Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღევანდელ ქართულ პრესაში ორ თემას ექცევა განსაკუთრებული ყურადღება: ვითარებას ქართულ-ოსური


დღევანდელ ქართულ პრესაში ორ თემას ექცევა განსაკუთრებული ყურადღება: ვითარებას ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში და იგორ გიორგაძის ფაქტორს

ლუსტრაციის კანონის აქტუალიზაციაში. გთავაზობთ რამდენიმე პუბლიკაციის მიმოხილვას:

“დარტყმა სამშვიდობო პროცესზე და... “დიდ რვიანზე”, - ქართულ-ოსური კონფლიქტის პერსპექტივის შესახებ “24 საათი”, ქართველ პოლიტიკოსთა პოზიციების გარდა, მკითხველს ერთი რუსი პოლიტოლოგის მოსაზრებასაც აცნობს: “გუშინვე რუსმა პოლიტოლოგმა სერგეი მარკოვმა განაცხადა, რომ კონფლიქტის ზონაში ვითარების დაძაბვა საქართველოს პრეზიდენტის “დიდი გეგმების” რეალიზაციას ემსახურება. კერძოდ, მარკოვის აზრით, საქართველოს ხელისუფლება “დიდი რვიანის” სამიტის დაწყებამდე სამხრეთ ოსეთში სამხედრო მოქმედებების განახლებას გეგმავს. მისი ვერსიით, ამის შემდეგ სააკაშვილი რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს კონფლიქტში ჩაურევლობის შესახებ ულტიმატუმს წაუყენებს”, - წერს “24 საათი”.

“ალიას” მიმომხილველი, ფაქტობრივად, მარკოვის პროგნოზს ეთანხმება, ოღონდ დროში ცოტათი ცდება. “დიდი რვიანის” სამიტი ივლისის შუა რიცხვებისთვის არის დაგეგმილი. “ალიას” თანახმად კი, “ცხინვალში დარტყმას აგვისტოში ელოდებიან”: “თუ კოკოითსა და მის გარემოცვას დავუჯერებთ, სააკაშვილის ხელისუფლებას სპეცგეგმა აქვს. “ვეფხვის ნახტომის” კულმინაციას ოსები აგვისტოში ელოდებიან”, - წერს “ალია” და გასული შაბათ-კვირის მოვლენების საკუთარ ვერსიას წარმოადგენს: “ალიამ” ისიც შეიტყო, რატომ დააკავეს პოლიციაში 41 ოსი და რაში უნდოდათ გამოეტეხათ სამართალდამცავებს ისინი. როგორც ირკვევა, რამდენიმე ოსს თან სამხედრო კარავი ჰქონდა. მართალია, ეს ცემა-ტყეპის არგუმენტი არ შეიძლება იყოს, მაგრამ იტყვიან ახლა, საიდუმლო მზვერავები იყვნენო და უყარე კაკალი. როგორც ცხინვალის გაერთიანებული პრესცენტრის წარმომადგენელმა რობერტ მამიტოვმა განაცხადა, ქართველი ძალოვნები თითო ოსში 3000 ამერიკულ დოლარს ითხოვდნენ, რასაც ქართული მხარე არ ადასტურებს”, - წერს “ალია”.

“ახალი თაობა” აქვეყნებს ინტერვიუს დიდი ლიახვის ხეობის მაჟორიტარ დეპუტატ გურამ ვახტანგაშვილთან, რომელიც კონფლიქტის ზონაში მომხდარზე ამბობს: “ყველაფერი კარგი ხდება. ბოლოს და ბოლოს, კანონმა ხომ უნდა იკანონოს და ჩრდილო ოსეთიდან უვიზოდ, უკანონოდ შემოსულ რუსეთის მოქალაქეებს პასუხი მოეთხოვოთ. ერთხელ და სამუდამოდ ასეთი მოქმედებები უნდა აღიკვეთოს. საქართველო “პრახადნოი” არ არის. აბა, ჩვენები ჩავიდნენ ჩრდილო ოსეთში – რუსეთის ტერიტორიაზე, თუ ვინმეს ჩაუშვებენ. ისინი კი უვიზოდ შემოდიან და რაც უნდათ, იმას აკეთებენ. პოლიციამ კარგი ნაბიჯი გადადგა, უვიზოდ ვინც შემოვიდა, დაიჭირა,” - ამბობს დეპუტატი ვახტანგაშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში.

სახალხო დამცველი სოზარ სუბარი კი “რეზონანსთან” საუბარში ცხინვალში ვიზიტის შესახებ ჰყვება: “როგორც აქ შევიტყვეთ, ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ცხინვალში მიმავალი 8 ქართველი დააკავეს. ისინი ორი ავტომანქანით მიემგზავრებოდნენ და პოსტზე გააჩერეს. ცხინვალში განმარტავენ, რომ ეს იყო ნაქურდალი მანქანების მოსაძიებლად დაგეგმილი ოპერაცია. ეს ადამიანები წაიყვანეს და სამი საათის განმავლობაში კითხავდნენ”, - ამბობს სუბარი “რეზონანსთან” ინტერვიუში.

რიგი გაზეთებისა - მათ შორის, “რეზონანსიც” - ეხმაურება იგორ გიორგაძის ბოლოდროინდელი გამოჩენით გამოწვეულ პოლიტიკურ დისკუსიას საქართველოში დარჩენილი აგენტურის გამოვლენის შესახებ. უშიშროების ყოფილი მაღალჩინოსანი, ამჟამად დეპუტატი, ლაშა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ ფლობს ინფორმაციას საქართველოში აგენტურის შესახებ, თუმცა სამსახურებრივი საჭიროებისას მიღებულ ინფორმაციას პოლიტიკური მიზნებისთვის არ გამოიყენებს. დაზვერვის დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარე ავთანდილ იოსელიანი კი აცხადებს, რომ 1991 წელს მთელი ინფორმაცია აგენტურის შესახებ რუსეთში გააქანეს და არ გამორიცხავს, რომ გიორგაძეს ჰქონდეს საკმაოდ დიდი ინფორმაცია საქართველოში არსებულ აგენტურაზე. “მას აქვს იმდენი ჭკუა, რომ ეს არქივი ეთხოვა რუსებისთვის და რაც საჭირო იყო, იმ ინფორმაციას გასცნობოდა”, - ამბობს ავთანდილ იოსელიანი “რეზონანსთან” საუბარში.

“ხვალინდელმა დღემ” კომენტარი სთხოვა რესპუბლიკური პარტიის ლიდერ დავით უსუფაშვილს, რომელსაც მიაჩნია, რომ გიორგაძის საფრთხობელა რეალურ საფრთხედ მხოლოდ ქვეყანაში არაჯანსაღი პოლიტიკური კონკურენციის პირობებში შეიძლება იქცეს. უსუფაშვილი ამბობს: “თუ ქვეყანაში იქნება ჯანსაღი პოლიტიკური კონკურენცია, მაშინ არც ის და არც მისი მსგავსი ძალები ქვეყნისთვის რეალურ საფრთხეს არ წარმოადგენენ. მაგრამ თუ ჯანსაღი კონკურენცია არ იქნება და საარჩევნო მანიპულაციების გზას დაადგება ხელისუფლება, მაშინ ხელისუფლებისგან მომდინარე იქნება ეს საფრთხე და არა რომელიმე პოლიტიკური ჯგუფისგან.” - დავით უსუფაშვილთან ინტერვიუს “ხვალინდელი დღე” აქვეყნებს.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG