Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოსა და ყაზახეთის ეკონომიკურ ურთიერთობათა ახალი ეტაპი


ყაზახეთიდან სამშობლოში დაბრუნდა საქართველოს მთავრობის დელეგაცია, პრემიერ-მინისტრ ზურაბ ნოღაიდელის მეთაურობით.

ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში საქართველოს დელეგაციას შეხვედრები ჰქონდა როგორც ბიზნესმენებსა და მთავრობის წევრებთან, ასევე ქვეყნის პრეზიდენტ ნურსულთან ნაზარბაევთან. ასტანიდან სამშობლოში გამგზავრებამდე პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა განაცხადა, რომ ყაზახეთი საქართველოს ერთ-ერთი მსხვილი საინვესტიციო პარტნიორია. რა შედეგებით დაბრუნდა ყაზახეთიდან საქართველოს დელეგაცია?

მე საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრს ირაკლი ჩოგოვაძეს ვკითხე, რა საკითხებზე იმსჯელეს ასტანაში გამართულ მოლაპარაკებებზე.

[ირაკლი ჩოგოვაძის ხმა] ”ფართო სპექტრი იყო განხილული, ინვესტიციების წახალისების ღონისძიებები. თქვენ მოგეხსენებათ, რომ საქართველში ძალიან სერიოზული ყაზახური ინვესტიცია შემოდის, დაწყებული ტურიზმიდან, დამთავრებული ტელეკომუნიკაციებით. ჩვენ ვიხილავდით ახალ პერსპექტიულ მიმართულებებს - ეს არის ტრანსპორტი, ხორბლის ტერმინალების შექმნის პროექტები და ასე შემდეგ. ”

შეგახსენებთ, რომ ყაზახური ინვესტიციები ჩაიდო სასტუმრო ივერიისა და რესპუბლიკის მოედნის რეკონსტრუქციის პროექტში. ყაზახეთის კომპანიამ შეიძინა თბილისის გაზგამანაწილებელი კომპანია და დედაქალაქის სატელეფონო ქსელი. ყაზახური კაპიტალი შევიდა აჭარაშიც, სადაც თითქმის მთელი შავიზღვისპირა ზოლის ტურისტული ობიექტების რეაბილიტაცია ყაზახმა ბიზნესმა ითავა. ახლა კი საუბარია ფოთის პორტში ხორბლის ტრანსპორტირებისთვის საჭირო ტერმინალის მშენებლობაზე, ასევე ყარსი- ახალქალაქის სატრანსპორტო მაგისტრალზე და სხვა ერთობლივ ენერგეტიკულ პროექტებზე. რით არის გამოწვეული ყაზახეთის ასეთი დიდი საინვესტიციო ინტერესი საქართველოს მიმართ? ეკონომიკური განვითარების მინისტრის ირაკლი ჩოგოვაძის კომენტარი:

[ირაკლი ჩოგოვაძის ხმა] ”2005 წელს ყაზახურმა ინვესტიციებმა ყაზახეთის გარეთ შეადგინა 10 მილიარდი აშშ დოლარი. პირველ რიგში, ეს კაპიტალი მიდის იმ ქვეყნებში, რომლებსაც კარგად იცნობენ. საქართველო მათთვის არის საინტერესო იმის გამო, რომ ეს არის ფანჯარა გარესამყაროში. ეს არის მიმზიდველი საინვესტიციო გარემო, დაბალი საგადასახადო განაკვეთები...”

ირაკლი ჩოგოვაძემ ამ ფაქტორების ჩამონათვალი კიდევ გააგრძელა და, ბოლოს, ისიც კი აღნიშნა, რომ ყაზახეთს მართავს ძალიან დინამიკური ახალგაზრდა მთავრობა და ბიზნესი პროდასავლურად ორიენტირებულია. ჩოგოვაძის ამ პოზიციას არ ეთანხმება ეკონომიკის ბევრი ექსპერტი, მათ შორის - გია ხუხაშვილი. იგი ფიქრობს, რომ ყაზახეთი საქართველოში პოლიტიკურ ინვესტიციებს ახორციელებს:

[გია ხუხაშვილის ხმა] ”მე ვფიქრობ, რომ ეს არ არის ყაზახური ბიზნესის ინტერესი, ეს არის უფრო პოლიტიკური ინტერესი და ყველაფერ ამის უკან რუსეთი დგას. და ჩვენ შეიძლება აღმოვჩნდეთ ისეთ ვითარებაში, როდესაც ყველა ეს კომპანია რუსეთის ხელში გადავა, ყაზახური კომპანიების გავლით.”

გია ხუხაშვილის ეს მოსაზრება იმითაა ნაკარნახევი, რომ ყაზახური ენერგეტიკული ბიზნესი მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული რუსეთის სახელმწიფო ენერგეტიკულ კომპანიებზე. ექსპერტებს არასტაბილურად და მიზანშეუწონლად მიაჩნიათ პოლიტიკური მეგობრობის გამო განხორციელებული ინვესტიციებიც, რადგან პოლიტიკაში მუდმივი მეგობრები და მტრები არ არსებობენ.
XS
SM
MD
LG