Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზღვარი წარმატებასა და წარუმატებლობას შორის


დღევანდელ საქართველოში ხშირად ძალზე მყიფეა ზღვარი წარმატებასა და წარუმატებლობას შორის. ამ სიმყიფის თვალსაჩინო ნიმუშები ხელისუფლების საქმიანობაშიც იჩენს თავს.

მაგალითად ისიც კმარა, რომ გუშინ ყველაზე ძლიერი შინაგან საქმეთა სამინისტრო დღეს კრიტიკის უმძიმესი წნეხის ქვეშ არის მოქცეული. რა იწვევს მყარი მიჯნის მოშლას წარმატებასა და წარუმატებლობას შორის?

ქართველებს ახასიათებთ და უყვართ უკიდურესობები. ეს ზოგადი თვისება ერთნაირად ვრცელდება როგორც ხელისუფლებაზე, ისე საზოგადოებაზე და ძალიან უშლის ხელს სინამდვილის ადეკვატურ აღქმას. თუ მაინც შევეცდებით, კეთილსინდისიერად აღვწეროთ ჩვენი რეალობა, შესაძლოა, სამ პრინციპზე ჩამოვყალიბდეთ:

I.
ამჟამინდელი ხელისუფლება გაცილებით ქმედითია, ვიდრე მისი წინამორბედი იყო.
II.
ქმედითობა ზოგჯერ ქვეყნისთვის სასარგებლო საქმით გამოიხატება, ზოგჯერ - სახიფათო და რისკიანი გადაწყვეტილებებით, ზოგჯერ კი - უკონტროლო და მავნე ნაბიჯებით.
III.
იმის გამო, რომ დღევანდელი ხელისუფლება ბევრ კარგ რამეს აკეთებს, მას საშუალება ეძლევა, იმავდროულად, ბევრი ცუდი რამ გააკეთოს ისე, რომ პასუხი არ აგოს.

26 მაისს ყველამ ნახა ქართული ჯარის სააღლუმო სახე. ამ დღეს ადამიანები საუბრობდნენ ჯარის მშენებლობის დადებით ტენდენციასა და პერსპექტივებზე, რაც ძლიერ ჯარს ბუნებრივად ახლავს თან. მეორე მხრივ, ასეთი წარმატებული დღეები თავდაცვის მინისტრს საშუალებას აძლევს, სრულად ჩაკეტოს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ხდება ქართულ ჯარში, რამდენად მიზნობრივად იხარჯება ფინანსები ან რამდენადაა დაცული ადამიანის უფლებები.

ზუსტად იგივე ხდება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში. გასულ ზაფხულს ჩატარებული ერთიანი ეროვნული გამოცდები საზოგადოებამ რეფორმის დიდ წარმატებად შეაფასა. მართლაც, მრავალი ათწლეულის განმავლობაში, აბიტურიენტებს პირველად მიეცათ შანსი, ყოველგვარი პროტექციის გარეშე, მხოლოდ საკუთარი ცოდნით გამხდარიყვნენ თუნდაც ყველაზე პრესტიჟული ფაკულტეტების სტუდენტები. მეორე მხრივ, შარშანდელი წარმატება სამინისტროს საშუალებას აძლევს, წელს საშუალო სკოლებში სამეურვეო საბჭოს არჩევნები მეტისმეტად სწრაფად და დახურულად ჩაატაროს.

დაახლოებით იგივე შეიძლება ითქვას უფასო სასადილოებთან დაკავშირებით, რომლებიც, წესით და რიგით, ბევრ გაჭირვებულ ადამიანს უნდა აპურებდეს, მაგრამ საზოგადოებისთვის უცნობია ყველაფერი, რაც გახსნის დღის შემდეგ ამ სასადილოებში რეალურად ხდება.

ისიც, რომ თბილისი სინათლის ქალაქია; ისიც, რომ გზები დაგებულია; ისიც, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი გაზრდილია - ხელისუფლების დამსახურებაა. მაგრამ ამ ყველაფრის უკან დგას გაუმჭვირვალობა, ერთპიროვნული გადაწყვეტილებები, ადამიანთა ბედის მიმართ გულგრილობა, სრული ცენტრალიზაცია. ხელისუფლება ხშირად საუბრობს პირველ, ფასადურ, მხარეზე, მაგრამ არაფერს ამბობს მეორე, თანამდევ, პროცესზე. თუმცა, როგორც იტყვიან: რაგინდ კაცმა ჭირი მალოს, ჭირმა თავი არ დამალოს.

ის, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს ირგვლივ მოხდა ბოლო თვეების განმავლობაში, ყველა უწყებას და წამოწყებას შეიძლება ემუქრებოდეს, მათ შორის, ძალიან წარმატებულსაც. ახალი ხელისუფლების პირობებში ვერც ერთი სამინისტროს პირველი პირი ვერ მოიწონებდა თავს ისე, როგორც ვანო მერაბიშვილი - ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ. თუმცა გუშინ ყველაზე წარმატებული უწყების მიმართ დღეს ყველაზე მეტი კრიტიკა ისმის, რაც, სულ მცირე, სამი გაკვეთილის შემეცნების საფუძველს იძლევა:

I.
ძალაუფლების უკონტროლო თავმოყრა ერთი ადამიანის ან ადამიანთა მცირერიცხოვანი ჯგუფის ხელში შეიძლება ცუდად დასრულდეს არა მარტო სხვებისთვის, არამედ თავად ამ ადამიანებისთვისაც.
II.
წარმატებული ფასადის მიღმა ბევრი ცუდი რამ შეიძლება იმალებოდეს, მაგრამ არაფერია დამალული, რაც ადრე თუ გვიან არ გამჟღავნდება.
III.
ძლიერი სახელისუფლო ბანაკი შეიძლება დაანგრიოს ერთმა მიზანმიმართულმა ბიძგმაც კი, თუ ამ ბანაკში არ არსებობს რეალური პასუხისმგებლობა და გახსნილობა საზოგადოების მიმართ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თავს დატეხილი უბედურების დედააზრი ისაა, რომ როდესაც რეალურ და მოგონილ წარმატებებს შორის ბალანსი მოგონილის სასარგებლოდ ირღვევა, იმავდროულად ირღვევა მიჯნა წარმატებასა და მარცხს შორის. შესაბამისად, ადამიანებიც და უწყებებიც მეყსეულად ინაცვლებენ ერთი მდგომარეობიდან მეორეში.

ჯერ კიდევ არის დრო, ეს გაკვეთილი ყველა ქართველმა მინისტრმა კარგად დაისწავლოს.
XS
SM
MD
LG