Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დგება დრო, როცა საქართველოს პარლამენტმა აფხაზეთში რუსეთის სამშვიდობო ძალების საქმიანობა უნდა შეაფასოს


აფხაზეთში რუსეთის სამშვიდობო ძალებისთვის საქართველოს პარლამენტის მიერ განსაზღვრული გამოსასწორებელი ვადა, შეიძლება ითქვას, ამოწურულია.

1 ივლისამდე საქართველოს მთავრობამ პარლამენტს უნდა მოახსენოს, ასრულებენ თუ არა აფხაზეთში სამშვიდობო ძალები მათზე დაკისრებულ მოვალეობას. თუ დასკვნა უარყოფითი იქნება, გასული წლის ცნობილი დადგენილების თანახმად, პარლამენტი მოითხოვს აფხაზეთში შეწყვეტილად გამოცხადდეს წლების მანძილზე მიმდინარე არაეფექტიანი სამშვიდობო ოპერაცია. მოლოდინი ერთია: საქართველოს პარლამენტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება უშედეგო სამშვიდობო ოპერაციის შეწყვეტილად გამოცხადების შესახებ. ალბათ, ამიტომაც იჩქარეს სოხუმში შეკრებილმა თვითგამოცხადებული რესპუბლიკების ლიდერებმა გადაწყვეტილების მიღება ერთობლივი სამშვიდობო ძალების ფორმირების თაობაზე.


საქართველოს პარლამენტის საგაზაფხული სესიის ამოწურვამდე დღეები რჩება.
ვარაუდობენ, რომ აფხაზეთში რუსეთის სამშვიდობო ძალების საქმიანობის შესახებ მთავრობის ინფორმაციის მოსასმენად, შემდეგ კი - შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად, საგანგებო სესია დაინიშნება. მთავრობის წევრები მოხსენებით პარლამენტის წინაშე 1 ივლისამდე უნდა წარდგნენ. პროცესების უარყოფითად შეფასებისა და უარყოფითი დასკვნის მიღების შემთხვევაში, საქართველოს პარლამენტი მოითხოვს, 2006 წლის 15 ივლისიდან შეწყვეტილად გამოცხადდეს აფხაზეთში მიმდინარე სამშვიდობო ოპერაცია. ზუსტად ასეთი პირობაა ჩადებული 2005 წლის ნოემბრის პარლამენტის დადგენილებაში. გასული წლის ნოემბერში აფხაზეთში მოქმედი სამშვიდობო ძალებისთვის მიცემული ერთგვარი გამოსასწორებელი ვადა თითქმის ამოიწურა. იმის შესახებ, შეცვალა თუ არა პრობლემისადმი საქართველოს დამოკიდებულება რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრამ, მთავრობისა და პარლამენტის წარმომადგენელთა განცხადებების მიხედვით უნდა ვიმსჯელოთ. ”თუ შეხვედრას პოზიტივი მოჰყვება, საქართველოს ხელისუფლება ამას მიესალმება. საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთის სამშვიდობო ძალების გაყვანა ჩვენი თვითმიზანი არ არის,” - განაცხადა ახლახან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ. აღნიშნულის მიუხედავად, სანკტ-პეტერბურგის დაბრუნების შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრმა ივარაუდა, რომ, შესაძლოა, მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება აფხაზეთიდან სამშვიდობო ძალების გაყვანის თაობაზე:

[გელა ბეჟუაშვილის ხმა] ”ჩვენ ღიად ვუთხარით ჩვენს რუს კოლეგებს, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში ხალხს აქვს თავისი აზრი და ამ აზრს გამოხატავს პარლამენტი. ჩვენ მივალთ პარლამენტში და ჩვენს სათქმელს ვიტყვით. მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ. შესაძლოა, მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება სამშვიდობო ძალების გაყვანის შესახებ. ”

ასეთი გადაწყვეტილება აუცილებლად რომ იქნება მიღებული, აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან რუსეთის სამშვიდობო ძალების გაყვანის პროცესი რომ აუცილებლად ბოლომდე მივა, ამის პირობა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ გივი თარგამაძემ თბილისში სტუმრად მყოფ რუს დეპუტატებს ჯერ კიდევ ამ წლის თებერვალში მისცა. ჩვენ შეგვიძლია გავიხსენოთ მაშინდელ შეხვედრაზე გაკეთებული განცხადება:

[გივი თარგამაძის ხმა] ” სამშვიდობო გეგმის განვითარებას ხელს უშლის სამშვიდობო ძალების კონტინგენტი. გიცხადებთ, როგორც საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, რომ ეს პროცესი აუცილებლად მივა ბოლომდე.”

მას შემდეგ რამდენიმე თვე გავიდა. საქართველოს მთავრობამ იმუშავა აფხაზეთის პრობლემის მოგვარების სამშვიდობო გეგმაზე. ამ გეგმის ძირითადი მოთხოვნები - გნებავთ, საქართველოს წინადადებები - გადაეცა აფხაზთა მხარეს და დგება გადაწყვეტილების მიღები დრო. “ეს პროცესი ცვლის კონფლიქტის მოწესრიგების დინამიკას და ჩვენ კარგად უნდა მოვემზადოთ ამისთვის,” - აცხადებს საგარეო საქმეთა მინისტრი გელა ბეჟუაშვილი. და მაინც, ბუნდოვანია, რა შეიცვლება, თუკი საქართველოს პარლამენტი მოითხოვს აფხაზეთში რუსეთის სამშვიდობო ოპერაციის შეწყვეტას, რა მექანიზმებით შეძლებს საქართველოს მთავრობა აფხაზეთიდან რუსეთის სამშვიდობო ძალების გაყვანას და მათი სხვა ძალებით ჩანაცვლებას.
საქართველოს პარლამენტში გადაწყვეტილების მიღებამდე კი, სოხუმში აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთისა და დნესტრისპირეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მეთაურებმა სამაგალითო უწოდეს რუსეთის სამშვიდობო ოპერაციებს, დაუშვებლად მიიჩნიეს ამ ოპერაციების შეწყვეტა და, ალბათ, ყოველი შემთხვევისთვის, ერთობლივი სამშვიდობო ძალების ფორმირებაზე შეთანხმდნენ.







XS
SM
MD
LG