Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას ელიან რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრისგან


13 ივნისს სანკტ-პეტერბურგში საქართველოს და რუსეთის პრეზიდენტები შეხვდებიან. შეხვედრის შესახებ გადაწყვეტილება პრეზიდენტებმა სატელეფონო საუბრისას მიიღეს,

სატელეფონო საუბარი კი ვლადიმირ პუტინის პრესსამსახურის ცნობით, მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით შედგა. ”პეტერბურგში გვექნება კონკრეტული, საქმიანი და პრინციპული საუბარი,”-აცხადებს დაგეგმილ შეხევდრასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტი. რას ელიან ამ შეხვედრისგან?


”რუსეთის გეგმაში არ შედის მის ფარგლებს გარეთ არსებული ტერიტორიების შეერთება. როცა ნატოს სამხედრო სტრუქტურა ჩვენი საზღვრების სიახლოვეს მოიწევს, ჩვენ ვრეაგირებთ და ვკითხულობთ: რატომ უნდა ხდებოდეს ეს დღევანდელ მსოფლიოში? ეს ხომ აღარ არის ორსისტემიანი მსოფლიო.”- ასეთი განცხადება რუსეთის პრეზიდენტმა ახლახან ჟურნალისტებთან შეხვედრაზე გააკეთა. იქვე მან ჩერნოგორიას ”საჩვენებელი მაგალითი” უწოდა და ისიც თქვა, რომ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობისთვის რთული ასახსნელია, რატომ არ შეუძლიათ საქართველოსგან გამოყოფა.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა თავის დროზე უარყო მოსკოვის წინადადება რუსეთის პრეზიდენტს სოჭში აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მეთაურებთან ერთად შეხვედროდა. ვლადიმირ პუტინს ის 13 ივნისს სანკტ-პეტერბურგში შეხვდება. ეს იქნება უმაღლესი დონის ორმხრივი შეხვედრა. “ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროები ორი კვირის მანძილზე ინტენსიურად მუშაობდნენ შეხვედრის თაობაზე შეთანხმების მისაღწევად. ჩვენის მხრივ, მზად ვართ რუსეთთან გვქონდეს ძალიან მჭიდრო, ძალიან კონსტრუქციული ურთიერთობა, ოღონდ ეს ურთიერთობა უნდა ეფუძნებოდეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აბსოლუტურ ხელშეუხებლობას,” - განაცხადა ამ დღეებში საქართველოს პრეზიდენტმა. მისი პოზიცია რუსეთთან საქართველოს ურთიერთობასთან დაკავშირებით ისეთია, როგორიც არაერთხელ გამოუხატავს:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] ”ჩვენ მზად ვართ ამ დიდ სახელმწიფოსთან გვქონდეს თანასწორუფლებიანი, ნორმალური ურთიერთობები და იმედია, რომ მათაც ეს სურთ. ჩვენ ის ქვეყანა აღარ ვართ, რაც ვიყავით 2-3 წლის წინ. ჩვენ არაფრის არ გვეშინია და არაფერზე ნერვებს არ მოვიშლით. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ჩვენი გზა, ჩვენი კურსი. ”

პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის თქმით, სანკტ-პეტერბურგში დაგეგმილ შეხვედრაზე წამყვან ადგილს კონფლიქტების თემა დაიკავებს. ქართველი ექსპერტების და პოლიტიკოსების აზრით, ამ შეხვედრიდან სულ მცირე პოზიტივი ორ ქვეყანას შორის დიალოგის რეჟიმის განახლება შეიძლება იყოს. საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკური ოპოზიციის ერთ-ერთი წარმომადგენელი, დავით გამყრელიძე, ფიქრობს, რომ საქართველოს პრეზიდენტს პუტინთან შეხვედრა დააგვიანდა კიდეც:

[დავით გამყრელიძის ხმა] ”მივესალმები ამ შეხვედრას. ეს დიდი ხნის წინ უნდა გაკეთებულიყო. პრეზიდენტი სააკაშვილი არის სახელმწიფოს მეთაური, ვალდებულია ყველა გზა გამონახოს, რომ დიალოგი აღდგეს და განიმუხტოს ორ სახელმწიფოს შორის არსებული დაძაბულობა.”

”დიდი რვიანის სახელმწიფოების მეთაურების შეხვედრის წინ პუტინს სჭირდება უფრო კონსტრუქციული გამოჩნდეს, საქართველოს კი სჭირდება რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობაში ტემპერატურის დაწევა,” - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მაია ნადირაძე. ”ტემპერატურის დაწევის სურვილი არ ნიშნავს, რომ საქართველო დათმობებზე წავა,” - დასძენს ის ნათქვამს. რუსი პოლიტოლოგები კი პუტინის და სააკაშვილის შეხვედრაზე საქართველოსგან სწორედაც რომ დათმობებს მოელიან. მაგალითად, ”დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნების ინსტიტუტის” თანამშრომლის მიხაილ ალექსანდროვის აზრით, კონფლიქტების მოწესრიგებაზე საუბარი მას მერე უნდა წარიმართოს, რაც საქართველო იტყვის, რომ არ შევა ნატოში. დასასრულს ერთი დეტალის შესახებ: სანტ-პეტერბურის შეხვედრის წინ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ უმრავლესობას და ოპოზიციას შესთავაზა ერთკვირიანი მორატორიუმი რუსეთის აუგად მოხსენიებაზე.
XS
SM
MD
LG