Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ არ სრულდება პარლამენტის დადგენილება ცხინვალის ზონაში ახალი სამშვიდობო ფორმატის შესახებ


31 მაისს, საქართველოს მხარის პროტესტის მიუხედავად, როკის გვირაბის გავლით ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში რუსეთის სამშვიდობო ძალების კუთვნილი საბრძოლო ტექნიკა და ე.წ. მაიკოპის დივიზიის ქვედანაყოფი შევიდა.

რუსეთის ასეთი ქმედება საქართველოში ბევრმა - მათ შორის, ხელისუფლების წარმომადგენლებმაც - ”თავხედურ” და გამომწვევ საქციელად მიიჩნიეს. თუმცა რუსეთის ქმედება, გარკვეულად, ოფიციალური თბილისის ყოყმანითაც არის განპირობებული. საქართველოს ხელისუფლებას აღარ ახსოვს პარლამენტის 15 თებერვლის დადგენილება, რომელიც 1992 წლის 24 ივნისის სოჭის შეთანხმების გადახედვასა და რუსეთის ფედერაციის სამშვიდობო ძალების ჩანაცვლებას ითვალისწინებს. რატომ არ სრულდება პარლამენტის დადგენილება?

ცხინვალის ზონაში განლაგებული რუსეთის სამშვიდობო ძალების როტაცია 31 მაისს დილიდან დაიწყო. დაახლოებით ცამეტმა ერთეულმა სატრანსპორტო საშუალებამ საქართველო-რუსეთის საზღვარი როკის გვირაბით გადაკვეთა და გეზი ცხინვალისაკენ აიღო. საქართველოს საგარეო ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარის კოტე გაბაშვილის თქმით, აქამდე სამშვიდობო ძალების როტაცია, სოჭის 1992 წლის 24 ივნისის შეთანხმების შესაბამისად, რუსეთ-საქართველოს საზღვრის ლარსის საგუშაგოს გავლით ხდებოდა. რუსეთს ეს პირობა არ დაურღვევია 2004 წლის ზაფხულის მოვლენების დროსაც კი. როტაციისათვი ჩვეული მარშრუტის შეცვლის გარდა, კოტე გაბაშვილის თქმით, რუსეთმა კონფლიქტის ზონაში დამატებითი ძალების კონცენტრაცია მოახდინა:

[კოტე გაბაშვილის ხმა] ”ჩვენ უნდა შევატყობინოთ საერთაშორისო საზოგადოებას, თუ რა ხდება სინამდვილეში. არაფერი როტაცია ეს არ არის. შემოდის და ემატება, წუხელ კიდევ 13 მანქანა შემოვიდა ხალხით და არავინ არ გასულა. ახლა აცხადებს რუსეთი, რომ ყველაფერს დავთვლითო. ეტყობა, მიხვდნენ, რომ ყველაფერს აქვს საზღვარი.”(სტილი დაცულია)

ცხინვალის მიმართულებით რუსეთის სამშვიდობო ძალების შეუთანხმებელი როტაციის თაობაზე 1 ივნისს საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და ეროვნული უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემაც გააკეთა განცხადება. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ გივი თარგამაძემ რადიო ”თავისუფლებას” განუმარტა, პარლამენტარებმა საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებას კონკრეტული წინადადებით მიმართეს:

[გივი თარგამაძის ხმა] ”მოვითხოვეთ რიგგარეშე სხდომა შერეული საკონტროლო კომისიის, სადაც იგივე საკითხები განიხილება. ასევე კატეგორიულად დავსვით საკითხი შემდგომში როტაციისათვის მხოლოდ ლეგიტიმური საზღვრის, ანუ ლარსის საგუშაგოს, გამოყენებისა.”

ცნობისთვის: საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებას დღემდე შეუსრულებელი აქვს საქართველოს პარლამენტის 15 თებერვლის დადგენილება, რომელიც სოჭის 1992 წლის შეთანხმების გადახედვას და რუსეთის ფედერაციის სამშვიდობო ძალების სამშვიდობო საერთაშორისო ოპერაციით ჩანაცვლებას ითვალისწინებს. იბადება ლოგიკური კითხვა: რა ბედი ეწია პარლამენტის ამ დადგენილებას და ხომ არ ყოყმანობს საქართველოს მთავრობა რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის ჩანაცვლების საკითხში? ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საპარლამენტო დროებითი კომიტეტის თავმჯდომარე შოთა მალაშხია დარწმუნებულია, რომ ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში მოქმედი რუსეთის სამშვიდობო ძალების გაყვანის საკითხი 15 ივლისს საბოლოოდ გადაწყდება:

[შოთა მალაშხიას ხმა] ”ეს რეალურად უკავშირდება ივლისის გაადწვეტილებას გაყვანის შესახებ, რომელსაც უეჭველად მივიღებთ. ის [რუსეთი] რეალურად ხვდება, თუ საით მიდის ეს ყველაფერი. თანაც, ბოლო დროს რუსეთის წარმომადგენლებთანა შეხვედრისას რეალურად ფიქსირდება ჩვენი ასეთი პოზიციები.”(სტილი დაცულია)

საქართველო, რუსეთის სამშვიდობო ფორმატის შეცლის გარდა, სერიოზულად ემზადება კონფლიქტის მშვიდობიანი მოწესრიგების სხვა მექანიზმების ასამოქმედებლად. საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 1 ივნისს განიხილა კანონპროექტი, რომელიც ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონიდან დევნილი მოსახლეობისათვის დაკარგული ქონების აღდგენას ითვალისწინებს.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG