Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორია დემოკრატიის ხარისხი საქართველოში?


გაზეთი “24 საათი” მოწინავე სტატიაში ყურადღებას ამახვილებს დასავლეთის ქვეყნებისა და საერთაშორისო დონორების მიერ ქართულ–ოსური კონფლიქტის

ზონის ეკონომიკური რეაბილიტაციის პროცესში რუსეთის, როგორც ანტიდონორის, როლზე. დონორთა კონფერენცია ბრიუსელში14 ივნისს გაიმართა. მასში მონაწილეობა 40–ზე მეტი ქვეყნის, ეუთოს, ევროკავშირისა და გაეროს წარმომადგენლებმა მიიღეს. რუსეთი კონფერენციაზე ქართულ–ოსური კონფლიქტის ზონის რეაბილიტაციისათვის 3 მილიონი ევროს გამოყოფისა და შემდგომი სამუშაო შეხვედრის მოსკოვში ჩატარების ინიციატივით გამოვიდა. გაზეთ “24 საათში” გამოთქმულია აზრი, რომ თავისი ინიციატივიანობით რუსეთმა პროცესის მონაწილეებს აშკარად მიანიშნა, რომ იგი ქართულ–ოსური კონფლიქტის ზონაში სამხედრო–პოლიტიკური და ფინანსური კონტროლის შენარჩუნებას მომავალშიც აპირებს. „საერთაშორისო თანამეგობრობისადმი ასეთი აშკარა უპატივცემულობა, რაც კონფერენციაზე რუსეთის მიერ ცხინვალში მივლენილმა და თავად რუსეთის წარმომადგენლებმა გაამჟღავნეს, ჯერ არსად მინახავს”, - განუცხადა გაზეთ “24 საათს” საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა გიორგი ხაინდრავამ.

ამავე გაზეთის დღევანდელ ნომერში დესპოტების ანტიამერიკულ ალიანსად შეფასდა 15 ივნისს გამართული შანხაის ორგანიზაციის სამიტი, რომელსაც დამკვირვებლის რანგში ესწრებოდა ირანის პრეზიდენტი. გაზეთი “24 საათი” შენიშნავს, რომ ამ ფაქტმა ამერიკის შეერთებული შტატების სერიოზული შეშფოთება გამოიწვია. გაზეთ „დეილი ტელეგრაფზე“ დაყრდნობით, “24 საათი” იუწყება, რომ შანხაის ორგანიზაციისა და ირანის თანამშრომლობას ვაშინგტონი ახალი ანტიდასავლური ალიანსის ფორმირების საფრთხედ განიხილავს. გაზეთი “24 საათი” კი, თავის მხრივ, შენიშნავს, რომ შანხაის ორგანიზაციის შორსმიმავალ გეგმებში უთუოდ ირანის გაწევრიანებაც შედის.

საერთაშორისო ორგანიზაცია “ფრიდომ ჰაუსის” მიერ აღმოსავლეთ ევროპისა და პოსტსაბჭოთა ქვეყნებში არსებული დემოკრატიის ხარისხის თაობაზე გაკეთებულ დასკვნას თავის ფურცლებზე გაზეთი “რეზონანსი” ასახავს. “გარდამავალ პერიოდში მყოფი ერები – 2006” – ასე ჰქვია კვლევას, რომლის თანახმად, საქართველოში სიტუაცია, დემოკრატიის თვალსაზრისით, შედარებით გაუმჯობესებულია. აღნიშნულ შეფასებას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან ქართველი ექსპერტები. აი, რა უთხრა ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრის დირექტორმა უჩა ნანუაშვილმა “რეზონანსის” კორესპონდენტს: “ ‘ფრიდომ ჰაუსი’ ორმაგი სტანდარტებით თამაშობს. ის ცდილობს გარკვეულწილად აღიაროს ამერიკის როლი და წვლილი ფერად რევოლუციებში და, აგრეთვე, ცდილობს, რომ ასეთ ქვეყნებში, განსაკუთრებით საქართველოში, არ დაფიქსირდეს წარუმატებლობა. უბრალოდ, საქმე ის არის, რომ ორგანიზაცია მთლიანად სახელმწიფო დეპარტამენტისა და ამერიკის მთავრობის მიერ კონტროლდება. ანუ შეიძლება ითქვას, რომ “ფრიდომ ჰაუსი” ამერიკის ხელისუფლების ერთგვარი რუპორია.“

“ფრიდომ ჰაუსის” შვიდბალიანი შკალით, საქართველოში დემოკრატიის ხარისხი 4,9 ბალით შეფასდა.

დღესვე გაზეთ “რეზონანსში”, ისევე როგორც თითქმის ყველა ბეჭდურ გამოცემაში, გამოქვეყნდა საქართველოში მოღვაწე ინვესტორის ჰუსეინ ალის “ღია წერილი საქართველოს პრეზიდენს”. წერილის ავტორი მიხეილ სააკაშვილს სთხოვს დაეხმაროს იმ ინვესტიციის დაბრუნებისათვის ბრძოლაში, რომელიც მან ჩადო შეზღუდული პასუხისმგებლობის საწარმოში „საქართველოს თამბაქო“. ბიზნესმენის ინფორმაციით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ზოგიერთი წევრის საქმიანობა უშუალოდ იქითკენაა მიმართული, რომ უცხოელმა ინვესტორებმა საქართველოსადმი ნდობა საბოლოოდ დაკარგონ. ბიზნესმენი მიხეილ სააკაშვილს აუდიენციის დანიშვნას სთხოვს, რათა საქართველოს არ შეელახოს საინვესტიციო იმიჯი და სტრასბურგის ნაცვლად, თბილისშივე მოგვარდეს საწარმოსთან დაკავშირებული სადავო საკითხები.
XS
SM
MD
LG