმა. აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობის წინ ორი საფლავის ქვა დადეს.

[სიგნალის ხმა ფონად]
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG