Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იყიდება თუ არა საქართველოს ტყეები


სავარაუდოდ, საქართველოს მთავრობამ 31 ივნისისთვის დანიშნულ მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე უნდა განიხილოს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების

სამინისტროს მიერ მომზადებული საქართველოს ტყეების რეფორმირების კონცეფცია. პროექტისს ძირითადი არსი იმაში მდგომარეობს, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ტყის რესურსები 49 წლიანი იჯარით გადაეცემა დაინტერესებულ ინვესტორებს. მთავრობის ასეთმა ინიციატივამ გარემოსდამცავი ორგანიზაციების უკმაყოფილება და კრიტიკა გამოიწვია. რა არის ამ უკმაყოფილების მიზეზი და რატომ გადაწყდა ტყეების პრივატიზება?

[ისმის ტყის ხმა]

ბოლო 15 წლის მანძილზე საქართველოში ტყეს ისე ეპყრობოდნენ, არავის გახსენებია წინაპართა ანდერძი: ”ტყე შეუნახე შვილებსა, მამა ხარ, შენი ვალია”. ამ სიტყვებს მხოლოდ მაშინ იხსენებენ, როდესაც საქმე ეხება ტყის საკითხების რეფორმირებას.

[დავით ჩანტლაძის ხმა] ”ამწუთას, ფაქტიურად, მომკითხავი ტყეზე, პატრონი, როგორც ასეთი, რეალური, არ არის, რომელიც მიხედავს თავიდან ბოლომდე ტყეს. ყველა რესურსს უნდა ჰყავდეს თავისი პატრონი.”(სტილი დაცულია)

ეს არის დავით ჩანტლაძე, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე. მე მას შევახსენე, რომ ტყის მესაკუთრე საქართველოს სახელმწიფოა.

[დავით ჩანტლაძის ხმა] ”ტყე არის სახელმწიფო საკუთრებაში, თუმცა არის პრობლემებიც...”

უფრო კონკრეტულად კი, სახელმწიფო აპირებს მის საკუთრებაში არსებული ტყის რესურსები 49 წლიანი და უფრო ხანგრძლივი იჯარით გადასცეს ინვესტორებს, რომლებიც სახელმწიფოს მიერ წაყენებულ პირობებს დააკმაყოფილებენ. ამ პირობებში შედის: ტყის მოვლა, სანიტარული ჭრა, სამეურნეო ტყეების ჭრა, განაშენიანება, გზების გაყვანა და ასე შემდეგ.

გარემოსდამცველი ორგანიზაციები ტყის ამდაგვარი რეფორმის წინააღმდეგ გამოდიან. არასამთავრობო ორგანიზაცია ”მწვანე ალტერნატივის” წარმომადგენლის, ირაკლი მაჭარაშვილის, კომენტარი:

[ირაკლი მაჭარაშვილის ხმა] ”მთავარი მახასიათებელი ნიშანი ამ კონცეფციის არის ის, რომ მოდელად აღებული არის, პირდაპირ წერია აქ, აფრიკის, სამხრეთ ამერიკის ქვეყნები, რუსეთი, სადაც რეფორმა იყო ჩავარდნილი და გამოიწვია ტყის მასივების განადგურება და ეს დღემდე გრძელდება...”(სტილი დაცულია)

გარემოს დაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ აუცილებელი არაა ტყის რეფორმირება საქართველოშიც იმავე სცენარით განვითარდეს, როგორც ეს რუსეთში ანდა მექსიკაში მოხდა. ქართული პრივატიზაციის მთავარი იდეოლოგი, სახელმწიფო მინისტრი კახა ბენდუქიძე, ტყეების პრივატიზების იდეას შემდეგნაირად განმარტავს:

[კახა ბენდუქიძის ხმა] ”როდესაც მე 49 წლიანი ან 100 წლიანი იჯარა მაქვს, მე დაინტერესებული ვარ არა მარტო დღეს ხის მოჭრაში, არამედ, მის ნაცვლად, ახალი ხის დარგვაში, მის გაზრდაში და შემდეგ მის გამოყენებაშიც.”(სტილი დაცულია)

ჯერჯერობით ბენდუქიძის ასეთი პოზიცია ბევრისთვის მიუღებელია, თუმცა ფაქტია ისიც, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ტყეები ბოლო 15 წლის მანძილზე უმოწყალოდ იჭრება და ჩანაგდება. ახლა გარემოს დაცვის სამინისტრო, საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით, გადარჩენილი ტყეების აღწერისა და აეროგადაღების პროექტს ახორციელებს, რაც მას საშუალებას მისცემს გაარკვიოს, რომელი ტყე ექვემდებარება იჯარით გაცემას და რომელი არა, რომელი საჭიროებს სანიტარულ ჭრას და რომელი - სამეურნეო დამუშავებას.
XS
SM
MD
LG