Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰადიტაში მომხდარი ინციდენტი ერაყში წარმოებულ სამხედრო ოპერაციებს დისკრედიტაციის საფრთხეს უქმნის


შეერთებული შტატების სამხედრო სტრუქტურებში ერაყის ქალაქ ჰადიტაში დაახლოებით ექვსი თვის წინ მომხდარი ინციდენტის ირგვლივ ორი გამოძიება მიმდინარეობს.




გავრცელებული ცნობებით, იქ საზღვაო ქვეითმა ჯარისკაცებმა 24 მოქალაქე დახოცეს. პირველი გამოძიება იმის დადგენას ისახავს მიზნად, იყო თუ არა ეს განზრახ მკვლელობა; მეორე საქმე კი ცდილობს გამოიძიოს, შეეცადნენ თუ არა ამ ჯარისკაცთა ზედამხედველები ინციდენტის დამალვას. შეერთებულ შტატებში საზღვაო ქვეითებს საუკეთესოდ გაწვრთნილი და სამშობლოსთვის ყველაზე მეტად თავდადებული ჯარისკაცების რეპუტაცია აქვთ - შესაბამისად, ამერიკელებს უჭირთ იმის დაჯერება, რომ ასეთი სისასტიკე სწორედ მათ ჩაიდინეს.

აბუ ღრაიბის ციხეში პატიმართა წამების სკანდალის შემდეგ, ჰადიტაში მომხდარი ინციდენტი ერაყში შეერთებული შტატების სამხედრო ძალის წინააღმდეგ ყველაზე სერიოზულ ბრალდებას წარმოადგენს. გავრცელებული ცნობებით, 2005 წლის ნოემბერში იქ ამერიკელმა ჯარისკაცებმა 24 მოქალაქე, მათ შორის ქალები და ბავშვები, განზრახ დახოცეს.

შოკი მთელი ამერიკის მასშტაბით იგრძნობა. გაზეთები, სატელევიზიო და რადიოსადგურები ჰადიტის საქმის შესახებ ყოველდღე საუბრობენ. ამ თემას ეძღვნება თოკშოუები, სადაც ამერიკელები ტელეფონით რეკავენ და შეშფოთებას გამოთქვამენ.

შეშფოთება ამ კვირაში შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯორჯ ბუშმაც გამოთქვა:

[ბუშის ხმა] ”ძალიან მაშფოთებს ეს ამბავი. გამოძიება თანმიმდევრულად უნდა ჩატარდეს. თუ დამტკიცდება, რომ კანონი დაირღვა, დამნაშავეები დაისჯებიან.”

ბუშის ეს განცხადება ემთხვევა ამერიკის სამხედრო სტრუქტურების პოზიციას - რომ თუ მოქალაქეების მკვლელობა, მართლაც, მოხდა და ის განზრახ ჩაიდინეს, ეს ინციდენტი საზარელი გამონაკლისია და არ გამოხატავს საერთოდ ამერიკელი ჯარისკაცების ქცევას.

თუმცა, ამ განცხადებების ფონზე, ბრიტანეთის სამაუწყებლო კორპორაცია ავრცელებს ცნობას, რომ შეერთებული შტატების სამხედრო უწყებაში კიდევ ერთი გამოძიება დაიწყო. ჰადიტის საქმის მსგავსად, ეს გამოძიებაც ამერიკელი ჯარისკაცების მიერ მოქალაქეების დახოცვას ეხება. ამჯერად ლაპარაკია 11 ადამიანის, მათ შორის რამდენიმე ბავშვის, დახოცვაზე ქალაქ იშაქიში მარტის თვეში. სამხედროების ვერსიით, იქ ალ-ყაიდის წევრობაში ეჭვმიტანილის ხელში ჩაგდებას ცდილობდნენ, ხოლო ადამიანების სიკვდილი ცეცხლის გახსნის შედეგად სახლის ჩამონრევამ გამოიწვია. ერაყის პოლიცია კი ამბობს, რომ ამერიკელებმა მთელი ოჯახი ამოწყვიტეს და სახლი, სადაც ეს მოხდა, დაანგრიეს.

ამ საქმის შესახებ შეერთებული შტატების ოფიციალურ პირებს ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებიათ.

ჰადიტის საქმე კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, საყოველთაო განსჯის საგანია.

საქმის შინაარსი ასეთია: საზღვაო ქვეითების ვერსიით, მათი მანქანა გზაზე დამონტაჟებულ ბომბზე აფეთქდა, რასაც რამდენიმე მოქალაქის სიკვდილი მოჰყვა. თუმცა მარტში ამერიკულმა ჟურნალმა ”თაიმსმა” გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ მოქალაქეები ამერიკელი ჯარისკაცების ტყვიებით იყვნენ დახოცილები და არა ბომბის ნამსხვრევებით.

ჯეიმს კროუსანი ერთ-ერთი საზღვაო ქვეითია, რომელიც მაშინ ჰადიტაში იმყოფებოდა. ამერიკის ტელეკომპანია ენ-ბი-სისთვის მიცემულ ინტერვიუში მან თქვა, რომ ბომბის აფეთქებამ მისი მეგობარი მიგელ ტერაზასი მოკლა, ხოლო თავად დაიჭრა და უგონოდ იყო.

კროუსანის ვერსიით, როდესაც მისმა კოლეგებმა იფიქრეს, რომ ორი მეგობარი მოუკვდათ, მათ კონტროლი დაკარგეს:

[კროუსანის ხმა] ”პატრულირების დროს ადამიანებს სახლში არავინ უვარდება და მოქალაქეებს არ ხოცავს. ვფიქრობ, ისინი სიძულვილმა დააბრმავა, როდესაც დაინახეს, რომ მიგელი დაფლეთილია, მე კი უკანა ბორბლის ქვეშ ვარ ჩავარდნილი. მათ ვერ გაიგეს რა მოხდა და კონტროლი დაკარგეს.”

ზოგიერთი ამერიკელი - მაგალითად, დემოკრატი კონგრესმენი ჯონ მურთა - ფიქრობს, რომ ჰადიტის ინციდენტი ერაყში მყოფ ამერიკელ ჯარისკაცებზე განხორციელებულმა ზეწოლამ გამოიწვია:

[მურთას ხმა] ”ჩვენმა ჯარისკაცებმა ზეწოლას ვერ გაუძლეს და გადაჭარბებული რეაგირება მოახდინეს. მათ უდანაშაულო მოქალაქეები მიზანმიმართულად დახოცეს. გამოძიება სწორედ ამას გამოააშკარავებს.”

ჯონ მურთა ყოფილი საზღვაო ქვეითი და ვიეტნამის ომის ვეტერანია. თავის დროზე ის ერაყში სამხედრო ძალით შესვლის მომხრე იყო, თუმცა უკანასკნელი თვეების განმავლობაში ის ერაყის ომს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მან ამერიკას საერთაშორისო მასშტაბით შეულახა რეპუტაცია.

თუ ჰადიტის ინციდენტი დადასტურდება, ეს ამერიკელი ჯარისკაცების რეპუტაციას, ალბათ, კიდევ უფრო მეტ ზიანს მიაყენებს. ამ ეტაპზე ჰადიტის ინციდენტის ირგვლივ წარმოებული ორი გამოძიებიდან არც ერთი არ არის დასრულებული - თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, გარკვეული შედეგები უკვე მალე გახდება ცნობილი.
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG